საზოგადოება

რას ფიქრობს ოპოზიცია „ოცნების“ ჰომოფობიურ ინიციატივაზე

1 მარტი, 2024 • 3093
რას ფიქრობს ოპოზიცია „ოცნების“ ჰომოფობიურ ინიციატივაზე

თითქმის ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ თავის სიტყვა გადათქვა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის ასაკრძალად კანონპროექტის მომზადება გადაწყვიტა.

მმართველი პარტიის ჰომოფობიური საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საზოგადოებას გუშინ, 29 თებერვალს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამცნო. გასული წლის მაისის დასაწყისში სწორედ მამუკა მდინარაძე ირწმუნებოდა, რომ „ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, „ქართულ ოცნებაში“ ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საარჩევნო წელს მმართველი გუნდის პოზიცია შეიცვალა და ახლა საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ დაცვას ჰპირდებიან.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციის შეცვლა რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადატანას ემსახურება. ოპოზიციის წევრები ხედავენ საფრთხეს, რომ მმართველი პარტიის დაანონსებული კანონპროექტი რეპრესიული იქნება და  ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას დაემუქრება.

„ნაციონალური მოძრაობა“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მოსახლეობის და მთელი პოლიტიკური სპექტრის ყურადღების გადატანას ცდილობს და მათ მიერ „შემოგდებულ“ თემას რაც ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ, მით უკეთესი იქნება.

„ქართულ ოცნებას“ ახასიათებს ის, რომ გადაფარონ ის მნიშვნელოვანი თემები, რაც მოქალაქეებს აწუხებთ. გადაფარონ კორუფციული გარიგებები, ეკონომიკური პრობლემები, ის, რომ სკოლებში ბავშვების 35%-ს შია, საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან მიდიან… მაგალითად, გუშინ რომ ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო და დებატები იყო საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლების პოზიცია შეუთავსებელია სტრატეგიულ  პარტნიორებთან. აი, ამ ყველაფრის გადასაფარად იყენებს თემას, რომელიც სხვა არაფერია, გარდა შეთქმულების თეორიისა. ცდილობენ საქართველოს მოსახლეობის და მთელი პოლიტიკური სპექტრის ყურადღების გადატანას.

ეს კანონპროექტი არის პრობლემა, მთავარი მიზანი ამ კანონპროექტის შემოტანის არის ის, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხიდან იყოს ყურადღება გადატანილი.  ამიტომ ჩემი აზრია, რომ რაც ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ ასეთ შემოგდებულ თემებს, მით უკეთესია. უბრალოდ, წარმოუდგენელია, სადამდე შეიძლება მივიდეს „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი, როდესაც მილიონი სხვა პრობლემა აქვს საქართველოს მოქალაქეებს“, — განუცხადა ანი წითლიძემ ნეტგაზეთს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას „სასოწარკვეთილი ფარისევლების მცდელობას“ უწოდებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე.

მისი თქმით, ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს, როგორმე მოიგოს საზოგადოების იმ ნაწილის გული, რომელიც თავს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლად მიიჩნევს.

„12 წელი სად იყო „ქართული ოცნება“ თუ ეს პროპაგანდა ხალხს რყვნიდა და სამჯერ გაიზარდა ასეთი ადამიანების რაოდენობა… რას აკეთებდნენ?! ან განათლების სისტემაში რა გააკეთეს ან მართალი სარწმუნოების წესით ცხოვრების ხელშეწყობისთვის რა გააკეთეს?! – არაფერი“, — აცხადებს პაატა მანჯგალაძე ნეტგაზეთთან.

მისივე აზრით, „ქართული ოცნება“ ფარისევლობს და ცდილობს, ასეთი თემების გააქტიურებით ოპოზიციამ არ ისაუბროს ფასების ზრდაზე, ხალხის საქართველოდან გაქცევაზე, უმუშევრობაზე, ბავშვთა შიმშილზე…

„მოიტანეს რაღაც თემა, რომელიც თითქოს უპირატესობას აძლევს „ქართულ ოცნებას“.  ეს არის წინასაარჩევნოდ სასოწარკვეთილი ფარისევლების მცდელობა, რომ წამოიწყონ ცრუ დისკუსიები.

ბოლო კვლევებით მათი რეიტინგი იმაზე უფრო ცუდია, ვიდრე იყო 1 წლის წინ. ახლა ცდილობენ, რომ ყველგან რაღაც ელექტორალური სარგებელი ნახონ. ამათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხვალ თუ კვლევა უჩვენებს, რომ პროპაგანდა პირიქით მომგებიანია, მთავარი პროპაგანდისტები თვითონ გახდებიან. ასეთი ხალხია „ქართულ ოცნებაში“. ეს არის მიზანმიმართული ცრუ დისკუსიების და დილემების შემოტანის მცდელობა“, — ამბობს პაატა მანჯგალაძე.

„ლელო“

„ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, პარტიაში მიაჩნიათ, რომ პრობლემები სულ სხვაგანაა და არა „იმ გამოგონილ და ყალბ რეალობაში“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახვევს თავს საქართველოს მოქალაქეებს.

მისი თქმით, მმართველი პარტია საქართველოს წინააღმდეგ რუსულ სტილის ჰიბრიდულ ომს ეწევა.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ რეალურად სულ სხვა რაღაცებია დღეს გასაკეთებელი. ამ კანონის ნაცვლად, დღეს საკანონმდებლო დონეზე უნდა გატარდეს, მაგალითად, „საქართველოს დაცვის აქტი“, რომელიც „ლელოს“ აქვს ინიცირებული და ასეთი რაღაცები, არა გამოგონილი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ძალიან კონკრეტული საფრთხეების წინააღმდეგ არის დღეს ბრძოლა გასაწევი, რაც პირველ ყოვლისა არის პოლიტიკის, ეკონომიკის და საზოგადოებრივი ცხოვრების რუსიფიკაციის საფრთხე. ის, რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრება, ეს არის რუსეთი და იმით, თუ რა თემებს აპყრობს ყურადღებას, რეალურად ვლინდება ამ ხელისუფლების სახე. დასტურდება ის, რომ ისინი ემსახურებიან რუსეთს“, – ამბობს გრიგოლ გეგელია ნეტგაზეთთან.

მისი თქმით, „ლელო“ ყალბ დღის წესრიგში შეგნებულად არ აჰყვება  „რუსეთის მსახურ ხელისუფლებას“.

„მე ვფიქრობ, ყველა ჩვენი პარტნიორი კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დაინახავს, რომ დღეს საქართველოს რუსეთის მსახური ხელისუფლება მართავს, რომელიც რუსული ტექნიკით და ანტიქართული ჰიბრიდული ომით ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანების რეალურ პრობლემებზე არ კეთდებოდეს აქცენტი.

ისინი კიდევ ერთხელ დაინახავენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო რეალურად არ იყოს თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ის მეტად და მეტად ჩათრეული იქნას რუსულ ორბიტაზე“, — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

„გირჩი“

„ქართული ოცნების“ მხრიდან „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ ბრძოლა კომიკურად მიაჩნია „გირჩის“ წევრ ალექსანდრე რაქვიაშვილს.

„ზოგადად, „ქართული ოცნება“ რომ „ლგბტ პროპაგანდას“ ებრძვის, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, რადგან მთავარი „ლგბტ პროპაგანდისტი“ ქვეყანაში ისინი არიან. „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა გენდერის ცნება კანონმდებლობაში – ადამიანი რომ სცემო და ამ მომენტში შეაგინო და რამე გენდერი გამოიყენო, ამიტომ რამდენიმე წელი გემატება, რადგან გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული იქნება. ეს „ქართული ოცნების“ გაკეთებულია და ფაქტობრივად ლგბტ თემის ყველა წარმომადგენელი „ქართულმა ოცნებამ“ ჩააყენა პრივილეგირებულ მდგომარეობაში.

ჩვენ პირიქით კანონპროექტი გვაქვს, რომ სიტყვა გენდერი ამოვიღოთ კანონმდებლობიდან. გენდერული ტრენინგები [ტარდება] მანდატურებსაც კი აქვთ  და სკოლაშიც კი შედის ეს ყველაფერი ისევ „ქართული ოცნების“ ინიციატივით. ამიტომ, როცა „ქართული ოცნება“ გამოდის და წინასაარჩევნოდ თავის თავი ტრადიციების დამცველად წარმოუდგენია, ეს ყველაფერი სასაცილოა და არასდროს დავიჯერებ მათ გულწრფელობას, თუ ისინი მართლა არ დაიწყებენ იმ კანონმდებლობის გამოსწორებას, რომელიც თვითონვე მიიღეს“, — აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი ნეტგაზეთთან.

„გირჩის“ კიდევ ერთი წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა მართლა ზრუნავდეს ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ პრობლემებზე, არარსებული საჭიროების თემა მოიგონეს.

მისი თქმით, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივი გახდება.

„მოგეხსენებათ, პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და ყველაფერში ვითხოვთ მთავრობის დახმარებას, მაგრამ ეს ერთადერთი საკითხია, როცა ქართველ ხალხს მთავრობისთვის არ გვითხოვია დახმარება. არ გვითხოვია, დაგვეხმარეთ ჩვენი სხეულის სენსიტიური ნაწილების დაცვაშიო. ასეთი არც თხოვნა და არც საარჩევნო დაპირება ყოფილა.

ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა მართლა ზრუნავდეს ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მოიგონეს არარსებული საჭიროების თემა – ქართველი ხალხის უკანალების დაცვა – და შეუდგნენ ამ ფუნქციის განხორციელებას. ეს ცოტა სასაცილო მგონია, მაგრამ მთლად ირონიულიც არ არის. სავარაუდოდ, ამ მოტივით აპირებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. დავაკვირდებით, ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით, თან ეს ისეთი პროცესია, ამ პროცესში ჩართული მთავრობა სულ სხვანაირად არის სანახავი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ევროპული საქართველო“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, არარსებული საფრთხეების დასახვა ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ.

როგორც ჩერგოლეიშვილი ამბობს, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ არარსებული შიშების კულტივაციით მიზანს მიაღწევს.

„არჩევნებისთვის მორიგი არარსებული საფრთხე დასახა ხელისუფლებამ და საქართველოს გადასარჩენად იბრძვის არარსებულ საფრთხესთან. ეს არ არის ამათი მოგონილი მეთოდი, არარსებული საფრთხეების დასახვა ყველა ავტორიტარის ხელწერაა და ასე ხდება ამ შემთხვევაშიც.

ჩვენ გვახსოვს 2020 წელი, როცა გარეჯს იბრუნებდა საქართველოს ხელისუფლება. რამე შეიცვალა გარეჯთან მიმართებით? რამენაირად დაიბრუნეს? ის კამპანია რატო აღარ გრძელდება? წინასაარჩევნო კამპანია იყო, რომ ჩამორჩენილებად ვისაც მიიჩნევენ ქართველ ამომრჩეველში, ის ჩამორჩენილები გაებრიყვებინათ“, — განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ეს პოდკასტში“.

„დროა“

პარტია „დროაში“ მიიჩნევენ, რომ ადამიანების დაყოფა, სხვადასხვა ჯგუფის საზოგადოების მტრად შერაცხვა, სიძულვილის გაღვივება, ძალადობის ორგანიზება, შიშის დათესვა და ამ გზით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ივანიშვილის ტრადიციული ხელწერაა.

„ლგბტ თემი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული, მთავრობის მიერ დემონიზებული ჯგუფია. ივანიშვილის მიერ საზოგადოების გახლეჩვის ახალი მცდელობისთვის სექსუალური უმცირესობები სწორედ ამ ნიშნით შეირჩა“, — აცხადებს „დროა“.

პარტიისვე შეფასებით, მთავრობა კანონპროექტის ტექსტის გამოქვეყნების გარეშე უბრალოდ ამკვიდრებს ტერმინებს „ლგბტ პროპაგანდა“, „ფსევდოლიბერალური ღირებულებები“ და ცდილობს, შექმნას შიშის, დაპირისპირების, გაურკვევლობის ახალი ანტიდასავლური კერა.

„დროას“ აზრით, ამგვარი პროვოკაციული ინიციატივები ივანიშვილის მხრიდან არჩევნებამდე მრავლად იქნება. მათი მიზანია:

  1. შექმნას საზოგადოების დაპირისპირების ახალი კერები;
  2. მიზანში ამოიღოს მოწყვლადი ჯგუფები და მათი გაშავების ხარჯზე გაზარდოს საკუთარი საარჩევნო რეიტინგი;
  3. დააშოროს საქართველო ევროკავშირსა და ნატოს;
  4. პოლიტიკური/საარჩევნო დღის წესრიგი წარმართოს მისთვის სასურველი სცენარით.

„ჩვენ არ ვაპირებთ, კომენტატორის როლი მოვირგოთ და ავყვეთ რუსი ოლიგარქის მიერ შემოთავაზებულ ხელოვნურ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ამ და სხვა ნებისმიერი პოლიტიკური პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად გვესახება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსი ოლიგარქის დამარცხება და ავტორიტარული მმართველობის დემოკრატიული, კოალიციური მოდელით ჩანაცვლება.

პარტია „დროა“ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ყველა ჩაგრული ჯგუფის, მათ შორის ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით“, — აცხადებს „დროა“, რომლის ლიდერია ელენე ხოშტარია.

„გირჩი – მეტი თავისუფლება“

„გირჩი მეტი-თავისუფლების“ წევრის, ბორის ყურუას განცხადებით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ არარსებული პრობლემის ტირაჟირებაში არ უნდა აჰყვეს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციამ არა თავის ხედვებზე ისაუბროს, არამედ მმართველი პარტიის შექმნილ დღის წესრიგს მოერგოს.

„არ მგონია, რომ ამის ტირაჟირებაში უნდა ავყვეთ. სინამდვილეში რაზეც არის ქარიშხალი ატეხილი, კაცმა არ იცის, რა ხდება. უბრალოდ, ამბობენ, რომ რაღაცის დაინიცირებას მოახდენენ, თუმცა, რისი ინიცირება, რისი აკრძალვა უნდათ, არ ვიცით. ასე რიტორიკის დონეზე ნებისმიერი ტიპის აკრძალვა შეგვიძლია მოვიფიქროთ. ახლა მათ უნდათ, რომ ყვირილი დავიწყოთ, ერთი ამბავი ავტეხოთ და მერე ჩვენ გვაბრალონ, რომ ესენი არიან ამერიკის მოგზავნილი აგენტებიო.

მგონია, რომ ამ თამაშში არ უნდა ავყვეთ. ადგნენ, კანონპროექტი დააინიცირონ და შემდეგ ვილაპარაკოთ, იურიდიულად რამდენი სწორია, რის გაკეთებასაც აპირებენ და მორალურად რამდენად სწორია. ჯერ ეს არის უბრალოდ მათგან გადმოგდებული ანკესი, რომ დღის წესრიგი წაიღონ და სხვა რაღაცებზე გვალაპარაკონ იმაზე საუბრის ნაცვლად, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ,  როგორ უნდა შეცვალოს ქვეყანა, როგორია მათი ხედვა. ახლა უნდათ, რომ მთელი ოპოზიცია ამ არარსებულ კანონზე ალაპარაკონ“, – განუცხადა ბორის ყურუამ ნეტგაზეთს.

„ლეიბორისტული პარტია“

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის გიორგი გუგავას განცხადებით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული თემით „ქართული ოცნება“ რეალური პრობლემების გადაფარვას ცდილობს, ამას დასავლეთის წინააღმდეგაც იყენებს.

მისი თქმით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხის განხილვაში არ უნდა შეჰყვეს.

„ჯერ არ  ვიცით, საბოლოო სახე რა ექნება ამ ინიციატივას, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ მათ არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნიათ იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს. კვლავ სურთ, რომ ყურადღება გადაიტანო ამ საკითხზე და ჰგონიათ, რომ ამით საზოგადოების მხარდაჭერას მოიპოვებენ.  ასევე ამ პროპაგანდისტული იარაღის გამოყენება სურთ დასავლეთის წინააღმდეგ. ეს ორი დანიშნულება გააჩნია ამ ინიციატივას.

მე ვფიქრობ, არ არის საჭირო, რომ ამაში [ოპოზიცია შეყვეს]. მით უმეტეს, ანტიდისკრიმინაციული კანონი მათ მიიღეს და აქედან გამომდინარე მთელი პასუხისმგებლობა მათზე უნდა დარჩეს. ეს არ უნდა გახდეს საჯილდაო ქვა ოპოზიცია-პოზიციას შორის. ჩვენს საზოგადოებას დღეს სხვა რამ აწუხებს“, – განუცხადა ნეტგაზეთს გიორგი გუგავამ.

„ევროოპტიმისტები“

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მსგავსი შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დარეგისტრირებული აქვს  „ქართულ ოცნებამდე“  პრორუსულ, ძალადობრივ ჯგუფ „ალტ-ინფოს“.

ამიტომ ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ „ალტ-ინფოს“ გაგრძელებაა.

„კი ემიჯნებიან „ალტ-ინფოს“, მაგრამ ერთმანეთს ავსებენ ძალიან კარგად. ამიტომ, როდესაც რეალურ პრობლემებს ვერ აგვარებენ, რა თქმა უნდა, არარსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ის, რომ სკოლაში ბავშვები შიმშილობენ, არ აწუხებთ და ბავშვი რომელ ანიმაციას უყურებს, ეგ აწუხებთ. ეს არის მათი კიდევ ერთი მცდელობა, რომ მთელი ფოკუსი გადაიტანონ იმ პრობლემაზე, რომელიც საქართველოს საერთოდ არ აწუხებს“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე ნეტგაზეთთან.

ხატია დეკანოიძის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ მსგავს კანონს მიიღებს, ეს არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების, არამედ ყველას გამოხატვის თავისუფლებას შეეხება.

„ასეთივე პროპაგანდა გამოიყენა კრემლმა, რომ  შეეზღუდა შეკრების და მანიფესტაციის უფლება. ეს არ შეხებია ცალკე, კონკრეტულად ვინმეს, ეს შეეხო აბსოლუტურად ყველას. ამიტომ, თუ ამ კანონპროექტს შემოიტანენ, არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველას შეეხება და მე ამაში დარწმუნებული ვარ.  არარსებული პრობლემიდან რეპრესიული კანონის შექმნა რუსული მმართველობის სტილია. რუსული მმართველობის სტილს იმეორებენ ძალიან კარგად. მათ სურთ ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს,  „ალტ-ინფოს“ ნებისმიერი ინიციატივა არის კრემლის ინიციატივა, რომლის განხილვაში შესვლასაც არ აპირებს.

„ჯერ კანონპროექტი არ არსებობს, თუმცა მე „ალტ-ინფოს“ კანონპროექტის განხილვაში ნამდვილად არ შევალ. ჩემი პასუხი მხოლოდ ის იქნება, რომ მათ არ აწუხებთ ბავშვების სიღარიბე და რეალური მდგომარეობა. მათ აწუხებთ ის, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ ნებისმიერი რუსული პროპაგანდის გამეორებით. ამიტომ ეს უნდა იყოს პასუხი, რადგან თუ  ვინმე ებრძვის ტრადიციებს, ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას და იდენტობას, გელათიდან დაწყებული საყდრისით დამთავრებული, ეს არის „ქართული ოცნება“, — აცხადებს ხატია დეკანოიძე.

„მოქალაქეები“

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ქეთევან თურაზაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ქცევა კრიტიკას ვერ უძლებს. მისი თქმით, მმართველი პარტია არარსებულ მტრებს იგონებს და ებრძვის.

„რეალურად ეს მტერი არ არსებობს და მასთან საბრძოლველად „ქართულ ოცნებას“ არანაირი მოქმედება არ სჭირდება. უბრალოდ, ეს მტერი მოიგონეს და ახლა მთელი ძალით ებრძვიან. „ხალხის ძალამ“ დაიწყო ამაზე საუბარი, მერე გაშალეს ღამის შოუებში თემა და გუშინ ვნახეთ, რომ ბრიფინგიც მიუძღვნეს [„ქართულ ოცნებაში“].

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მნიშვნელოვანი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება ეს ყველაფერი. ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრი სოციალური პრობლემაა, ეს გამოგონილი ახალი პრობლემა შემოგვთავაზა „ქართულმა ოცნებამ“, — განუცხადა ნეტგაზეთს ქეთევან თურაზაშვილმა.

ქეთევან თურაზაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დაანონსებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში უნდა შეჰყვეს, რათა უფრო კარგად დაანახოს საზოგადოებას, რამდენად არარსებულ მტერთან იბრძვის.

„ჩვენ თუ არ ვიაქტიურეთ და შეკითხვები არ დავსვით, იმათ კომფორტი ექმნებათ. ამიტომ ჩემი პოზიცია ასეთია, რომ პირიქით, რაც შეიძლება მეტი შეკითხვა უნდა დავუსვათ, რომ საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს, რეალურად რას აკეთებს „ქართული ოცნება“, — განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა პარტიას „საქართველოსთვის“, რათა მათი პოზიციაც გაეგო. პარტიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

რაც შეეხება პარლამენტში წარმოდგენილ კიდევ ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს, „ევროპელ სოციალისტებს“, რომლებიც „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილი არიან, ისინი „ლგბტ პროპაგანდის“ შეზღუდვას ჯერ კიდევ გასულ წელს ემხრობოდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი