ახალი ამბები

კალაძე: აშკარად ჩანს პრეზიდენტის მხრიდან ზეწოლა მოსამართლე ურთმელიძის მიმართ

22 ოქტომბერი, 2015 •
კალაძე: აშკარად ჩანს პრეზიდენტის მხრიდან ზეწოლა მოსამართლე ურთმელიძის მიმართ

“პრეზიდენტის განცხადება არ მომისმენია, თუმცა წავიკითხე და მინდა გითხრათ, რომ აშკარად ჩანს მისი მხრიდან ჩარევა, ზეწოლა მოსამართლის მიმართ, რადგან ის მოუწოდებს მოსამართლეს, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. თუ რას ნიშნავს ეს, ჩემთვის გაუგებარია და მე მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს, განმარტებები გააკეთოს ამასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ეს. ეს არის პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა მოსამართლის საქმიანობაში.


ჩვენ ამ დროის განმავლობაში ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, აშკარად იკვეთება, რომ ეს არის დავა ქიბარ ხალვაშს და ნაციონალურ მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ამიტომ მე, როგორც თანამდებობის პირი, თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან ჩემი განცხადება შეიძლება გამოყენებული იქნას ზეწოლად ან მიმხრობად”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე
კახა კალაძე

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განიხილავს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, კერძოდ, ხალვაში ითხოვს ტელევიზიის წილის დაბრუნებას. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ მასთან მივიდა ტელევიზიაში პირი, რომელიც ადრეც აწვდიდა ხელისუფლებიდან ინფორმაციას და აცნობა, რომ დღეს ურთმელიძე მიიღებდა ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილებას და დღესვე გამოსცემდა დაუყოვნებლივ აღსრულების ბრძანებას. ტელეკომპანიამ მხარდამჭერებს მოუწოდა დახმრებისკენ, მხარდამჭერები დღეს დილიდან შეკრებილი არიან როგორც სასამართლოს, ისე ტელევიზიის შენობებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი