“სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს კვირას საღამოს ქობულეთის რაიონის სოფ. ციხისძირში მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც სოფელში სტუმრად მყოფმა სამხედრო პირებმა რელიგიური ნიშნით ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს სოფლის რამდენიმე მკვიდრს.
საქართველო მრავალეროვნული და მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც საუკუნეების მანძილზე ძმურად, მეგობრულად, ურთიერთსიყვარულით და ურთიერთპატივისცემით ხელიხელჩაკიდებული ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა თუ აღმსარებლობის ადამიანები და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა რელიგიური დაპირისპირების. ვფიქრობთ დღეს, ეს არის მავანთა მცდელობა, ჩამოაგდოს შუღლი და მტრობა სხვადასხვა აღმსარებლობის ქართველ ძმებს შორის, რაც, ეჭვგარეშეა, მარცხისთვისაა განწირული. რამეთუ გარკვეული ინდივიდების, თუნდაც საჯარო მოხელეების, შეუსაბამო საქციელი არ და ვერ იქნება მთლიანად ქვეყნის და ერის პოზიცია.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო გმობს აღნიშნულ, ყოვლად გაუმართლებელ, სამარცხვინო ფაქტს და მომხდართან დაკავშირებით მოითხოვს, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ჩაატარონ ობიექტური გამოძიება და დამნაშავეები დასჯილი იქნენ კანონის სრული სიმკაცრით. აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით მოახდინა დროული რეაგირება და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ინციდენტში მონაწილე ყველა საჯარო მოხელე გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.”
