#რუსთავი2 -ის დირექტორი უკვე მთავარ პროკურატურაში იმყოფება. პროკურატურის შენობაში შესვლამდე ნიკა გვარამიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ის ჩვენების მიცემისას იმ ადამიანის ვინაობის დასახელებას აპირებს, ვინც მას ინფორმაცია მიაწოდა მუქარის შესახებ.
Posted by netgazeti.ge on Thursday, October 22, 2015
ნიკა გვარამიამ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დღეს, 22 ოქტომბერს გამოიტანს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილებას, რომელიც ითხოვს ტელევიზიის წილის დაბრუნებას. მისივე თქმით, გუშინ მასთან მივიდა პირი, რომელიც მანამდეც აწვდიდა მთავრობაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას და აცნობა ეს ინფორმაცია სასამართლოს შესახებ და თან გადასცა, რომ თვითონ გარიდებოდა ამ პროცესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობიდან შემოუთვალეს, რომ მას ჰყავს ოჯახის წევრები და მასზე არსებობს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები.
“რაც შეეხება იმას, რის თქმასაც ვაპირებ, რომ დავასახელო ის ადამიანი, ვინც ეს ინფორმაცია მოიტანა. ის არ მემუქრებოდა, სწორად რომ იყოს გაგებული. ის ინფორმაციის მომტანი იყო მთავრობისგან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მან ეს გააკეთა. ეს ადამიანი ასეთად წარმოადგინა ირაკლი ღარიბაშვილმა 2013 წლის ბოლოს. ამ ადამიანს მე ვიცნობ. ვენდობი მას. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს და მას მთავრობასთანაც აქვს ურთიერთობა. ამიტომ ორმხრივად მისაღები იყო ეს ადამიანი ჩვენთვის და ამიტომაც ის იყო მესენჯერი ჩვენ შორის. ეს არ არის მაღალი თანამდებობის პირი,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამია მთავარ პროკურატურაში საია-ს იურისტ ლევან ვეფხვაძესთან ერთად მივიდა.
რუსთავი 2-ის დირექტორის მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე – დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 150-ე მუხლის პირველი ნაწილით. დღევანდელ დაკითხვაზე გვარამია დაასახელებს იმ პირს, რომელმაც გუშინ მას ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.