ახალი ამბები

რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, როცა ოჯახში ძალადობა და პედოფილია უდიდესი პრობლემაა – კორძაია

5 მარტი, 2024 • 580
რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, როცა ოჯახში ძალადობა და პედოფილია უდიდესი პრობლემაა – კორძაია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, მაშინ, როდესაც ოჯახში ძალადობა ეროვნულ ტრაგედიად არის ქცეული და პედოფილია ქვეყნის უდიდესი პრობლემაა, მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესი რეალური გამოწვევების დაძლევა არაა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესი მხოლოდ არჩევნებზე გადის.

ამის შესახებ თამარ კორძაიამ დღეს, 5 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და ჩამოთვალა მხოლოდ იანვარში მომხდარი ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მაგალითები.

„რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?! რომელ ჯანსაღ გარემოზე და რომელ ახალ პროექტებზე, მაშინ, როდესაც ოჯახში ძალადობა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიად ქცეული?! მე ვიცი, რომ შემზარავია უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის ეს მონაცემები. ვიცი, რომ გაწუხებთ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენი ძალისხმევა სწორედ ამის დაძლევისკენ უნდა მივმართოთ.

სამწუხაროდ, ამ ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ განათლების მინისტრმა სკოლებში აღნიშნულ საკითხებზე მეტი ყურადღება გაამახვილოს, გადაწყვიტა, რომ საარჩევნოდ სტუდენტები უნდა მოისყიდოს და სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე, თან გამოცდების გარეშე, რეფორმებს გვიანონსებს. ჩვენ ვხედავთ, სად გადის უმრავლესობის პოლიტიკური ინტერესი და სად არის რეალური ინტერესი – არა რეალური პრობლემების დაძლევაში, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ პედოფილია არის უდიდესი პრობლემა საქართველოში, არამედ იქ, სადაც არჩევნების ინტერესი გადის“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაიამ უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ როგორც ჯანდაცვის, ასევე, განათლების სამინისტრომ, ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. მისი თქმით, ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არიან, კონკრეტული კომპლექსური ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი