ახალი ამბები

“რუსთავი 2” ახალ გარემოებაზე საუბრობს, რის გამოც მოსამართლე ურთმელიძის აცილებას ითხოვს

12 ოქტომბერი, 2015 • • 1193
“რუსთავი 2” ახალ გარემოებაზე საუბრობს, რის გამოც მოსამართლე ურთმელიძის აცილებას ითხოვს

“როდესაც მოსამართლის ოჯახის წევრი არის პრაქტიკულად პროკურატურის მძევალი და მას ემუქრება პატიმრობა. იგი არის შანტაჟის მსხვერპლი პროკურატურის მხრიდან. პროკურატურა მანიპულირებს ამ ოჯახის წევრით და, შესაბამისად, ის ვერ იქნება მიუკერძოებელი. ამიტომ მოსამართლე ურთმელიძე ამ პროცესს უნდა ჩამოშორდეს”, – განაცხადა “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

 

“რუსთავი 2” აცხადებს, რომ თამაზ ურთმელიძის დედას მდინარა გიორგობიანს პროკურატურა მალე წარუდგენს ბრალს და ეს მოსამართლეზე ზეწოლის მცდელობაა.

 

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, 2014 წლის 7 იანვარს მდინარა გიორგობიანმა თავისი სიძე ვალერი სილაგაძე ნაჯახით დაჭრა. ვალერი სილაგაძე ამბობს, რომ დავა შეეხებოდა ბინას, რომელიც მისი გარდაცვლილი მეუღლის დარეჯან ურთმელიძის საკუთრება იყო.

 

სილაგაძის განცხადებით, დარეჯან ურთმელიძის გარდაცვალების შემდეგ მან მოითხოვა, რომ ბინა მისი და დარეჯან ურთმელიძის შვილის სახელზე გადაფორმებულიყო, რაზეც მდინარა გიორგობიანმა უარი განაცხადა. სწორედ ამ დავის გამო დაჭრა მდინარა გიორგობიანმა სილაგაძე, როგორც თავად აცხადებს.

 

ვალერი სილაგაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას ასევე თქვა, რომ  მაშინ ადგილზე მივიდა პოლიცია, თუმცა გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობდა და არც იგი უცვნიათ დაზარალებულად 2015 წლის ივლისამდე, მას შემდეგ, რაც თამაზ ურთმელიძემ “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა დაიწყო.

 

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბერში ვალერი სილაგაძე გამოძიებამ დაზარალებულად სცნო. “ნეტგაზეთი” საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, რათა გაერკვია, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება აღნიშნულ საკითხზე, სადაც განგვიცხადეს, რომ ინფორმაციას ამ საკითხზე დაზუსტების შემდეგ მოგვაწვდიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე “რუსთავი 2”-ის მეწილეებსა და ქიბარ ხალბვაშის დავას განიხილავს. სასამართლომ საქმე წარმოებაში 2015 წლის 10 აგვისტოდან მიიღო. ხოლო 2015 წლის 6 აგვისტოს “რუსთავი 2”-ის ქონების ნაწილი დააყადაღა.

 

2015 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ტელეკომპანია საქართველოს წილები დააყადაღა, რომელიც თავის მხრივ ფლობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იან წილს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

რუსთავი 2
რუსთავი 2

მასალების გადაბეჭდვის წესი