ახალი ამბები

რუსთავი 2 მოსამართლეს აცილების მორიგი შუამდგომლობით მიმართავს

22 ოქტომბერი, 2015 • • 1122
რუსთავი 2 მოსამართლეს აცილების მორიგი შუამდგომლობით მიმართავს

რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ამისთვის გამოვლინდა ახალი გარემოებები:

 

“კერძოდ, როგორც ვიცით, გავრცელდა საჯაროდ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მოსამართლე იყოს უკანონო გარიგებაში სააქციო საზოგადოება თელასის იურიდიული სამსახურის უფროსთან მიმართებაში, შესაბამისად, ეს იწვევს იმის ეჭვს, რომ სასამართლო ვერ სარგებლობს იმ სანდოობით და მოსამართლე არ უფრთხილდება სასამართლო პრესტიჟს, შესაბამისად, ეს საზოგადოების თვალში სასამართლოს, როგორც ინსტიტუციის დაკნინებაა და რუსთავი 2-ს არ გააჩნია ნდობა სასამართლო სისტემისადმი.

 

ასევე, გავრცელდა მეორე ინფორმაცია საჯაროდ მოსამართლის სავარაუდო კავშირების შესახებ კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით. როდესაც ის იხილავს დავებს ამ კომერბანკებთან მიმართებაში და პარალელურად მას აქვს ფინანსური ურთიერთობა ამ ბანკებთან. ეს არის 2 ახალი გარემოება და დამატებით ის გარემოება, როდესაც წინა სხდომაზე ჩვენ მოსამართლემ. არ დაგვიკმაყოფილა მოთხოვნა მტკიცებულების წარდგენის თაობაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ მოსამართლე გადახრილია მოსარჩელე მხარისკენ და ის არის მიკერძოებული”.

 

თამთა მურადაშვილის თქმით, თუ მოსამართლე აცილების შესახებ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, მათ დღეს კიდევ რამდენიმე შუამდგომლობა აქვთ. ასევე, დასაკითხია ექსპერტი.

 

“დავკითხავთ მოწმეს, შევეცდებით დავუსვათ მას მწვავე კითხვები და გამოვავლინოთ ყველა ის გარემოება, რომელიც ცხადყოფს ამ სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას,” – განაცხადა მან.

თამთა მურადაშვილი
თამთა მურადაშვილი

დღეს, 10:00 საათისთვისაა ჩანიშნული სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ მოსამართლე დღეს გამოიტანს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მან მასზე განხორციელებული მუქარისა და შანტაჟის შესახებაც ისაუბრა.


საქმე ეხება ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, რომლითაც სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა. ხალვაში “რუსთავი 2″–ისგან 500 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციას, ასევე ამჟამინდელი მეწილეების, პარტნიორების საკუთრების გაუქმებას და მესაკუთრეებად  ქიბარ ხალვაშის 60%-იანი და შპს “პანორამის” 40%–იანი წილების ცნობას ითხოვს. ამ მოთხოვნებს კიდევ 18 მილიონი აშშ დოლარი დაემატა, რომელსაც ხალვაში რუსთავი 2-ისგან კომპენსაციის სახით ითხოვს.


აგვისტოში ხალვაშმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ქონების დაყადაღების გარდა, სასამართლომ  დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.


1 ოქტომბერს  ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილებიც დააყადაღა.


ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა “ტელეკომპანია საქართველოს” წილის გასხვისება, რაც  იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.


საჯარო რეესტრში 29-30 სექტემბერს განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.


საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.


ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ გრაფიკით უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით.


“ტელეკომპანია საქართველოს” მეწილეების ეს ცვლილება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაყადაღების შემდეგ მეწილეები ვეღარ შეიცვლება.


რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ფაქტობრივი დახურვა.


დღევანდელი სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობებთან ტელევიზიის მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი