ახალი ამბები

ომბუდსმენი ინტერნეტში წამების კადრებზე ხელმისაწვდომობის აღკვეთას მოითხოვს

18 აგვისტო, 2016 • 1431
ომბუდსმენი ინტერნეტში წამების კადრებზე ხელმისაწვდომობის აღკვეთას მოითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ სახელმწიფო უწყებებმა დაიწყონ გამოძიება წამების კადრების გავრცელებისა და შენახვის ფაქტზე, ასევე აღკვეთონ ამ კადრების ხელმისაწვდომობა.

გაზეთ “ქრონიკა+”-ის ვებ-გვერდზე ციხის კადრები 14 აგვისტოს გამოქვეყნდა და დღემდე ხელმისაწვდომია. როგორც გაზეთის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ამბობს, კადრები აჩვენებს, რომ 2012 წელს წინასაარჩევნოდ გავრცელებული ციხის კადრები, კონკრეტულად კი “ცოცხის ეპიზოდი”, დადგმულია და მის მიერ გავრცელებული “სრული მასალა” ამის მტკიცებულებაა.“ქრონიკა +”-ის მიერ გავრცელებული მასალის ქრონომეტრაჟი, ჯამში, 50 წუთამდეა. ვიდეოკადრებში არაერთი პირია აღბეჭდილი და ახლო ხედით ჩანს უმეტესობის სახეები, ზოგიერთ შემთხვევაში ისმის მათი სახელებიც. 17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ციხის კადრების წარმომავლობისა და გავრცელების შესახებ გამოძიებას დაიწყებდა.

“ვიდეოჩანაწერების ხილვა იწვევს მასში აღბეჭდილი ადამიანების ღირსების შელახვას და მორალურ ტკივილს. ღირსება ადამიანის აბსოლუტურად დაცული სამართლებრივი სიკეთეა, რომლის დაცვაზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას.

ამ კადრების საჯარო ხელმისაწვდომობა უწყვეტ რეჟიმში იწვევს კონკრეტული ადამიანების სამართლებრივ და მორალურ შევიწროებას. მიუხედავად უმაღლესი ინტენსივობის სამართლებრივი ზიანისა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები განიცდიან, ამ დრომდე არაერთ ინტერნეტსივრცეში კვლავ ხელმისაწვდომია აღნიშნული ვიდეოჩანაწერები.

საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ კომპეტენტურმა სახელმწიფო უწყებებმა არა მხოლოდ დაიწყონ გამოძიება ვიდეომასალის გავრცელებისა და შენახვის ფაქტზე, არამედ დაუყოვნებლივ გაატარონ კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს ამ კადრების ხელმისაწვდომობა და ხილვადობა ინტერნეტ და სხვა საჯარო სივრცეში,”- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი