ახალი ამბები

მოსამართლე ურთმელიძემ აცილებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

19 ოქტომბერი, 2015 • • 1344
მოსამართლე ურთმელიძემ აცილებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე არგუმენტით ახსნა. როგორც მოსამართლე ამბობს, მისი ცოლის რეაქცია სავარაუდოდ გვარამიას მიერ ურთმელიძის შესახებ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს შეეხებოდა. თამაზ ურთქმელიძის თქმით, მისი ცოლი არ არის მოსამართლე და არ არის შეზღუდული ეთიკის წესებით, თუმცა მოსამართლე მისი ცოლის განცხადებებს რუსთავი 2-თან დაკავშირებით არ იზიარებს.


”მხარე ვალდებულია, რომ მისი სასარგებლო მტკიცებულებები გარდა, სასამართლოზე წარმოადგინოს საწინააღმდეგო მტკიცებულებებიც. დღეს ჩვენ ეს ვერე ვნახეთ, იმიტომ, რომ წარმოდგენილია მხოლოდ კომენტარები. მაგრამ თუ რაზე იყო ეს კომენტარები გაკეთებული, რაზე იყო ვერსიები მათი მხრიდან, არ ჩანს. ამიტომ შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რამდენად იყო მიკერძოებული და რა რეაქცია ჰქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეიძლება საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც სავარაუდო რეაქცია იყო ჩემი მეუღლისა, გახლავთ შემდეგი: ბატონმა ნიკა გვარამიამ თავის საჯარო გამოსვლაში მოსამართლეს უწოდა კორუმპირებული მოსამართლე, რომელმაც თვითმკვლელობას მოაწერა ხელი, რომელსაც საშუალებას არ მისცემს ნიკა გვარამია, რომ დარჩეს სასამართლოში და დარჩეს პროფესიაში, რომ მას ფეხქვეშ მიწა დაეწვება და ა.შ სავარაუდოდ, ამ საკითხზე იყო ჩემი მეუღლის რეაქცია. მიუხედავად იმისა, თუ რაზე იყო ჩემი მეუღლის რეაქცია, მე მოგახსენებთ რომ ეს განცხადება არ იყო ჩემთან შეთანხმებული. მის თვალსაზრისს ამ კუთხით მე არ ვიზიარებ. გარდა ამისა, ვიტყვი იმასაც, რომ მეუღლე არ არის მოასამართლე, ის არ არის შეზღუდული ეთიკის წესებით და ეს ეხება უშუალოდ მოსამართლეს,” – განაცხადა სასამართლო პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ.


მოსამართლე თამაზ ურთმელიძე რუსთავი 2-ის წარმომადგენლებს მიმართა, რომ თუ რაიმე კონკრეტული საკითხი არსებობს მირანდა გურგენიძესთან (ურთმელიძის ცოლი) დაკავშირებით, მისი გამოსვლები ვინმეს შეურაცხყოფს, ან რაიმე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით არსებობს პრობლემა, მათ შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სამსახურს. ურთმელიძის თქმით, მისი ცოლის მიერ Facebook-ში დაწერილი ერთი პოსტი ეხება უშუალოდ ნიკა გვარამიას და მის შინაარსს საერთოდ არ აქვს კავშირი რუსთავი 2-თან. ხოლო მირანდა გურგენიძის პოსტების დანარჩენ ნაწილში, რომელიც რუსთავი 2-ს აქვს წარმოდგენილი მოსამართლის აცილების მიზნით, ურთმელიძის განცხადებით, იქ არ ჩანს თუ რას გულისხმობდა და ვის მიმართავდა მისი ცოლი.


”როგორც ბატონი ნიკა გვარამია პროცესზე აცხადებს და ასევე ტელევიზიით რამდენჯერმე განაცხადა, იგი სპეციალურად ამწვავებს მოასამართლესთან დამოკიდებულებას, რომ გამოიწვიოს შესაბამისი რეაქცია, რაც აცილების საფუძველი გახდებოდა. ამიტომ ყველა ის საფუძველი, რომელიც დღეს არის მოხმობილი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ტალღაზეა გაკეთებული და არ არსებობს ოფიციალური სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლე იქნას აცილებული,” – ამბობს ურთმელიძე.


მეორე არგუმენტი, რომელიც რუსთავი 2-ს აქვს წარმოდგენილი მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, არის თამაზ ურთმელიძის დედის საკითხი. როგორც მოსამართლე განმარტავს, დიანა გიორგობიანი (ურთმელიძის დედა) არ ითვლება მისი ოჯახის წევრად:


”თავდაპირველ ეტაპზე, მე საერთოდ დისტანცირებული ვიყავი ამ საკითხის სამართლებრივი პროცედურებიდან. ეს ბსოლუტურად ჩანს იმითაც, რომ ორი წელია მიმდინარეობს პროცედურები. არ ჩართულა საქმეში არც ადვოკატი, არც რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული პროკურატურისაგან. მე აქაც ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი. მივიღე ინფორმაცია ადვოკატისაგან, რომ საქმე იყო მსუბუქი კატეგორიის. სილაქაძის პერმანენტულ შეურაცხყოფების ფონზე მოხდა აფექტური ქცევა და ეს პროცესი უახლოეს ხანებში უნდა დასრულებულიყო განრიდებით. შესაბამისად, მე არც მქონდა არანაირი საფუძველი, შემეტან ეჭვი რამეში და მე არც დავინტერესებულვარ, იმიტომ, რომ მე სიმართლე გითხრათ დასრულებულიც მეგონა აღნიშნული საკითხი. როგორც საჯარო წყაროებიდან არის ცნობილი, საქმე დღეს უკვე გადაცემულია სასამართლოს. გარდა ამისა, დღევანდელი მიმდინარე დავა ეხება კერძო სუბიექტებს. ხელისუფლება და მით უმეტეს პროკურატურა აღნიშნულ საკითზე არ მონაწილებს, არ არის ჩართული. შესაბამისად, მოსამართის მიბმა ხელისუფლებასთან ან ქრთამის აღებასთან ან რომელიმე მინისტრის გუნდის წევრობასთან არის სრულიად დაუსაბუთებელი. პროცესი იწვევს საზოგადოებრივ ინტერესს, რაც იმითაც დასტურდება, რომ პარლამენტში მიმდინარეობდა აღნიშნული საკითხის განხილვა. ამიტომ, სასამართლო არ მიიჩნევს არსებითად და ზეგავლენის შემცველად მაღალი სახელმწიფო თანამდებობების პირების მიერ გაკეთებულ გამონათქვამებს. მოსამართლეზე მოპასუხე მხარისა და კომპანია სასამართლოს აიძულებს გამოიჩინოს მაქსიმალური მოთმინება. მიუხედავად, შესაძლო არასასიამოვნო გარემოებებისა, საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, რადგან უსაფუძლოდ კამპანიური ზეწოლის მცდელობის გამო მოსამართლის აცილება საფუძველს აცლის სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას, რადგან ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი მხარე იქნება დაინტერესებული მაქსიმალურად მოსამართლის წინააღმდეგ შავი პიარის აგორების კუთხით, რაგან ის აცილებული იქნეს სავარაუდოდ მიმღები გადაწყვეტილებისაგან. აღნიშნული საკითხი მოწვლადს ხდის ნებისმიერ სხვა მოსამართლეს იმის გათვალისწინებით, რომ თავად მხარე აღიარებს, რომ პროვოცირებას უკეთებდა აღნიშნულ დაძაბულობას.”


სასამართლო პროცესი დღეს 11:00 საათიდან მიმდინარეობს და სხდომა სწორედ რუსთავი 2-ის მოთხოვნით დაიწყო, რომ აეცილებინა საქმის განხილვა. ამისათვის მოეწყო ვიდეოფირის ჩვენება, რომელზეც ასახული იყო მოსამართლე ურთმელიძის ცოლის პოსტები ფეისბუკზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ასევე, ის ვიდეომასალა, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ, თავდაპირველად სწორედ რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსამართლის დედას პროკურატურა წაუყენებდა ბრალს სიძეზე განხორციელებული თავდასხმის გამო. ტელეკომპანია აცხადებდა, რომ პროკურატურა ამ საქმით ცდილობდა მოსამართლეზე ზეწოლას. მოგვიანებით პროკურატურამ ზეწოლა უარყო, თუმცა პასუხისგებაში მისცა ურთმელიძის დედა ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელე მხარე, კერძოდ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები არ ეთანხმებოდნენ აცილების შუამდგომლობას. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ურთმელიძე ორგანიზებულად უძღვება საქმის განხილვას.


საქმე ეხება ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, რომლითაც სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა.  ხალვაში “რუსთავი 2″–ისგან 500 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციას, ასევე ამჟამინდელი მეწილეების, პარტნიორების საკუთრების გაუქმებას და მესაკუთრეებად  ქიბარ ხალვაშის 60%-იანი და შპს “პანორამის” 40%–იანი წილების ცნობას ითხოვს. ამ მოთხოვნებს კიდევ 18 მილიონი აშშ დოლარი დაემატა, რომელსაც ხალვაში რუსთავი 2-ისგან კომპენსაციის სახით ითხოვს.


აგვისტოში ხალვაშმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ქონების დაყადაღების გარდა, სასამართლომ  დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.


1 ოქტომბერს  ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილებიც დააყადაღა.


ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა “ტელეკომპანია საქართველოს” წილის გასხვისება, რაც  იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.


საჯარო რეესტრში 29-30 სექტემბერს განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.


საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.


ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ გრაფიკით უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით.


“ტელეკომპანია საქართველოს” მეწილეების ეს ცვლილება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაყადაღების შემდეგ მეწილეები ვეღარ შეიცვლება.


რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ფაქტობრივი დახურვა და თანამშრომლებთან და ადვოკატთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი