ახალი ამბებისაზოგადოება

“ეს შენ გეხება” ხელისუფლებას წამების კადრების ამოღებასა და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

17 აგვისტო, 2016 • 1668
“ეს შენ გეხება” ხელისუფლებას წამების კადრების ამოღებასა და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

კამპანია „ეს შენ გეხება“ გაზეთ “ქრონიკა +”-ის მიერ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრების დაუშტრიხავი ფორმით გავრცელებას ეხმაურება და მოუწოდებს ხელისუფლებას, კადრების დროულად ამოღებასთან ერთად, დაიწყოს გამოძიება მათი მოპოვებისა და გავრცელების საკითხთან დაკავშირებით, ასევე დაიწყონ გამოძიება, თუ გავრცელებული კადრები შეიცავს ინფორმაციას აქამდე უცნობი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების თაობაზე.

კამპანია ასევე მოუწოდებს  მედიასაშუალებებს, პატივი სცენ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და თავიანთი მოქმედებებით ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას.

“ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია უარყოფითი პოზიცია ამგვარი კადრების (და მით უფრო) დაუშტრიხავი ფორმით საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით სავალალოა ის გარემოება, რომ ინტერნეტში განთავსებით ამგვარი მასალა ხელმისაწვდომი ხდება პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, მათ შორის არასრულწლოვნებისთვის, რომელთაც ეძლევათ კადრების გადმოწერის, შენახვის, სხვადასხვა მიზნებით მათი მოგვიანებით გამოყენების შესაძლებლობა. კადრების ამ ფორმით გავრცელება მიუღებელია. ეს არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ხელახალ ტრავმას აყენებს კონკრეტულ პირებს, მათი ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

გაზეთ “ქრონიკა+”-ის ვებ-გვერდზე ციხის კადრები კვირას, 14 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნდა. როგორც გაზეთის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ამბობს, კადრები აჩვენებს, რომ 2012 წელს წინასაარჩევნოდ გავრცელებული ციხის კადრები, კონკრეტულად კი “ცოცხის ეპიზოდი”, დადგმულია და მის მიერ გავრცელებული “სრული მასალა” ამის მტკიცებულებაა.

კამპანია „ეს შენ გეხებაში“ შემავალ ორგანიზაციები აცხადებენ, რომ რადგან წამების დანაშაულებებს დღემდე ვერ მიეცა ადეკვატური  სამართლებრივი შეფასება, არ შეფასებულა პრობლემის ზუსტი მასშტაბი და სხვა გარემოებები, პასუხისმგებელი პირები უმეტესწილად დაუსჯელნი რჩებიან. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ აღნიშნული თემა ხშირად ხდება მანიპულაციების საგანი:

“მათ შორისაა საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობა, რომ ფართოდ გავრცელებული და სისტემური წამება რეალურად არ არსებობდა და „ციხის კადრები“ გაყალბებულია/არ არის ავთენტური. ბუნებრივია, თუკი არსებობს ეჭვი ამა თუ იმ კადრის ავთენტურობიასთან დაკავშირებით, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, დასვას კითხვები და მიიღოს დამაჯერებელი პასუხები ამასთან დაკავშირებით; მაგრამ ამ დანაშაულის არსებობის უარყოფა მაშინ, როცა ეს დადასტურებულია არა მხოლოდ კადრებით, არამედ ასევე კვლევებით და კონკრეტული საქმეებით, ხელს უწყობს პრობლემის მიჩქმალვას, წამების სისტემური დანაშაულში მონაწილე პირების დაუსჯელად დატოვებას, და შეურაცხყოფას აყენებს წამების მსხვერპლებს, მიმართულია რა მათ მიერ განცდილი ტრაგედიების უგულებელყოფისაკენ”,-ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი