ახალი ამბები

გვარამია: მართალიც რომ იყოს ხალვაში, ასეთი სარჩელით შეუძლებელია წარმატების მიღწევა

19 ოქტომბერი, 2015 • • 963
გვარამია: მართალიც რომ იყოს ხალვაში, ასეთი სარჩელით შეუძლებელია წარმატების მიღწევა

“აცილება ძალიან კარგად იცის ურთმელიძემაც და ხელისუფლებამაც რას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს სარჩელი სრულიად უპერსპექტივო იქნება, რადგან არც ერთი საღ აზრზე მყოფი მოსამართლე ამ სარჩელს ვერ დააკმაყოფილებს. თქვენ თვითონ იპოვეთ რამდენიმე იურისტი, წააკითხეთ სარჩელი და აჩვენეთ მტკიცებულებები, აუციელბლად გეტყვით, თუ მიუკერძოებელი და საღ აზრზე მყოფია, რომ ნულოვანი პერსპექტივა აქვს. სულ რომ მართალი იყოს ქიბარ ხალვაში, სარჩელი ისეთია და ისეთი მტკიცებულებებია წარდგენილი, შეუძლებელია წარმატების მიღწევა. ამიტომ, ცხადია, მოსამართლე ურთმელიძე ამ საქმეს არ აიცილებს. ადამიანი პროცესზე ამბობს, რომ დედაჩემი ჩემი ოჯახის წევრი არ არის და მასთან დაკავშირებული მოვლენები მე არანაირად არ მეხეობაო, მე მგონი, ყველაფერი გასაგებია ისედაც. ჩვენ მივყვებით პროცესს, როგორც არის, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით რა შედეგი იქნება. ჩვენ მოვაგროვებთ ყველა მტკიცებულებას საიმისოდ, რომ პროცესი ლეგიტიმაციას გასცდა. იმისას, რომ თავისუფალ მედიას, ჩვენ “რუსთავი 2″-ს, წაგვართვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. თავისთავად ცხადია, რომ მოგროვილ მტკიცებულებებს საჭირო დროს, საჭირო ადგილას გამოვიყენებთ… პირობას ვაძლევ ქიბარ ხალვაშსაც და მოსამართლე ურთმელიძესაც”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა უკვე მესამედ მოითხოვა მისი საქმის განმხილველი მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის აცილება. ამჯერად საფუძვლად მიუთითა ის გარემოებები, რომ მოსამართლის ცოლი აკეთებდა ფეისბუკში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ განცხადებებს, რაზეც მოსამართლემ განმარტა, რომ ეს კომენტარები არ იყო მასთან შეთანხმებული და არ იზიარებდა მათ.

 

რაც შეეხება რუსთავი 2-ის კიდევ ერთ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც პროკურატურა ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, რადგან მათ პასუხისგებაში მისცეს ურთმელიძის დედა ერთი წლის წინ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე, რომელიც ეხება სიძის მიმართ თავდასხმას, მოსამართლემ უპასუხა, რომ დედამისი არ ითვლება მისი ოჯახის წევრად ბანგალორის პრინციპებით, ეს დავა არის ორ კერძო მხარეს შორის დავა და არა აქვს არაფერი საერთო იმ ბრალდებასთან, რომ თითქოს მოსამართლე არის პროკურატურის ტყვეობაში.

 

საბოლოოდ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის შუამდგომლობა აცილების თაობაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი