“მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დადგნენ რუსთავი 2–ის, მთავრობისგან დამოუკიდებელი ერთადერთი მედიის სადარაჯოზე. დაიცავით თქვენი სიტყვის დამოუკიდებლობა, ხვალ პირველი საათიდან დადექით ჩვენს გვერდზე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესის შედეგად დადასტურდა, რომ მოსამართლე ურთმელიძის ხელში “სასამართლო დასამარდა”, რუსთავი 2 დატოვებული იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლების და დაცვის უფლების გარეშე, რადგან ადვოკატებს დაცვის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ.
გვარამიას განცხადებით, მოსამართლე ურთმელიძე, რომელმაც ხვალ, 11:00 საათისთვის ჩანიშნა სხდომა, გამოიტანს უკანონო გადაწყვეტილებას და არსებობს რისკი, რომ გამოსცემს დაუყოვნებლივ აღსრულების ბრძანებას.
“არსებობს რისკი, რომ სპეცდანიშნულების რაზმს ვიხილავთ რუსთავი 2–ის ეზოში, სპეცრაზმი ყაზარმულზეა გადაყვანილი და ელოდება ბრძანებას, რომლის ობიექტი იქნება რუსთავი 2.
მხარი დაუჭირეთ საკუთარ თავს, საკუთარი შვილების მომავალს და ამ ქვეყნის თავისუფალ განვითარებას. დღეს, ხვალ, ზეგ წყდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამ ქვეყნის მომავალი გადის რუსთავი 2–ზე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.