ახალი ამბები

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან მხარდამჭერები იკრიბებიან

22 ოქტომბერი, 2015 •
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან მხარდამჭერები იკრიბებიან

ტელეკომპანიის შენობის წინ დამონტაჟებულია ეკრანი, რომელიც რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერის ტრანლაციას ახორციელებს. 

რუსთავი 2-ის მხარდამჭერები ტელევიზიის შენობასთან, 21.10.2015. ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი
რუსთავი 2-ის მხარდამჭერები ტელევიზიის შენობასთან, 21.10.2015. ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

ტელეკომპანიის ეზოში შეკრებილებს შორის არის ადვოკატი გიორგი ონიანი, რომელმაც ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ შეკრებილი მოქალაქეები უნდობლობას უცხადებენ სასამართლოს, რადგან მისი თქმით, მოსამართლე არის ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ. ონიანი ამბობს, რომ მოქალაქეები ყველა ბერკეტს გამოიყენებენ ტელევიზიის დასაცავად.

 

“ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, რომელიც გამოუყენებია ყველა ცივილიზებულ ერს, როდესაც ხელისუფლება გასულია კანონის ჩარჩოდან,” – განაცხადა ონიანმა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდეც რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ვერ აღასრულებენ.

რუსთავი 2-ის მხარდამჭერები ტელევიზიის შენობასთან, 21.10.2015. ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი
რუსთავი 2-ის მხარდამჭერები ტელევიზიის შენობასთან, 21.10.2015. ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ ივანიშვილს სურს დაიქვემდებაროს მედია, რადგან “მისი რეპუტაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ ნულს უტოლდება”. რატიანის განცხადებით, მოსამართლე ივანიშვილის ნაკარნახევ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ამიტომ მოქალაქეები დაიცავენ რუსთავი 2-ს.


“ის ტყუილი, რომელსაც ხელს მოაწერს მოსამართლე, არ უნდა იქნას განხორციელებული,” – განაცხადა სერგო რატიანმა. 

რუსთავი 2-ის მხარდამჭერები ტელევიზიის შენობასთან, 21.10.2015. ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი
რუსთავი 2-ის მხარდამჭერები ტელევიზიის შენობასთან, 21.10.2015. ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10:00 საათიდან დაიწყო რუსთავი 2-ის საქმის განხილვა. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ მოსამართლე დღეს გამოიტანს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მან მასზე განხორციელებული მუქარისა და შანტაჟის შესახებაც ისაუბრა.

 

 

 

საქმე ეხება ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, რომლითაც სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა. ხალვაში “რუსთავი 2″–ისგან 500 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციას, ასევე ამჟამინდელი მეწილეების, პარტნიორების საკუთრების გაუქმებას და მესაკუთრეებად  ქიბარ ხალვაშის 60%-იანი და შპს “პანორამის” 40%–იანი წილების ცნობას ითხოვს. ამ მოთხოვნებს კიდევ 18 მილიონი აშშ დოლარი დაემატა, რომელსაც ხალვაში რუსთავი 2-ისგან კომპენსაციის სახით ითხოვს.

 

 

 

აგვისტოში ხალვაშმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ქონების დაყადაღების გარდა, სასამართლომ  დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.

 

 

 

1 ოქტომბერს  ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილებიც დააყადაღა.

 

 

 

ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა “ტელეკომპანია საქართველოს” წილის გასხვისება, რაც  იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.

 

 

 

საჯარო რეესტრში 29-30 სექტემბერს განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.

 

 

 

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.

 

 

 

ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ გრაფიკით უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით.

 

 

 

“ტელეკომპანია საქართველოს” მეწილეების ეს ცვლილება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაყადაღების შემდეგ მეწილეები ვეღარ შეიცვლება.

 

 

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ფაქტობრივი დახურვა.

 

 

 

დღევანდელი სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობებთან ტელევიზიის მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი