საუბარია ოფშორულ კომპანიებზე – “დეგსონ ლიმითედი” და “ჩემექსიმ ინტერნეშენალი”. ადვოკატის განმარტებით, ლევან და გია ყარამანიშვილებმა რუსთავი 2-ის წილები სწორედ ამ კომპანიებისაგან შეიძინეს და სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კომპანიების უფლებებზეც მოახდენს გავლენას: კერძოდ, თუ ყარამანიშვილებს წილები ჩამოერთმევათ, გაუჩნდებათ უფლება ზიანის ანაზღაურებისათვის მიმართონ ამ კომპანიებს, რადგან წილები მათგან იყიდეს.
საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტების მიხედვით, 2011 წლის 6 დეკემბერს გიორგი გეგეშიძემ, როგორც “დეგსონ ლიმითედის” წარმომადგენელმა, საკუთარ თავს, როგორც ფიზიკურ პირს, გაუფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება “რუსთავი 2″–სა და “მზეში” 10–10%–იანი წილების ყიდვის თაობაზე, თუმცა რა ფასად, ეს ხელშკრულებაში მითითებული არაა.
ამავე დღეს არის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ ლევან ყარამანიშვილმა იყიდა (უცნობია – რამდენად) “დეგსონ ლიმითედის” დარჩენილი 45%–იანი წილი “მზეში” და 20%–იანი წილი “რუსთავი 2″–ში.
იმავე წლის 6 დეკემბერსვე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება შპს “ჩემექსიმ ინტერნეშენალსა” (წარმომადგენელი რამაზ ბერიძე) და ლევან ყარამანიშვილს შორის, რომლითაც ამ უკანასკნელმა 30%–იანი წილი იყიდა “რუსთავი 2″– ში და 45%–იანი წილი “მზეში”, თუმცა ამ შემთხვევაშიც უცნობია – რამდენად.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა ყარამანიშვილების ადვოკატის ეს მოთხოვნა. მისი თქმით, ეს შუამდგომლობა დროის გაჭიანურებას ემსახურება, რადგან ეს მოთხოვნა არც მოსამზადებელ და არც მთავარ სხდომაზე გადასვლის შემდეგ არ დაუყენებიათ.
საქმე, რომელსაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, ეხება ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, რომლითაც სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა. ხალვაში “რუსთავი 2″–ისგან 500 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციას, ასევე ამჟამინდელი მეწილეების, პარტნიორების საკუთრების გაუქმებას და მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის 60%-იანი და შპს “პანორამის” 40%–იანი წილების ცნობას ითხოვს. ამ მოთხოვნებს კიდევ 18 მილიონი აშშ დოლარი დაემატა, რომელსაც ხალვაში რუსთავი 2-ისგან კომპენსაციის სახით ითხოვს.
აგვისტოში ხალვაშმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ქონების დაყადაღების გარდა, სასამართლომ დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.
1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილებიც დააყადაღა.
ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა “ტელეკომპანია საქართველოს” წილის გასხვისება, რაც იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.
საჯარო რეესტრში 29-30 სექტემბერს განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.
ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ გრაფიკით უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით.
“ტელეკომპანია საქართველოს” მეწილეების ეს ცვლილება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაყადაღების შემდეგ მეწილეები ვეღარ შეიცვლება.
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ფაქტობრივი დახურვა.
დღევანდელი სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობებთან ტელევიზიის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.