ახალი ამბები

რუსთავი 2-ის პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

19 ოქტომბერი, 2015 • • 1217
რუსთავი 2-ის პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

 აქციის მონაწილეები სასამართლოს 11.00 საათზე შეიკრიბნენ.

 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატის, ზაზა ბიბილაშვილის განმარტებით, მოპასუხე მხარე დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დააყენებს. მან ეს განცხადება სხდომის დაწყებამდე გააკეთა. 

 

ბიბილაშვილის განმარტებითვე, მოპასუხე მხარე ასევე მოითხოვს პროცესის გადადებას.  ადვოკატის თქმით, მოსარჩელე მხარე აპირებს წარმოადგინოს ახალი ექსპერტიზის შედეგები, რომლის პასუხები, ბიბილაშვილის თქმით, მოპასუხე მხარეს მხოლოდ 7 ოქტომბერს ჩაბარდა და გადასამოწმებელია.

 

“რაც შეეხება უშუალოდ პროცესის ვადებს და ხანგრძლივობას, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ამ სასამართლოში კიდევ ერთი საქმე იხილება, სადაც რუსთავი 2 არის მოპასუხე მხარე. მიმდინარე წლის მარტის თვეშია ეს საქმე შეტანილი და ჯერ მოსამზადებელი სხდომაც კი არ დანიშნულა. ამ შემთხვევაში მოსამართლე ურთმელიძეს აქვს ხელისუფლების მითითება, დღესვე დაამთავროს ეს სხდომა, რაც ერთი მხრივ, უპრეცედენტო იქნება და მეორე მხრივ, ეს არის დასტური, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა”, – ამბობს ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი.

 

პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი ასევე გააკეთა  ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ. სალია ამბობს, რომ მოსამართლე ურთმელიძის აცილების საფუძველი არ არსებობს.

 

“ის, რაც ბოლო პერიოდში სასამართლოსთან და ურთმელიძესთან დაკავშირებით ხდება, ცალსახა ზეწოლაა მედიასაშუალების მხრიდან. ეს არის დაუშვებელი. ძალიან მიკვირს, რომ ამაზე რეაგირება არ ხდება. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ მოსამართლის დედის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს შეიძლება ზეგავლენა ჰქონდეს სასამართლოზე”, – განაცხადა სალიამ.


უშუალოდ სასამართლოს პროცესს პოლიტიკოსები, ალექსი პეტრიაშვილი, მანანა ნაჭყებია და ირმა ნადირაშვილი ესწრებიან.



რუსთავი 2-ის მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოსთან; ფოტო: ნეტგაზეთი
რუსთავი 2-ის მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოსთან; ფოტო: ნეტგაზეთი

 

სარჩელი რუსთავი 2 -ის წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლო 10 ოქტომბერს იხილავს  ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, რომლითაც მოსარჩელემ სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა.  ხალვაში “რუსთავი 2″–ისგან 500 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციას, ასევე ამჟამინდელი მეწილეების, პარტნიორების საკუთრების გაუქმებას და მესაკუთრეებად  ქიბარ ხალვაშის 60%-იანი და შპს “პანორამის” 40%–იანი წილების ცნობას ითხოვს. ამ მოთხოვნებს კიდევ 18 მილიონი აშშ დოლარი დაემატა, რომელსაც ხალვაში რუსთავი 2-ისგან კომპენსაციის სახით ითხოვს. 

 

 

 

აგვისტოში ხალვაშმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ქონების დაყადაღების გარდა, სასამართლომ  დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.

 

 

 

1 ოქტომბერს  ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილებიც დააყადაღა. 

 

  

 

ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა “ტელეკომპანია საქართველოს” წილის გასხვისება, რაც  იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.

 

 

 

საჯარო რეესტრში 29-30 სექტემბერს განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.

 

 

 

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.

 

 

 

ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ გრაფიკით უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით.

 

 

 

 “ტელეკომპანია საქართველოს” მეწილეების ეს ცვლილება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაყადაღების შემდეგ მეწილეები ვეღარ შეიცვლება.

 

 

 

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ფაქტობრივი დახურვა და თანამშრომლებთან და ადვოკატთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა. ტელეკომპანიამ მაყურებლებს ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა და საბანკო ანგარიშების მონაცემები გაავრცელა.

 

 

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროკურატურა აპირებდა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას სიძეზე ნაჯახით განხორციელებული თავდასხმის გამო. ტელეკომპანიის ცნობით, ამით პროკურატურა ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეზე. პროკურატურამ ზეწოლა უარყო, მაგრამ მართლაც წაუყენა ბრალი მოსამართლის დედას ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე.  


მასალების გადაბეჭდვის წესი