ახალი ამბები

კვაჭანტირაძე: “რუსთავი 2”-ის გარშემო მოვლენებს წინა ხელისუფლების რევანშისტული ნაწილი ძაბავს

26 ოქტომბერი, 2015 • • 999
კვაჭანტირაძე: “რუსთავი 2”-ის გარშემო მოვლენებს წინა ხელისუფლების რევანშისტული ნაწილი ძაბავს

კვაჭანტირაძე დღეს გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს იმის შესახებ, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ მოვლენების დაძაბვას, შეგნებულად და უპასუხისმგებლოდ, ინსპირირებას უკეთებს ყოფილი ხელისუფლების რევანშისტული ნაწილი.

 

კვაჭანტირაძის აზრით, სახეზეა მცდელობა, რომ კერძო სამოქალაქო დავა ყველა გზით და საშუალებით, მათ შორის სამართლებრივ სივრცეს აცდენილი ქმედებებით, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ.

 

“ჩვენ არასოდეს გავურბოდით მწვავე დებატებს და ჩართვებს რუსთავი 2-ის ეთერში, შეუზღუდავად ვთანამშრომლობდით მაუწყებელთან და არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რათა ხელოვნურად, წინა რეჟიმის მსგავსად შეგვეზღუდა მედიის ფუნქციონირება. ასევე გაგრძელდება მომავალშიც. საბედნიეროდ, ამ პროცესებს ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც და გარდა კეთილმოსურნე, პრევენციული განცხადებებისა, არავის გამოუთქვამს მოსაზრება, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მედია-პლურალიზმს საქართველოში საფრთხე ექმნება”, – აცხადებს კვაჭანტირაძე.

 

კვაჭანტირაძე მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებს, მაქსიმალურად გაერიდონ “მერკანტილური, რევანშისტული და ანტისახელმწიფოებრივი ინტერესებით შეპყრობილ ადამიანთა მცირე, აგრესიულ ჯგუფს და ჩვენთვის ჩვეული ისტორიული კულტურით, ჩვენი სამშობლოს, სახელმწიფოს სიყვარულით ერთად ვიზრუნოთ საზოგადოების სრულ კონსოლიდაციაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი