ახალი ამბები

ლონდა თოლორაია: სახელმწიფო მეტად ჩაერევა ადამიანების პირად სივრცეში

9 ივნისი, 2022 • 1307
ლონდა თოლორაია: სახელმწიფო მეტად ჩაერევა ადამიანების პირად სივრცეში

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ეხმაურება პარლამენტის მიერ ფარულ მიყურადებაზე მიღებულ კანონს და აცხადებს, რომ ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო კანონის სახელით უფრო მეტად ჩაერევა ადამიანების პირად სივრცეში, რაც მისი თქმით, აუარესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტს.

თოლორაიას თქმით, ცვლილებების განსაკუთრებით საგანგაშოა იმის ფონზე, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მოსმენების ფაილები მასშტაბურად ჟონავს, ამ დრომდე არ არის ცნობილი გამოძიების შედეგები 2021 წელს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, 10-დან 8 კი ქვეყანაში არ ენდობა სასამართლო ხელისუფლებას (ვინც გასცემს თანხმობას ფარულ მოსმენაზე).

თოლორაია აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურა (ვინც ვალდებულია შეატყობინოს ფარული მოსმენის შესახებ იმ პირს, ვისაც უსმენდნენ) ამ ფუნქციას შეფერხებით ასრულებს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (და მისი წინამორბედის – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის) მიერ საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული შემოწმებებით,თოლორაიას თქმით, მუდმივად ვლინდებოდა ხარვეზები და პრობლემები ამ მიმართულებით.

ამასთან, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ყოფნა და რამდენად ქმედითია ფარული მოსმენების კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ამ ეტაპზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელშია, მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტში არსებული „ნდობის ჯგუფის“ (რომლის ფუნქცია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის კონტროლია) მუშაობა და მის ხელთ არსებული კონტროლის მექანიზმები არაეფექტურია:

„მაშინ, როცა წლებია ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (რომელსაც აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია – შეაჩეროს საქართველოს პარლამენტი, როდესაც ის გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან) გადაწყვეტილებას ძალიან მნიშვნელოვან ე.წ. მოსმენების საქმეზე – რომ უთხრას საქართველოს პარლამენტს, როგორი უნდა იყოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები და მისი მონიტორინგის მექანიზმები, მაშინ, როცა საზოგადოებაში ტოტალურად არის განწყობა, რომ ,,ყველას გვისმენენ”

საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც გააფართოვა სახელმწიფოს უფლებამოსილება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. მიღებულ იქნა კანონი, რომლითაც სახელმწიფო უფრო მეტად უფათურებს (კანონის სახელით) ხელს ადამიანების პირად სივრცეში და აუარესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტს. მივიღეთ კანონი კვლავ კონსულტაციებისა და ფართო დისკუსიების გარეშე (ეს უკვე საპარლამენტო საქმიანობის ჩვეულებრივ ფორმად იქცა, რაც დემოკრატიისთვის არ არის დამახასიათებელი)“, – ამბობს ლონდა თოლორაია.

მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო საქმიანობა ძალიან დაშორდა ევროპულ სტანდარტებს და ასეთი კანონები, რომელიც დიდ დისკრეციას ითვალისწინებს, გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა ხელში, თოლორაიას შეფასებით, ძალიან საშიშია, რასაც წარსული გამოცდილებებიც ადასტურებს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, სამართალდამცველ უწყებებს მნიშვნელოვნად ეზრდებათ ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ფარული მიყურადების განხორციელების ვადები.

ფარულ მოსმენებზე სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი