“ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარე მიზანმიმართულად ცდილობს მოახდინოს კონკრეტული მოსამართლის და, ზოგადად, სასამართლოს დისკრედიტაცია, ისინი მიმართულად ავრცელებენ მოსამართლის შეურაცხმყოფელ განცხადებებს, შესაბამისად, ეს არ შეიძლება იქნას განხილული მოსამართლის აცილების საფუძვლად.
მათ მიერ გამოთქმული ეჭვები ვერანაიარად ვერ აკმაყოფილებს იმ ობიექტურ და სუბიექტურ ტესტს, რაც მიღებულია მოსამართლის აცილების შეფასებისათვის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ. ვერ აკმაყოფილებს ასევე ბანგალორის პროცესის კომენტარებს, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ აქ და გაახმოვანა მხარემ ამ ნორმების თაობაზე, თუმცა ინტერპრეტაცია აბსოლუტურად არასწორი იყო, არ არსებობს არავითარი საფუძველი მოსამართლის აცილებისთვის”, – განაცხადა პაატა სალიამ.
ტელეკომპანია რუსთავი 2-მა უკვე მესამედ მოითხოვა მისი საქმის განმხილველი მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის აცილება. ამჯერად საფუძვლად მიუთითა ის გარემოებები, რომ მოსამართლის ცოლი აკეთებდა ფეისბუკში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ განცხადებებს, რაზეც მოსამართლემ განმარტა, რომ ეს კომენტარები არ იყო მასთან შეთანხმებული და არ იზიარებდა მათ.
რაც შეეხება რუსთავი 2-ის კიდევ ერთ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც პროკურატურა ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, რადგან მათ პასუხისგებაში მისცეს ურთმელიძის დედა ერთი წლის წინ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც ეხება სიძის მიმართ თავდასხმას, მოსამართლემ უპასუხა, რომ დედამისი არ ითვლება მისი ოჯახის წევრად ბანგალორის პრინციპებით, ეს დავა არის ორ კერძო მხარეს შორის დავა და არა აქვს არაფერი საერთო იმ ბრალდებასთან, რომ თითქოს მოსამართლე არის პროკურატურის ტყვეობაში.
საბოლოოდ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის შუამდგომლობა აცილების თაობაზე.