ახალი ამბები

დავითაია: გაუგებარია, რატომ არ წაუყენა ბრალი არავის პროკურატურამ აგვისტოს ომის საქმეზე

14 ოქტომბერი, 2015 •
დავითაია: გაუგებარია, რატომ არ წაუყენა ბრალი არავის პროკურატურამ აგვისტოს ომის საქმეზე

ჰააგის პროკურორი 2008 წლის აგვისტოს ომში მომხდარი შესაძლო დანაშაულების გამოსაძიებლად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან ნებართვას ითხოვს.

 

განცხადებაში პროკურორი საუბრობს იმის შესახებ, რომ რუს და ქართველ სამშვიდობოებზე თავდასხმის გამო არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ქართული მხარის, ასევე, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილ იქნა სამხედრო დანაშაული. პროკურორი ასევე ფიქრობს, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების სავარაუდო მონაწილეობის პირობებში შესაძლოა ჩადენილ იქნა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ ეთნიკური ქართველების დევნისა და მკვლელობის კონტექსტში.

პაატა დავითაიას თქმით, იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა ფიქრობს, რომ ახლა ჯერი საქართველოს პროკურატურაზეა, სწორედ მან უნდა მიაწოდოს სასამართლოს მტკიცებულებები ამ პროცესში რუსეთის მონაწილეობის უტყუარობის დასამტკიცებლად.

 

“ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დადგა ქვეყნისთვის. ჰააგის პროკურორი გამოდის და იძახის, რომ ჩადენილია დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ და ასევე მოხდა სამხედრო დანაშაული. იქ გაკეთებულია ჩამონათვალი, ვინ რამდენი ადამიანი გამოყარა, რამდენი სოფელი დაიპყრეს. აქ იკვეთება სეპარატისტთა ლიდერების და რუსეთის სამხედრო ნაწილების დანაშუალი”, – ამბობს დავითაია.

 

ჰააგის პროკურორის განცხადებით, მან ამ საქმის გამოძიება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ დაუდასტურა, რომ ომის შესაძლო დანაშაულებზე შიდა გამოძიება შეწყდა. ჰააგის პროკურორის ინფორმაციით, რუსეთში მსგავსი გამოძიება ჯერაც გრძელდება. პაატა დავითაიას აინტერესებს, რატომ არ წაუყენა საქართველოს პროკურატურამ ბრალი რუსეთის და სამხრეთ ოსეთის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც 2008 წლის ომში მონაწილეობდნენ და, სავარაუდოდ, სამხედრო დანაშაულიც ჩაიდინეს.

“ჩვენ ამ ვითარებაში სერიოზული პრობლემა გვაქვს. როდესაც ჰააგაში გამოძიება დაიწყება, გაჩნდება ერთი კითხვა: რატომ არ წაუყენა საქართველოს გამოძიებამ ბრალი ამ ხალხს? მეორე საკითხია, რატომ ვერ მოიპოვა მტკიცებულება, იმიტომ, რომ ტერიტორია ოკუპირებულია, მაგრამ, პირობითად ვიტყვი, კოკოითის ან ბორისოვის დანაშაული ამ დასკვნებში იკვეთება.

 

დროებითმა საპარლამენტო კომისიამ თავის დროზე მოუწოდა პროკურატურას და რეკომენდაციებში ჩაუწერა, რომ გამოძიება ჩატარებულიყო. საქმე აღიძრა, მაგრამ ბრალი არ წაყენებულა. ახლა დგას შეკითხვა ასე, რატომ ხდება ასე, ვინ აფარებს ხელს დანაშაულს? როდესაც ჰააგის სასამართლოში დაისმება ეს კითხვა, რას უპასუხებს სახელმწიფო?”, – ამბობს დავითაია და დასძენს, ბრალის წასაყენებლად მხოლოდ საპარლამენტო კომისიის, ასევე, ტალიავინის დასკვნაში მოყვანილი მტკიცებულებებიც იქნებოდა საკმარისი. საქართველოს პროკურატურაში ნეტგაზეთისთვის ზემოხსენებულ საკითხებზე დასმულ კითხვებზე ჯერჯერობით არ უპასუხიათ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა.

 

რაც შეეხება ჰააგის პროკურატურის დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ რუსი მშვიდობისმყოფელების დაბომბვას ეხება, რასაც სამშვიდობოების დაღუპვაც მოჰყვა, დავითაია ამბობს, რომ თავის დროზე საპარლამენტო კომისიამ ეს საკითხიც შეისწავლა და მის ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით მივიდა დასკვნამდე, რომ თავდაპირველად ცეცხლი  რუსი მშვიდობისმყოფელების ბაზის ეზოდან გაიხსნა ქართული სოფლების მიმართულებით, რასაც ქართული მხარის საპასუხო რეაქცია მოჰყვა. თუმცა, დავითაიას თქმით, საპარლამენტო კომისიამ პროკურატურას თავის დროზე ამ ეპიზოდის გამოძიების რეკომენდაციაც მისცა, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა.

 

დავითაია, რომელიც ჰააგის სასამართლოს პროკურატურის ასოციაციის წევრია საქართველოდან, ამბობს, რომ თუ სასამართლო გამოძიების ჩატარებას გადაწყვეტს, საბოლოო ჯამში, განაჩენს კონკრეტული თანამდებობის პირების წინააღმდეგ გამოიტანს და არა ქვეყნების. ჰააგის სასამართლოს წესდებაა რომის სტატუტი, რომელზეც საქართველოსგან განსხვავებით რუსეთი მიერთებული არ არის და შეუძლია, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ აღასრულოს, მათ შორის, არც შესაძლო რეპერაციის გადახდის ნაწილში. დავითაიას თქმით, თუ სასამართლო პირობითად რუსეთის რომელიმე გენერალს ან უფრო მაღალი თანამდებობის პირს დამნაშავედ ცნობს, ის დაავალებს მესამე ქვეყანას, რომ განაჩენი აღასრულოს, მაგალითად, გაუყინოს ანგარიშები დამნაშავეს ან მის ტერიტორიაზე მოხვედრის შემთხვევაში დააპატიმროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი