ახალი ამბები

ქალებს გვაწუხებს ის, რომ გვკლავენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – დეკანოიძე

5 მარტი, 2024 •
ქალებს გვაწუხებს ის, რომ  გვკლავენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – დეკანოიძე

დღეს, 5 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდზე კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალმა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

დეკანოიძის თქმით, ამ ქვეყანაში ქალებს აწუხებთ ის, რომ მათ პირდაპირი მნიშვნელობით კლავენ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ფემიციდის პრობლემა არც უმრავლესობის და არც ოპოზიციის წევრი დეპუტატი კაცებისთვის აქტუალური არ არის.

„ჩემმა ქალმა კოლეგებმა ისაუბრეს ძალიან მძიმე პრობლემაზე. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ როცა რაღაც პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, არ მახსენდება უმრავლესობის წევრი, ასევე, გულისტკივილით უნდა ვთქვა, ძალიან იშვიათად მახსენდება ოპოზიციიდან გამოსული და უმრავლესობიდან კაცი, რომელიც ისაუბრებდა ქალების მკვლელობაზე და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ ქალები აღარ მოკლან.

რამდენიმე დღის წინ მოკლეს ახალგაზრდა ქალი, აჩეხეს, დაკუწეს და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას და სახელმწიფოს არ გაუკეთებია არცერთი მინიშნებაც კი, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ძალიან მძიმე პრობლემას და გამოწვევას. არ მახსენდება არცერთი ადამიანი უმრავლესობიდან, რომელიც გამოსულა და კონკრეტული კონცეპტუალური გეგმა წარმოუდგენია, როგორ უნდა ვებრძოლოთ ბავშვთა სიღარიბეს, იმას, რომ მოხუცები ქუჩაში დგანან და გარევაჭრობით ირჩენენ თავს. სამაგიეროდ, გამოგონილ პრობლემებს ებრძვიან, რომელიც არ აწუხებს საქართველოს მოქალაქეს. მათ აწუხებთ შიმშილი, ძალიან ბევრი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეშია. ქალებს გვაწუხებს ის, რომ ქალებს გვკლავენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ქალებს კლავენ და ამაზე არცერთი კონკრეტული ნორმალური პოლიტიკური დოკუმენტი არ შექმნილა ამ ხნის განმავლობაში და პრინციპში, არცერთი ხელისუფლების პერიოდში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


თითქმის ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ თავის სიტყვა გადათქვა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის ასაკრძალად კანონპროექტის მომზადება გადაწყვიტა.

მმართველი პარტიის ჰომოფობიური საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საზოგადოებას  29 თებერვალს ამცნო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ . გასული წლის მაისის დასაწყისში სწორედ მამუკა მდინარაძე ირწმუნებოდა, რომ „ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, „ქართულ ოცნებაში“ ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საარჩევნო წელს მმართველი გუნდის პოზიცია შეიცვალა და ახლა საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ დაცვას ჰპირდებიან.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციის შეცვლა რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანას ემსახურება. ოპოზიციის წევრები ხედავენ საფრთხეს, რომ მმართველი პარტიის დაანონსებული კანონპროექტი რეპრესიული იქნება და  ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას დაემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი