საუბარია სამეგრელოში, მიწისქვეშა სამალავში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე, რომლებზეც შსს-ც ცნობით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ასახული იყო სხვადასხვა საჯარო პირების პირადი ცხოვრება, ასევე, სხვადასხვა პირთა ცემის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა.
2013 წელს ამ ვიდეომასალის ნაწილის “დახურული ჩვენებაც” მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომელთა ნაწილმა უარი თქვა ამ მასალის ნახვაზე იმ მოტივით, რომ მასალა სათანადოდ არ იყო დაფარული და იძლეოდა პირთა იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.
სამალავებში აღმოჩენილი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები და მათი განადგურების საკითხი 2013 წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისკუსიის საგანი იყო საქართველოში. ამ მასალების გასანადგურებლად მონისტორიგისთვის სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელშიც ომბუდსმენი, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც შედიოდნენ.
რამდენიმეთვიანი დისკუსიის შემდეგ საბოლოოდ მასალების ნაწილი 2014 სექტემბერში განადგურდა, რომელსაც კომისიის წევრები და ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.
2013 წლის 5 სექტემბერს საჯაროდ 107 დისკი [CD] გაანადგურეს, რომელთა საერთო ხანგრძლივობა 181 საათი იყო. კადრები ძირითადად 2007–2012 წლებში იყო გადაღებული.
17 ოქტომბერს გავრცელებული მასალის შემდეგ ბევრმა დასვა კითხვა, რატომ არ განადგურდა ეს მასალები მაშინ, როცა აღმოაჩინეს.
2013 წლის 5 სექტემბერს მაშინდელმა შინაგ საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრია, განაცხადა, რომ ყველა მასალა არ განადგურდებოდა, რადგანაც ამ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება.
ეკა გიგაური, “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც მონიტორინგის კომისიის წევრი იყო კადრების განადგურებისას, დღეს “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მაშინ აღმოჩენილი კადრების დიდი ნაწილი არ განადგურებულა, რადგანაც ისინი წარმოადგენდა მტკიცებულებას ძალადობის და გაუპატიურების საქმეებზე გამოძიებისთვის. მისი თქმით, ძირითადად განადგურდა სხვადასხვა საჯარო პირების, მათ შორის ჟურნალისტების სასტუმროებში და სხვა ადგილებში გადაღებული პირადი ცხოვრების მასალები და საუბრის ჩანაწერები.
გიგაური მიიჩნევს, რომ ვიდეოკადრები საგამოძიებო სამსახურებში მკაცრად უნდა იყოს დაცული.
ნეტგაზეთი დღეს არკვევდა, სად იყო ის მასალები დაცული, რომლებიც არ განადგურდა – შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუ პროკურატურაში. ვერც ერთი უწყებისგან ამ თემაზე პასუხი ვერ მივიღეთ.
ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს არც პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს, რომლის აზრითაც ეს “არ იყო გასანადგურებელი ინფორმაცია”.
“ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ უწყებაში ინახებოდა საგამოძიებო მასალა, იმიტომ, რომ ეს არ იყო გასანადგურებელი ინფორმაცია. უნდა ჰკითხოთ ან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან პროკურატურას. თავისთავად არ მიმიწვდება ამ ინფორმაციაზე ხელი”.
2014 წლის აგვისტოში პერსონალური მომაცემების დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით [მუხლი 4] “მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი”.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოებს და სასამართლოს უნდა გაენადგურებინა მასალები, თუკი წამების კადრებზე არსებობს საბოლოო განაჩენი.
სამალავებში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2014 წლის 18 მარტს გამოაცხადა. საქმეს გრიფი ედო, შესაბამისად, სასამართლო პროცესები დახურილი იყო. ჯერჯერობით უცნობია, ეს საბოლოო განაჩენია, რომლის შემდეგაც ვიდეომასალები უნდა განადგურებულიყო, თუ საქმეს სააპელაციო ანდა უზენაესი სასამართლო განიხილავს. ამის შემოწმება ნეტგაზეთმა ჯერჯერობით ვერ შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ინტერნეტით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებაზე. სხვა ინფორმაციას ჯერჯერობით არც ერთი საგამოძიებო უწყება არ ავრცელებს.