ახალი ამბები

ჰერჩინსკის აზრით, სამუშაო ჯგუფებში პლატფორმიდან გასული NGO-ებიც უნდა მიიწვიონ

15 თებერვალი, 2024 • 712
ჰერჩინსკის აზრით, სამუშაო ჯგუფებში პლატფორმიდან გასული NGO-ებიც უნდა მიიწვიონ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პაველ ჰერჩინკის თქმით, ბრიუსელის რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმიდან გასული არასამთავრობო ორგანიზაციებიც უნდა მონაწილეობდნენ.

„სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საკვანძო მნიშვნელობისაა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, საქართველოს ჩათვლით“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ და დასძინა, რომ ევროკომისიის მე-9 რეკომენდაცია საქართველოს მიმართ სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფაა.

ჰერჩინსკის თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იპოვოს გზა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობისთვის.

„გასულ წელს დისკუსიების ძალიან პოზიტიური პროცესი დაიწყო ხელისუფლებას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ოპოზიციის და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმაში არიან ჩართული. სამწუხაროდ, გარკვეული შიდა პროცესების გამო ზოგიერთმა დიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა პლატფორმის დატოვება. ახლა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იპოვონ გზა, რომლითაც ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია — პლატფორმა და სხვები, რომლებმაც დატოვეს პლატფორმა — იქნება ჩართული და შეძლებენ, საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას“, — განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

პარლამენტში ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში გასულ თვეს არ მიიწვეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და სხვა ორგანიზაციები, რომლებმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა დატოვეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას პარლამენტი NGO-ების კოალიციის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის“ გავლით განიხილავს და „ცალ-ცალკე ენჯეოებს ვერ გამოეკიდებიან“.

საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს „საქართველოს ეროვნულ პლატფორმას“ შორის გასულ წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც, პარლამენტის შეფასებით, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ევრორეკომენდაციის მე-10 პუნქტის შესრულებისთვის.

ევრორეკომენდაციებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე NGO-ების ნაწილი არ მიიწვიეს

სამოქალაქო სექტორი მხოლოდ „პლატფორმით“ ვერ შემოიფარგლება, მეტი ჩართულობა უნდა იყოს — ჩხობაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი