ახალი ამბები

ნატოს კვირეული: ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის შეხვედრა ჟურნალისტებთან

29 ოქტომბერი, 2015 •
ნატოს კვირეული: ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ნატოს კვირეულის ფარგლებში, დღეს ნატოში საქართველოს მისიის ახლანდელ და ყოფილ ხელმძღვანელებთან, ალექსანდრე მაისურაძესა და ლევან დოლიძესთან მედიის წარმომადგენლებისათვის შეხვედრა მოეწყო.

 

შეხვედრაზე დიპლომატებმა საქართველო-ნატოს ურთიერთობები მიმოიხილეს. ისაუბრეს ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული ჩანაწერის მნიშვნელობასა და იმ პერსპექტივებზე, რომლებსაც მომავალი ვარშავის სამიტი საქართველოს უსახავს.

 

ალექსანდრე მაისურაძე მიმდინარე დინამიკას დადებითაც აფასებს და აცხადებს, რომ ის თანამშრომლობის პაკეტი, რომელსაც ნატო ამჟამად საქართველოს სთავაზობს, მისაღებია, რადგან მეტწილად ნატოს სამოქმედო გეგმა დროის კონკრეტულ მონაკვეთზე, გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და ქვეყნის სამშვიდობო მდგომაროებაზეა დამოკიდებული.

 

“ამიტომ არ არსებობს ნატოში გასაწევრიანებლად ქვეყნებისათვის კონკრეტული გეგმა,”- აცხადებს მაისურაძე.

 

ლევან დოლიძემ ასევე ისაუბრა მედიის როლზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ნეგატივზე ორიენტირებული კრიტიკა ინტეგრაციის პროცესს აზარალებს და ჟურნალისტებს უფრო მეტი პროფესიონალიზმი და დაკვირებულობა მოეთხოვებათ.

 

დისკუსია არაფორმალურ ფორმატში წარიმართა და მას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე უძღვებოდა.

 

ნატოს კვირეული საქართველოში მერვედ ტარდება. კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება. კვირეული 8 ნოემბერს მინიფეხბურთის მედიატურნირით, “ნატოს თასის” გათამაშებით დასრულდება.

 

ალექსანდრე მაისურაძე, ელენე გოცაძე და  ლევან დოლიძე
ალექსანდრე მაისურაძე, ელენე გოცაძე და ლევან დოლიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი