“ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ამავე პირმა მას მოუწოდა არ იაქტიუროს მოვლენების განვითარებისას და შეახსენა, რომ მისი ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებიან, ასევე, მასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ვიდეოკადრები და აუდიოჩანაწერები, რომლებიც გამოქვეყნდება მისი მხრიდან არასასურველი ქცევის დაფიქსირების შემთხვევაში.
როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გამოძიება წარიმართოს მიუკერძოებლად, სრულყოფილად, სწრაფად და ეფექტურად, ხოლო საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია მის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს აღნიშნულ პროცესს და იმედოვნებს, რომ საქართველოს პროკურატურა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოძიების სათანადოდ წარმართვისათვის”, – აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.