ახალი ამბები

მოსამართლე რუსთავი 2-ის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს

22 ოქტომბერი, 2015 • • 1150
მოსამართლე რუსთავი 2-ის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს

დღევანდელ სხდომაზე რუსთავი 2-მა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, მათგან დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა საგაზეთო პუბლიკაციების საქმიდან ამოღებას, რაც წარდგენილი ჰქონდათ ქიბარ ხალვაშის ადვოკატებს. საგაზეთო პუბლიკაციები წარდგენილი იყო მტკიცებულად იმის შესახებ, რომ ხალვაში იყო რუსთავი 2-ის კეთილსინდისიერი შემძენი.


“საქმეში აღარ არის მტკიცებულება, რომლითაც ობიექტური მისამართლისთვის შესაძლებელი იქნებოდა დღევანდელი მესაკუთრეებისთვის რუსთავი 2-ის წილების ჩამორთმევა. აქამდეც, რაც წარმოდგენილი იყო, მათი კეთილსინდისიერების საწინააღმდეგოდ, იყო რაღაც ყვითელი პრესიდან ამონარიდები, ფოტო ქსეროასლები. მხარეს არ წარმოუდგენია დედნები ამ დოკუმენტაციის, შესაბამისად, ეს გაურკვეველი წარმოშობის თარიღის და შინაარსის ფოტოასლები ამორიცხული იქნა საქმიდან. შესაბამისად, არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ დღევანდელი მესაკუთრეები არ არიან კეთილსინდისიერი შემძენები, გარდა ქიბარ ხალვაშის პირადი მონათხრობისა, რომელსაც მისი წარმომადგენლები ახმოვანებენ, არ არსებობს”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა, ყარამანიშვილების ადვოკატმა. 

რუსთავი 2-ის ადვოკატები შუამდგომლობით დღეს ასევე ითხოვდნენ ექსპერტიზის დასკვნის ამოღებას საქმიდან, რაც წარდგენილი აქვს ქიბარ ხალვაშის დაცვის მხარეს. რუსთავი 2-ის ადვოკატების თქმით, ეს ექსპერტიზის დასკვნა ეფუძნება ყალბ დოკუმენტაციას, რადგან ის ეყრდნობა ერთი პირის გამოკითხვას, რომელიც ხალვაშის ადვოკატების თქმით, 2006-07 წლებში რუსთავი 2-ის მთავარ ბუღალტრად მუშაობდა, რასაც უარყოფენ რუსთავი 2-ის ადვოკატები. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.


“დაგვრჩა ერთი ე.წ. ექსპერტის დასკვნა, რომელიც ეფუძნება ყალბ დოკუმენტს. ჩვენ ამას მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე დავადასტურებთ და სხვა ამ საქმეში არანაირი მტკიცებულება აღარ არსებობს. შესაბამისად, მე მინდა დავამაშვიდო ყველა ქომაგი, ყველა გულშემატკივარი რუსთავი 2-ისა, რომ ჩვენ ამ საქმეში, როგორც გეუბნებოდით, აუცილებლად გავიმარჯვებთ,” – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

 

მოსარჩელე მხარემ დღევანდელ პროცესზე თავისი ახსნა-განმარტებები ჩამოაყალიბა. პაატა სალიას სიტყვა დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. რადგანაც სამუშაო დროის დასრულებამდე, 18:00-მდე, 20 წუთი იყო დარჩენილი, მოპასუხე მხარის თხოვნის საფუძველზე მოსამართლემ მათი სიტყვა ორშაბათისთვის გადადო.


 

ქიბარ ხალვაშის სარჩელი რუსთავი 2 -თან დაკავშირებით


ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2- თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში  სარჩელი  2015 წლის 4 აგვისტოს შეიტანა.  


ამ სარჩელით, რომელსაც 7 მოპასუხე ჰყავს  [1. შპს ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია 2. შპს გეო ტრანსი 3. ლევან ყარამანაშვილი 4. გიორგი ყარამანაშვილი 5. შპს “ტელეკომპანია საქართველო” 6. ნინო ნიჟარაძე  7. შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”],  ხალვაში ითხოვს სასამართლომ ბათილად ცნოს 2005 და 2006 წლებში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2”-ის  60% , რომელსაც ხალვაში ფლობდა და  “რუსთავი 2 -ის” 40%, რომელსაც  ხალვაშის კომპანია შპს “პანორამა” ფლობდა, გადავიდა  შპს “საქცემენტის” [ამჟამინდელი ჰაიდელბერგცემენტის] და შპს “გეო-ტრანსის” საკუთრებაში. სარჩელის მიხედვით, რუსთავი 2 -ის 100% ამ ორი კომპანიის საკუთრებაში, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში, გადავიდა 268 997 $ -ად, თუმცა მოსარჩელის განცხადებით, ეს მოხდა იძულებით და ფიქტიურად, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა არ  მიუღია.


მოსარჩელე ხალვაში ითხოვს “რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის , შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის და შპს “პანორამას” გამოცხადებას.


გარდა ამისა  ხალვაში ითხოვს:

 

  1. აღიარებულ იქნეს “რუსთავი 2″-ის ლოგოს ავტორად;

  2. გადაცემების ბოიარდის სასახლე, უკანასკნელი გმირის და ჯეობარის ავტორად;

  3. დაეკისროს რუსთავი 2 -ს ლოგოს უნებართვო გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის  ანაზღაურება 200 ათასი აშშ დოლარის  ექვივალენტი ლარში ოდენობით;

  4. დაეკისროს რუსთავი 2-ის მხარეს მიყენებული ზიანის [მიუღებელი შემოსავლის] ანაზღაურება 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.


2015 წლის 17 სექტემბერს ქიბარ ხალვაშმა დამატებითი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 18 მილიონი ლარის ოდენობით. ხალვაშის მტკიცებით, მან ვერ მიიღო ის მოგება, რასაც იღებენ დღეს ტელეკომპანიის დღევანდელი მფლობელები.


სარჩელზე თანდართული დოკუმენტებით, რუსთავი 2-ის 60%, რომელსაც პაატა კარსანიძე ფლობდა, 2004 წლის 16 ივნისს გადავიდა ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში. ეს წილი სწორედ იმავე დღეს გახდა პაატა კარსანიძის საკუთრება – მანამდე 30%-ს დავით დვალი, 30%-ს კი ჯარჯი აქიმიძე ფლობდნენ.


რუსთავი 2-ის 30%, რომელსაც ეროსი კიწმარიშვილი ფლობდა და რუსთავი 2-ის 10%, რომელსაც ნიკა ტაბატაძე ფლობდა, გადავიდა შპს “პანორამას” საკუთრებაში.


სარჩელში მითითებული არ არის რამდენი გადაიხადეს ქიბარ ხალვაშმა ან კარსანიძემ რუსთავის 2-ის წილებში.


საქმის განვითარება


2015 წლის აგვისტოში ქიბარ ხალვაშმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ქონების დაყადაღების გარდა, სასამართლომ  დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.

 

 

 

1 ოქტომბერს  ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ  ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილებიც დააყადაღა.  

 

ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა “ტელეკომპანია საქართველოს” წილის გასხვისება, რაც  იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.

 

 

 

საჯარო რეესტრში 29-30 სექტემბერს განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.

 

 

 

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.

 

 

 

ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ გრაფიკით უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით.

 

 

 

“ტელეკომპანია საქართველოს” მეწილეების ეს ცვლილება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა 29-30 სექტემბერს ტექნიკური ხარვეზის მიზეზით, რასაც ყადაღა მოყვა და მფლობელების ცვლილება ვეღარ განხორციელდა.


რუსთავი 2 -ის შეფასება


2015 წლის 1 ოქტომბერს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ფაქტობრივი დახურვა.


მან განმარტა, რომ , “ტელევიზია არის კონსიგნაციური ბიზნესი და  როცა სარეკლამო დროს ყიდის, რამდენიმე თვის შემდეგ იღებს შემოსავლებს.  გვარამიას თქმით, ამ რამდენიმეთვიანი  პაუზის ამოსავსებად იყენებდნენ საბანკო მომსახურებას [კრედიტების და ოვერდრაფეტებს], განსაკუთრებით აგვისტოსა და საახალწლო პერიოდების შემდეგ. თუმცა მას შემდეგ, რაც  აგვისტოში სასამართლომ დააყადაღა რუსთავი 2-ის წილები, ეს შესაძლებლობა შეეზღუდათ, ხოლო 1 ოქტომბერს შპს “ტელეკომპანია საქართველოს” დაყადაღებით ხელისუფლებამ რუსთავი 2 “მოუსპო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა.


ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს არის ხელისუფლების ზეწოლა მედიაზე და ქიბარ ხალვაშის უკან დგას ხელისუფლება და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.


არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების შეფასება


2015 წლის აგვისტოშივე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ

 

სასამართლოს განჩინება რუსთავის 2 -ის წილების დაყადაღებაზე  “არ შეესაბამება დასაბუთების იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ დგას არა მხოლოდ ორი კერძო სუბიექტის ინტერესი, არამედ ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე”.  


კიდევ შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ  “სამართლებრივი საკითხების პარალელურად გასათვალისწინებელია, რომ საქმე ეხება საქართველოში ყველაზე რეიტინგულ კერძო ტელეკომპანიას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ადანაშაულებდა მოქმედ ხელისუფლებას ტელეარხზე პოლიტიკურ ზეწოლაში” და რომ  “არსებულ რეალობაში „რუსთავი 2“ ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ინფორმირებისა და კრიტიკული აზრის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად, მის საქმიანობაში ნებისმიერი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან ტელეკომპანიაზე გავლენის მოხდენის ეჭვებს წარმოშობს.”

 

რუსთავი 2-თან დაკავშირებული სარჩელი სასამართლოში და თანმდევი ქმედებები [წილების დაყადაღება და ასე შემდეგ] ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა [ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, ლეიბორისტული პარტია და სხვა] შეაფასეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად  კრიტიკულად განწყობილ რეიტინგულ მედისაშუალებაზე და განაცხადეს, რომ, ეს არ წარმოადგენს დავას ორ სუბიექტს შორის.


ანალოგიურად ფიქრობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების და მოქალაქეების ნაწილი, რომლთა აზრითაც დღეს რუსთავი 2-ის დაცვა ნიშნავს დემოკრატიის და პლურალიზმის დაცვას საქართველოში და ისინი რუსთავი 2-ს მხარდაჭერას უცხადებენ.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი