ახალი ამბები

ფემიციდისა და პედოფილიის ნაცვლად, ხელისუფლება ფსევდოლიბერალიზმთან ბრძოლას აანონსებს – თურაზაშვილი

5 მარტი, 2024 • 799
ფემიციდისა და პედოფილიის ნაცვლად, ხელისუფლება ფსევდოლიბერალიზმთან ბრძოლას აანონსებს – თურაზაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ფემიციდსა და პედოფილიას ებრძოლოს, ფსევდოლიბერალიზმთან ბრძოლას აანონსებს.

ამის შესახებ ქეთევან თურაზაშვილმა დღეს, 5 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„არ შემიძლია არ შევეხო ძალიან მძიმე პრობლემას – ფემიციდს. 2022 წელს მოკლულია 21 ქალი, 2023 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით მოკლულია 33 ქალი, 2024 წლის 10 იანვარს მძინარე ცოლი გამოასალმა სიცოცხლეს ქმარმა და 28 თებერვალს 21 წლის გოგო სასტიკად, წამებით მოკლეს. ზოგიერთ შემთხვევაში ნარკოდამოკიდებულება იკვეთება. ახალგაზრდების ნაწილს მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. მათთვის ყველანაირი ნარკოტიკი ხელმისაწვდომია და ამ ყველაფრის შესაჩერებლად ეფექტიანი მექანიზმი ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს“, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი მიუღწეველია.

„კიდევ უმძიმესი დანაშაული, რომელიც საქართველოში ყვავის, პედოფილიაა. კვირა არ გავა, შემზარავი ინფორმაცია არ გავრცელდეს, სადაც მსხვერპლი 5-9-10-11 წლის ბავშვები არიან. აქაც, როგორც ფემიციდის შემთხვევაში, არაჯანსაღ ფსიქიკასთან გვაქვს საქმე. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ ძალიან მძიმე რეალობასთან იბრძოლოს, ბავშვებს ასწავლოს მინიმუმ მოძალადის ამოცნობა და სხვა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, ფსევდოლიბერალიზმთან ბრძოლას აანონსებს. მსგავსი არაფრის მომცემი ინიციატივებით იფარება რეალური პრობლემები, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებთ“, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.


თითქმის ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი სიტყვა გადათქვა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის ასაკრძალად კანონპროექტის მომზადება გადაწყვიტა.

მმართველი პარტიის ჰომოფობიური საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საზოგადოებას  29 თებერვალს ამცნო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. გასული წლის მაისის დასაწყისში სწორედ მამუკა მდინარაძე ირწმუნებოდა, რომ „ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, „ქართულ ოცნებაში“ ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საარჩევნო წელს მმართველი გუნდის პოზიცია შეიცვალა და ახლა საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ დაცვას ჰპირდებიან.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციის შეცვლა რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანას ემსახურება. ოპოზიციის წევრები ხედავენ საფრთხეს, რომ მმართველი პარტიის დაანონსებული კანონპროექტი რეპრესიული იქნება და  ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას დაემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი