“ევროსკოპის” NATO-ს ოფიციალურ პირს ჰკითხა, როგორ აფასებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი საქართველოში NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დახურვას.
ოფიციალური პირის პასუხის თანახმად, ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქართველ ხალხს მეტი ფაქტობრივი ინფორმაცია სჭირდება ალიანსისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ.
მისივე თქმით, ცენტრი საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში NATO-სა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან.
“შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქართველ ხალხს სჭირდება მეტი ფაქტობრივი ინფორმაცია ალიანსის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. 2005 წლის შემდეგ, როდესაც ცენტრი შეიქმნა, რეგიონული და ადგილობრივი ოფისების ქსელების ჩათვლით, ის საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში NATO-სა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან. ცენტრი ღირებული პარტნიორია NATO-ს სახალხო დიპლომატიის სექციისთვის და NATO-ს სამეკავშირეო ოფისისთვის საქართველოში სახალხო დიპლომატიის ინიციატივების განსახორციელებლად, ქვეყნის რეგიონების მასშტაბით. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში. ეს სტრატეგიული მიზანი ასევე დევს საქართველოს კონსტიტუციაში”, – უპასუხა NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა “ევროსკოპს”.
NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა 4 ივნისს დაადასტურა, რომ ცენტრის ფუნქციებს სამომავლოდ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. აქამდე ზემოხსენებული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით არსებობდა.
ნატოსა და EU-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრი უქმდება და “სამინისტროს შეერწყმება”