ახალი ამბები

სახალხო დამცველი რუსთავი2–ის საქმის სასამართლო განხილვას აკვირდება

19 ოქტომბერი, 2015 •
სახალხო დამცველი რუსთავი2–ის საქმის სასამართლო განხილვას აკვირდება

“ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაყადაღებულ იქნა ტელეკომპანიის ქონება და აღნიშნული შეაფასა, როგორც სახიფათო გამოხატვის თავისუფლებისათვის.

 

მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე დავის სასამართლო განხილვა წარიმართოს სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული დაცვით. 

 

სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაესწრება დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ მთავარ სხდომას „რუსთავი2“–ის საქმეზე მიმდინარე დავასთან დაკავშირებით. ომბუდსმენის ოფისი მონიტორინგს გაუწევს აღნიშნული დავის სასამართლო განხილვას და მასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის”.

სახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველის აპარატი

სარჩელი რუსთავი 2 -ის წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლო 10 ოქტომბერს იხილავს  ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, რომლითაც მოსარჩელემ სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა.  ხალვაში “რუსთავი 2″–ისგან 500 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციას, ასევე ამჟამინდელი მეწილეების, პარტნიორების საკუთრების გაუქმებას და მესაკუთრეებად  ქიბარ ხალვაშის 60%-იანი და შპს “პანორამის” 40%–იანი წილების ცნობას ითხოვს. ამ მოთხოვნებს კიდევ 18 მილიონი აშშ დოლარი დაემატა, რომელსაც ხალვაში რუსთავი 2-ისგან კომპენსაციის სახით ითხოვს. 

 

აგვისტოში ხალვაშმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ქონების დაყადაღების გარდა, სასამართლომ  დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.

 

1 ოქტომბერს  ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილებიც დააყადაღა. 

 

ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა “ტელეკომპანია საქართველოს” წილის გასხვისება, რაც  იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.

 

საჯარო რეესტრში 29-30 სექტემბერს განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.

 

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.

 

ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ გრაფიკით უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით.

 

“ტელეკომპანია საქართველოს” მეწილეების ეს ცვლილება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაყადაღების შემდეგ მეწილეები ვეღარ შეიცვლება.

 

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ფაქტობრივი დახურვა და თანამშრომლებთან და ადვოკატთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა. ტელეკომპანიამ მაყურებლებს ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა და საბანკო ანგარიშების მონაცემები გაავრცელა.

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროკურატურა აპირებდა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას სიძეზე ნაჯახით განხორციელებული თავდასხმის გამო. ტელეკომპანიის ცნობით, ამით პროკურატურა ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეზე. პროკურატურამ ზეწოლა უარყო, მაგრამ მართლაც წაუყენა ბრალი მოსამართლის დედას ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე.  

მასალების გადაბეჭდვის წესი