იურისტ კახა წიქარიშვილის მიერ 2 ოქტომბერს გასაჯაროებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ხსნის სქემას, როგორ მოახერხა 2017 წელს სასამართლოს გამოყენებით მმართველმა გუნდმა იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული, გავლენიანი და კრიტიკული ტელეკომპანიის, რუსთავი 2-ის მაშინდელი მფლობელებისთვის ჩამორთმევა ისე, რომ თან სტრასბურგშიც გარანტირებული მოგება გაინაღდა.

ვინ არის ბესარიონ ალავიძე?

ბესარიონ ალავიძე არის 49 წლის ყოფილი მოსამართლე. ის მოსამართლედ 2009 წლიდან მუშაობდა. უზენაესი, ანუ ყველაზე მაღალი ინსტანციის მოსამართლე კი 10 წელი იყო და სამოქალაქო დავებს განიხილავდა. მის ხელში არაერთ გახმაურებულ ბიზნესდავას გაუვლია. ყველაზე ცნობილი და ალბათ მნიშვნელოვანი კი სწორედ რუსთავი 2-ის საქმე იყო.

“წინასწარ ვიცოდი”

ბესარიონ ალავიძის თქმით,  რუსთავი 2-ზე დავის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე, წინასწარ იცოდა, რომ ამ ტელევიზიის მიმართ ხელისუფლებას ჰქონდა ინტერესი და აპირებდა მის მითვისებას სასამართლოს გზით. მოსამართლის თქმით, ეს მას უთხრეს ე.წ. კლანის წევრმა გავლენიანმა მოსამართლეებმა, როდესაც აბსოლუტურად სხვა სამართლებრივ დავაზე (რუსთავის მეტალურგიული ქარხანა) სთხოვდნენ ხელისუფლებისთვის მისაღები განაჩენის გამოტანას. ალავიძის თქმით, სწორედ ჩინჩალაძისა და მისი თანამოაზრეებისაგან შეიტყო, რომ 2012 წლის არჩევნებით მოსული ხელისუფლება ჯერ “იმედის”, ხოლო შემდეგ რ2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას აპირებდა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

“კლანად” მოიხსენიებენ გავლენიან ჯგუფს სასამართლოში, რომელსაც ხელმძღვანელობენ მოსამართლე მიხელ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე. არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, ეს ჯგუფი ჯერ ნაციონალური მოძრაობის დროს იყო გავლენიანი და არაფორმალურად ხელმძღვანელობდა სასამართლოს, ხოლო მთავრობის შეცვლის შემდეგ  პოზიცია შეიცვალეს და “ქართულ ოცნებასთან” დალაგდნენ. კლანში მოაზრებული მოსამართლეები კატეგორიულად უარყოფენ რაიმე არაფორმალური გავლენიანი ჯგუფის არსებობას და აცხადებენ, რომ თეორია არასამთავრობოებმა და კრიტიკულმა მედიამ შეთხზა სასამართლოსთვის სახელის გასატეხად. კლანის არსებობას ადასტურებს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძეც. მეტიც, ის ირწმუნება, რომ კონკრეტულ საქმეებზე კლანის ლიდერები მასაც სთხოვდნენ ხელისუფლებისთვის მისაღები განაჩენის გამოტანას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს კლანის ლიდერებად მოაზრებული მოსამართლეები დასანქცირებული ჰყავს.

რ2-ის დავის მოკლე ქრონოლოგია

რუსთავი 2-ზე სამოქალაქო დავა ქიბარ ხალვაშმა 2015 წელს დაიწყო. ამავე პერიოდში ხალვაშის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ ტელეკომპანიის ქონება დააყადაღა.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე რუსთავი 2-ის საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს არხის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ. ისინი რ2-ის წილებს ქიბარ ხალვაშზე ადრე ფლობდნენ, თუმცა მათი განცხადების პასუხად გამოძიებას რეაგირება არ ჰქონია.

რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის დავას. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანიის წილის 100 პროცენტი მას მიაკუთვნა, ანუ არსებულ მფლობელებს ტელევიზია ჩამოართვა.

პირველ ინსტანციაში დავა არაერთი სკანდალის ფონზე მიმდინარეობდა. მოქმედი მფლობელები ურთმელიძის აცილებას სხვადასხვა საფუძვლით ითხოვდნენ. მათ შორის ერთ-ერთი საფუძველი გახმაურებული და ცნობილი ფრაზით დასრულდა. როგორც გაირკვა, იმ დროისთვის პროკურატურა აპირებდა ბრალი წაეყენებინა მოსამართლე ურთმელიძის მოხუცი დედისთვის, რომელსაც ბრალად ედებოდა საკუთარი სიძის ნაჯახით დაჭრა. მოქმედი მფლობელების შეფასებით, მოსამართლე ურთმელიძე პროკურატურას ჰყავდა გამოჭერილი და მას დედის თავისუფლებით აშანტაჟებდნენ. სწორედ მაშინ ითქვა მოსამართლის მხრიდან, რომ დედა ოფიციალურად და კანონის თანახმად ოჯახის წევრი არ არისო.

პირველი ინსტანციის შემდეგ საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა და იქაც ქიბარ ხალვაშმა მოიგო.

ამის შემდეგ, 2017 წელს, დავა წარიმართა მესამე და საბოლოო ინსტანციაში, ანუ უზენაეს სასამართლოში, საიდანაც უკვე ბესარიონ ალავიძე პირდაპირ ჩაერთო მის განხილვაში.

უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის დავას თავდაპირველად 3-კაციანი კოლეგია განიხილავდა. ესენი იყვნენ:

  • ბესარიონ ალავიძე
  • ეკა გასიტაშვილი
  • პაატა ქათამაძე

2 ოქტომბერს გასაჯაროებულ ვიდეოში ალავიძე ამბობს, რომ სამივე მოსამართლეს ერთი აზრი ჰქონდა. მათი შეფასებით, წინა ინსტანციებში დავა არსებითი დარღვევების ფონზე წარიმართა ამიტომ ის უნდა დაბრუნებულიყო ქვედა ინსტანციაში და თავიდან დაწყებულიყო მასზე მსჯელობა.

ზეწოლა

ალავიძის თანახმად, იკვეთება რამდენიმე აქტორი და უწყებაც კი, ვინც რ2-ის საქმესთან დაკავშირებით მათ პირდაპირ დაუფიქსირა ინტერესი. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, ვინც ალავიძის მიხედვით მათ პირდაპირ უთხრა, რომ საქმე ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო და თანაც სწრაფად, უზენაესი სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იყო. მეტიც, ალავიძე ირწმუნება, რომ გვენეტაძემ ეკა გასიტაშვილს მუქარის შემცველი სიტყვებიც კი უთხრა მასზე და პაატა ქათამაძეზე:”ტვინს გაასხმევინებენო”.

ყოფილი მოსამართლე აცხადებს, რომ რ2-ის საქმეზე ხალვაშის სასარგებლოდ აქტიურობდა უზენაესის კიდევ ერთი მოსამართლე მზია თოდუა. ის სამოქალაქო პალატის თავმჯდომარე იყო. სწორედ ეს პალატა განიხილავდა ამ საქმეს. მზია თოდუა უზენაეს სასამართლოში მოხვედრამდე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართუს” სტრუქტურებში და პარტია “ქართული ოცნებისთვის” ფულიც კი აქვს შეწირული. მას ბესარიონ ალავიძე ხატავს ადამიანად, რომელსაც კლანისგან დამოუკიდებლად, პირდაპირი კავშირი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან და სხვა მოსამართლეებთან სწორედ ექსპრემიერის გზავნილებს, მოთხოვნებსა თუ დავალებებს ახმიანებდა.

ამ ორი ადამიანის გარდა, ალავიძის თანახმად, ხალვაშის სწრაფი გამარჯვებით დაინტერესებული იყო სასამართლო კლანი: ჩინჩალაძე და მურუსიძე. მისი თქმით, ჩინჩალაძემ, რომელიც იმ დროს ამავე სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე იყო, რ2-ის საქმის განმხილველ 3 მოსამართლეს თავისი თანაშემწეც გაუგზავნა, რომელიც დაინტერესდა, “რას აპირებდნენ” ამ საქმეზე?

ზეწოლა სავარაუდოდ მიმდინარეობდა სასამართლო სისტემის მიღმაც. ალავიძის თქმით, მასთან პირდაპირ კავშირზე გავიდა სუსი. ალავიძე იხსენებს, რომ სახლში მიაკითხა სუს-ის თანამშრომელმა და უწყების პოზიცია გადასცა, რომ ეს საქმე ქიბარ ხალვაშს უნდა მოეგო, სანაცვლოდ კი ჰპირდებოდნენ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას, ფულს – იმდენს, რამდენსაც თვითონ მოითხოვდა და ასევე პირობას დებდნენ, რომ თუ მის განაჩენს ქვეყანაში მღელვარება და აქციები მოჰყვებოდა, ისინი უცხოეთში გაუშვებდნენ ოჯახთან ერთად დასასვენებლად და როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდებოდა, შემდეგ დააბრუნებდნენ.

ალავიძის თანახმად, მას ეუბნებოდნენ კონკრეტულ თარიღს, 2017 წლის 5 აგვისტოს. ამ დროისთვის 3-კაციან კოლეგიას უნდა მიეღო გადაწყვეტილება და რ2-ის მოქმედი მფლობელების სარჩელი განუხილველად უნდა დაეტოვებინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქიბარ ხალვაში საბოლოოდ გაიმარჯვებდა. აგვისტოში გადაწყვეტილების მიღება იმიტომ იყო მნიშვნელობანი, რომ დასვენების სეზონის გამო ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ განაჩენი შედარებით უხმაუროდ ჩაივლიდა.

მოსამართლე ამბობს, რომ ზეწოლების მიუხედავად, კოლეგიის სამივე წევრი შეთანხმდა, რომ ისინი ამ საქმეს განუხილველად არ დატოვებდნენ და მასზე მსჯელობას გამართავდნენ, რაც იმით დასრულდებოდა, რომ დავას ისევ ქვედა ინსტანციაში დააბრუნებდნენ. ალავიძია თქმით, მათი თხოვნით ანონსი იმის შესახებ, რომ პალატა საქმეზე მსჯელობას აპირებდა, ინტერნეტშიც განათავსა IT-ის თანამშრომელმა.

ეს კი, ალავიძის თქმით, იმ ადამიანებისთვის, ვინც ხელისუფლების დავალებით ქიბარ ხალვაშის ინტერესებს ლობირებდნენ, სრულიად მიუღებელი იყო. მისი თქმით, მზია თოდუამ უთხრა, რომ თუ ქიბარის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ იღებდნენ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეეძლოთ, საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა იყო. დიდი პალატა 9 წევრისაგან შედგება და იქ იმედი ჰქონდათ, რომ მინიმუმ 5 წევრს გამოძებნიდნენ, ვინც მათ სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ბესარიონ ალავიძის თქმით, ამ ყველაფერს თან ახლდა მუქარებიც, რომ ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიოდნენ, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა მათ მიერ სამსახურის დაკარგვა, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება და ა.შ. მოსამართლე ირწმუნება, რომ ის IT-ის თანამშრომელი, რომელმაც ვებგვერდზე მცირე პალატის ანონსი დადო, სამსახურიდან გაუშვეს, ხოლო მათი კოლეგიის წევრები ოთახში ჩაკეტეს. მოსამართლის თქმით, გასაღებით კარები ჩაუკეტეს და ღამის პირველ საათამდე ოთახიდან არ უშვებდნენ, სანამ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქმეს დიდ პალატას გადასცემდნენ.

ჩაკეტილ ოთახში ყოფნის დროს, როგორც ირკვევა, მოსამართლეები ფანჯრიდან გადაძრომას და პირდაპირ ტელევიზიაში წასვლას აპირებდნენ სიმართლის სათქმელად, ასევე მსჯელობდნენ გეგმაზე, რომ ერთად საჯაროდ დაეტოვებინათ სასამართლო კორპუსი, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა ხმაური საზოგადოებაში და ა.შ. თუმცა საბოლოოდ ხელისუფლების ნებას დაჰყვნენ და საქმე დიდ პალატას გადასცეს.

დიდ პალატაში საქმეს უკვე 9 მოსამართლე განიხილავდა:

  • ნინო გვენეტაძე (სასამართლოს თავმჯდომარე),
  • ბესარიონ ალავიძე,
  • ეკა გასიტაშვილი,
  • პაატა ქათამაძე,
  • ზურაბ ძლიერიშვილი,
  • ვასილ როინიშვილი,
  • მაია ვაჩაძე,
  • გიორგი შავლიაშვილი,
  • მზია თოდუა.

ბესარიონ ალავიძის თანახმად, თავდაპირველად მხოლოდ 4 მოსამართლე უჭერდა მხარს, რომ საქმე ქიბარ ხალვაშს მოეგო. ესენი იყვნენ:

  • ნინო გვენეტაძე,
  • ვასილ როინიშვილი,
  • მაია ვაჩაძე,
  • მზია თოდუა.

მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი, ალავიძის თანახმად, ყოყმანობდა, თუმცა საბოლოოდ ნინო გვენეტაძის ოთხეულს მიემხრო და კონფიგურაცია დალაგდა 5-4-ზე ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ.

სტრასბურგის სასამართლოს ფაქტორი

5 მოსამართლის ხმა იმას ნიშნავდა, რომ უზენაეს სასამართლოში საქმეს ქიბარ ხალვაში მოიგებდა, ანუ ხელისუფლებამ თავისას მიაღწია, თუმცა, ბესარიონ ალავიძის თანახმად, ეს ბოლომდე ასე მაინც არ იყო. მისი თქმით, სუს-ის წარმომადგენელი, რომელიც მასთან იყო კონტაქტზე, ეუბნებოდა, რომ გადაწყვეტილება 9 მოსამართლეს ერთხმად უნდა მიეღო, განსხვავებული აზრის დაწერის გარეშე. რატომ? ალავიძე ამბობს, რომ თუ საქმე სტრასბურგში 5-4-ზე წავიდოდა, ანუ 4 მოსამართლე დაწერდა განსხვავებულ აზრს, ხელისუფლებაში შიშობდნენ, რომ სტრასბურგი ამ გადაწყვეტილებას გააუქმებდა და ქიბარ ხალვაშის გამარჯვება წყალში გადაიყრებოდა.

ალავიძის თქმით, სუს-ის წარმომადგენელი სთავაზობდა “პირველ პირთან” შეხვედრასაც, რომელიც ისეთ რამეს ეტყოდა მოსამართლეს, რომ მას გაუჭირდებოდა სხვა გადაწყვეტილებას მიღება. ასევე ეუბნებოდა სუს-ის პოზიციას, რომ საქმე სტრასბურგშიც “დალაგებული” ჰქონდათ, მთავარია, გადაწყვეტილება ევროპულ სასამართლოში ერთხმად წასულიყო.

ის, რომ სუსი ნამდვილად იყო კონტაქტზე მოსამართლე ალავიძესთან, 2022 წელს აღიარებული და დადასტურებული აქვს სუს-ის უფროსის მაშინდელ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მაშინდელმა მოადგილემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, “არაერთი ზეწოლის შემდეგ” ვერ დაითანხმა ალავიძე, მიეღო მმართველი პარტიისთვის სასურველი გადაწყვეტილება “რუსთავი2”-ის საქმეზე, პროცესში სუსი ჩართო.

“ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ – სუსი.

ჩვენ ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება – ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა.

ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში- პრობლემების შექმნით”, — ამბობდა გოგაშვილი.

მისივე თქმით, სუს-ში მოიძებნა თანამდებობის პირი, რომელიც ალავიძეს დიდი ხნის მანძილზე იცნობდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდა. როგორც გოგაშვილი წერს, სწორედ ამ პირს დაევალა ალავიძესთან შეხვედრა და მისი დარწმუნება.

“შეხვედრა შედგა რამდენჯერმე, ხდებოდა ამ შეხვედრის აუდიოჩაწერა, ოფიცერს ჩანაწერი მოჰქონდა ჩემთან და მე მას ვუგზავნიდი ჩინჩალაძეს”, — აღნიშნავს გოგაშვილი.

ბესარიონ ალავიძე 2 ოქტომბერს გავრცელებულ ჩანაწერში არ ასახელებს სუს-ის იმ ოფიცრის სახელსა და გვარს, რომელიც მასთან იყო კონტაქტზე, თუმცა საინტერესო დეტალს ახსენებს. მისი თქმით, მისი თანამოაზრე მოსამართლის, პაატა ქათამაძისა და მის სახლში მოულოდნელად მიიტანეს იმ დროს უკრაინაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სახელით გამოგზავნილი წერილი, სადაც ექსპრეზიდენტი მათ მედგრად ბრძოლისთვის მადლობას უხდიდა და მომავალში პრივილეგიებს ჰპირდებოდა. მოსამართლეებმა  ამავე შინაარსის სმს ტელეფონზეც მიიღეს.

ალავიძემ და ქათამიძემ ითათბირეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სახეზე იყო, მათი აზრით, პროვოკაცია არა სააკაშვილის მხრიდან, არამედ “ქართული ოცნებიდან”. სცენარი ასეთი იყო: თუ ისინი ბოლომდე წინააღმდეგობას გააგრძელებდნენ, დააბრალებდნენ სააკაშვილის აგენტობას და დაიწყებდნენ მათ წინააღმდეგ პროპაგანდისტულ და შესაძლოა სამართლებრივ ბრძოლასაც. ალავიძის თქმით,  ეს წერილები სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს უჩვენეს, რომელმაც მაშინვე უთხრა, რომ არაფერი ეთქვათ საჯაროდ და წერილები დაეხიათ, ვითომ არ მიგიღიათო. ალავიძის თქმით, სწორედ ამან აფიქრებინა, რომ ამ წერილების უკან არა სააკაშვილი, არამედ სუსი იდგა. ამის მიუხედავად, მოსამართლეებმა პროკურატურას მიმართეს და მოითხოვეს ფაქტის გამოძიება. ეს ამბავი კონკრეტიკის გარეშე მაშინ მედიაშიც გავრცელდა.

ბესარიონ ალავიძე ასევე ირწმუნება, რომ, წესით, დიდი პალატის შემადგენლობაში ვასილ როინიშვილის მაგივრად უნდა ყოფილიყო სასამართლოს თავმდჯომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე, თუმცა ამაზე უარი თქვა და მოითხოვა როინიშვილის ჩასმა. ალავიძე ფიქრობს, რომ ჩინჩალაძე ორმაგ თამაშს თამაშობდა: არ უნდოდა თავისი სახელის გასვრა ისეთ საქმეში, რომელიც პოტენციურად მის კარიერას დაღს დაასვამდა და შავი ლაქა იქნებოდა ისეთ შემთხვევაში, თუ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლებოდა.

საბოლოოდ, ბესარიონ ალავიძის განცხადებით, დიდ პალატაში კენჭისყრა ჩატარდა და შედეგები, როგორც მოსალოდნელი იყო, 5-4-ზე დაჯდა. რაზეც ის მოსამართლეები, რომლებსაც ამ საქმეში ხალვაშის გამარჯვება სურდათ, ძალიან აღელდნენ: “დაიწყეს რეკვების და გზავნილების გაშვებები”. მისი თქმით, მოსამართლე გასიტაშვილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ამოსაბეჭდად წავიდა, რა დროსაც მისმა თანამოაზრე პაატა ქათამაძემ უთრა, რომ აპირებდა პოზიციის შეცვლას და რადაგან მაინც ვერ გაიტანეს თავიანთი გადაწყვეტილება, არ ფიქრობდა, რომ განსხვავებული აზრის დაწერას აზრი ჰქონდა. ალავიძის თქმით, მას ეს ძალიან გაუკვირდა. მოსამართლე ირწმუნება, რომ ქათამაძეს მისთვის მანამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ მილიონს სთავაზობდნენ. საბოლოოდ, როგორც ალავიძის მონათხრობიდან ირკვევა, პაატა ქათამაძის მხრიდან პოზიციის შეცვლამ მათ ოთხეულში დაბნეულობა გამოიწვია და სხვებიც დათანხმდნენ ისეთი გადაწყვეტილების ერთხმად მიღებას, რაც რ2-ის წილის 100 პროცენტს ქიბარ ხალვაშს აკუთვნებდა.

დასაბუთება ანუ რა შუაში არიან ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი…

ბესარიონ ალავიძის თანახმად, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი იყო არა ის, რომ ცხრავე მოსამართლეს ერთხმად მიეღო გადაწყვეტილება, არამედ ისიც, რას ჩაწერდნენ გადაწყვეტილების დასაბუთებაში. რატომ? რუსთავი 2-ის წილებზე პრეტენზიას არა მხოლოდ ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომელიც “ოცნების” მიმართ ლოიალობას ავლენდა, არამედ არხის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალურობით არ გამოირჩეოდნენ, პირიქით. ისინი ხალვაშზე ადრე ფლობდნენ ამ ტელევიზიას და თუ ვინმემ ვინმეს რამე წაართვა ენმ-ის ხელისუფლების დროს, უსამართლობის ჯაჭვის გასწორება სწორედ მათგან უნდა დაწყებულიყო.

ალავიძის თქმით, კლანის ინტერესი იყო, რომ დაწერილიყო ისეთი დასაბუთება, რომლითაც რ2 ქიბარ ხალვაშს ისე გადაეცემოდა, რომ იმავე სამართლებრივი არგუმენტებით დვალსა და აქიმიძეს სასამართლოში პრეტენზია ვერ დაეფიქსირებინათ.

“არსებობს საფრთხე, რომ დვალმა და აქიმიძემ შეიძლება მოითხოვონ თავიანთი წილებიო, აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება ისე უნდა დაიწეროს, რომ ქიბარ ხალვაშთან ჩაიკეტოს დავა ხანდაზმულობის კუთხითო. ამას ამბობდნენ ნინო გვენეტაძე და მზია თოდუა. ასევე გვენეტაძის მოთხოვნა იყო, გადაწყვეტილებაში ჩაწერილიყო, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა წაართვა ქიბარ ხალვაშს ტელევიზია. შემდეგ, როგორც მახსოვს, ეს ჩანაწერი ჩინჩალაძეს არ მოეწონა, რეჟიმში მეც ვიგულისხმებიო და ეგ ჩანაწერი ამოვიღეთ”, – აცხადებს ბესარიონ ალავიძე.

მოსამართლის თქმით, მათ განჩინებაში მაინც გააპარეს ერთი ჩანაწერი, რომლითაც დვალსა და აქიმიძეს უტოვებდნენ  სამომავლოდ დავის შესაძლებლობას და ხანდაზმულობას, თუმცა, როგორც ცნობილია, რ2-ის დამფუძნებელებმა ზუსტად ხალვაშისნაირი სარჩელით მართლაც მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს წილების დაბრუნება, მაგრამ სასამართლომ მათ ეს არ დაუკმაყოფილა.

ალავიძეს სასამართლო ხელისუფლებიდან უპასუხეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ბესარიონ ალავიძეს სასამართლო სისტემის გაშავება „მისმა პატრონებმა“ დაუკვეთეს, რათა არჩევნების წინ ტემპერატურა აეწია.

თავად დიმიტრი გვრიტიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. მოსამართლეების კლანის წევრად მოიაზრებენ.

დიმიტრი გვრიტიშვილი ბესარიონ ალავიძეს „ქართული ოცნებისადმი“ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ აქტივისტს უწოდებს და ამბობს, რომ პირადი წყენის და უკანონოდ დაპირებული სარგებლის სანაცვლოდ დაეთანხმა ყოფილი კოლეგების წინააღმდეგ წარმოებული, ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად, რუპორად ქცევას.

„ისევ მიწევს, საზოგადოებას შევახსენო რამდენიმე ფაქტი მორიგი არჩევნების წინ, უკვე კანონზომიერად, გააქტიურებული ბესარიონ ალავიძის შესახებ, რომელიც არ ერიდება თავისი ყოფილი კოლეგების და სასამართლო სისტემის მიმართ უსინდისო ცილისწამებას.

ბესარიონ ალავიძე 2021 წლამდე მოსამართლე იყო, ჯერ სააპელაციო სასამართლოში, 2011 წლიდან კი – საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

მისი მოსამართლეობის პერიოდში, მე არ მახსოვს – ოდესმე ხმა ამოეღოს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ წარმოებული, ორკესტრირებული კამპანიის გასაპროტესტებლად; არადა, თუ მართლაც ისეთი ობიექტური, უშიშარი და სიმართლისმოყვარეა, როგორადაც თავს წარმოაჩენს, სწორედ მაშინ უნდა დაეცვა პროფესიული ღირსება.

ახლა კი, დღე არ გავა, ხანაც – ერთ დღეში შესაძლოა რამდენჯერმეც რომ არ გამოაქვეყნოს სოციალური ქსელის მეშვეობით საკუთარი, სიძულვილის ენით ჩამოყალიბებული ,,მოსაზრებები“, რომლებშიც ლანძღავს ლამის ყველას და ყველაფერს.

მისი ,,გაბრაზება“ ადვილად აიხსნება: 2021 წელს მოინდომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსის შენარჩუნება, საჯარო კონკურსში მონაწილეობის გზით, რომელშიც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, კრახი განიცადა: ჯერ კიდევ მოქმედმა მოსამართლემ, საჯარო გასაუბრებისას ვერ უპასუხა მისთვის დასმულ 20-ზე მეტ სამართლებრივ შეკითხვას.

სწორედ ამ კონკურსის მისთვის სამარცხვინოდ დასრულების შემდეგ, ბესარიონ ალავიძე დაუსრულებლად წუწუნებს და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეები (თვითონ ისიც) განიცდიან (განიცდიდა) ზეწოლას ე.წ. კლანის მხრიდან“, – აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.

ალავიძის მონაყოლს უარყოფს ნინო გვენეტაძეც.

“კარგით რა, ამაზე არასდროს შემაწუხოთ. ივანიშვილს ერთადერთხელ ვარ შენახვედრი, ახლა გინდათ, რომ ეს დღეს, დასვენების დღე რომაა, ნერვები ამიშალოთ. არ მაინტერესებს არაფერი, მინდა მშვიდად გადავიტანო ეს დასვენების დღე.  რას ლაპარაკობთ (არ ვიღებდი მითითებებს ივანშვილისგან), ბესო ალავიძეს ჰკითეთ, იტყუება თუ არა. წყნარად იყავით და ნუ მომიშლით ნერვებს. რა “რუსთავი 2″-ის საქმე, რა ალავიძე”, – ამბობს ნინო გვენეტაძე ტვ პირველის ცნობით. 

ალავიძის განცხადებებს აბსურდი უწოდა მოსამართლე ლევან მურუსიძემაც.

„რუსთავი 2-ის“ საქმეს მე მოვაწერე ხელი? რას ლაპარაკობთ. რომელი იძულებით მოხდა, სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ძალაში დატოვა. რას ნიშნავს რაღაცა ჩემი იძულებით, რაღაცას ხელს აწერ, მოსამართლე ხარ, ხომ?! ერთი კითხვა რატომ არ დაუსვეს, ანუ თუ რაღაც ასეთი წინააღმდეგი იყავი, რატომ მოაწერე ხელი, ვინ შეაშინა?… რა სიცოცხლის მოსპობის [მუქარა]…  3 წლის წინ განაცხადა ეს და ღერი თმა ჩამოუვარდა? 3 წელი თბილისში დადიოდა, საერთოდ შევხვედრივარ, გადავყრილვართ? არჩევნები რომ არის, უბრალოდ დაგჭირდათ რაღაც, ხომ და, შესაბამისად, ეს თემა წამოწიეთ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, სასამართლო გახდა დამოუკიდებელი. მე მიმუშავია ადრეც და მიმუშავია ახლაც“, – აცხადებს ლევან მურუსიძე.

ნეტგაზეთი ალავიძის მიერ დასახელებულ სხვა პირებისგანაც ცდილობს საპასუხო კომენტარების მოპოვებას.

სად არიან ახლა ის პირები, ვისზეც ალავიძე საუბრობს?

გიორგი შავლიაშვილის, ნინო გვენეტაძისა და მზია თოდუას გარდა, ყველა ის მოსამართლე, ვისაც ალავიძე თავის ჩანაწერში ახსენებს, კვლავ სასაართლო სისტემაში მუშაობს. პაატა ქათამაძე 2020 წელს, მას შემდეგ, რაც უზენაეს სასამართლოში ვადა ამოეწურა, სააპელაციო სასამართლოშიი დანიშნეს. ეკა გასიტაშვილს უზენაეს სასამართლოში ათწლიანი ვადა ჯერ არ ამოწურვია, თუმცა მალე ეწურება. ჩინჩალაძე უვადო მოსამართლეა სააპელაციო სასამართლოში. რაც შეეხება სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილს, ის დააკავეს და საპატიმრო სასჯელი მიუსასჯეს მას შემდეგ, რაც ღიად დაიწყო ხელისუფლების კრიტიკა და მამხილებელი მასალების გასაჯაროება. ნინო გვენეტაძე სასამართლოს თვმჯდომარეობიდან გადადგა და მოსამართლის მანტიაც დატოვა, როგორც თვითონ თქვა, ჯანმრთელობის მდგომაროების გამო. თუმცა, ალავიძის განცხადებით, ეს რეალური მიზეზი არ ყოფილა და მისი ინფორმაციით, გვენეტაძეც ზეწოლებით დაიღალა.

მტკიცებულებები?

შეუძლია თუ არა მონაყოლის მტკიცებულებებით გამყარება ბესარიონ ალავიძეს?  ახლა ეს არის ალბათ მთავარი კითხვა. ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ აქვს პირდაპირი მტკიცებულება, სადაც ჩანს, როგორ ახდენს კლანი მასზე ზეწოლას კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად. ალავიძე სავარაუდოდ გულისხმობს ვიდეო ან აუდიოჩანაწერს, თუმცა მისი გასაჯაროებისაგან ჯერ თავს იკავებს და აცხადებს, რომ მედიას იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ კლანი ან “ქართული ოცნება” მის წინააღმდეგ სამართლებრივ ან რაიმე სხვა სახის დამაზიანებელ ნაბიჯს გადადგამს. გარდა ამისა, ალავიძე 2 ოქტომბრის ჩანაწერში ამბობს, რომ მათ მოსამართლე მზია თოდუამ გადასცა იმ გადაწყვეტილების დრაფტი, რომელიც 3-კაციან კოლეგიას უნდა “დაეწერა” (უფრო სწორად, ხელი მოეწერათ ტექსტისთვის) განაჩენის სახით ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ. ის ამბობს, რომ ეს დრაფტი სავარაუდოდ შენახული აქვს.

ბესარიონ ალავიძის საკანდლურ ჩანაწერს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ამავე თემაზე

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან