ახალი ამბები

პარლამენტსა და ეროვნულ პლატფორმას შორის მემორანდუმი გაფორმდა

20 ოქტომბერი, 2023 • 1991
პარლამენტსა და ეროვნულ პლატფორმას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს „საქართველოს ეროვნულ პლატფორმას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რითაც, პარლამენტის შეფასებით, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ევრორეკომენდაციის მე-10 პუნქტის შესრულებისთვის.

მე-10 რეკომენდაცია გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ.

„განსაკუთრებით ვაფასებთ ეროვნულ პლატფორმასთან ურთიერთობას. ერთი მხრივ, ეს არის პლატფორმა, სადაც გაერთიანებულია ორასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და მას შეუძლია ისაუბროს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით. ეს არის უშრეტი წყარო პროფესიონალური რჩევის და რეკომენდაციებისა. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი და ფასეულია ეს ურთიერთობა, ვინაიდან ნებისმიერ რეფორმას და სიახლეს სჭირდება მიმღეობა საზოგადოებისგან“, — აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, პარლამენტის და ეროვნული პლატფორმის წელიწად-ნახევრიანი ურთიერთობის დროს ჩატარდა ორი დიდი კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა, ერთი მხრივ – რეკომენდაციების საკითხს, მეორე მხრივ კი, ასოცირების შეთანხმებაში არსებულ სექტორულ მიმართულებებს. სწორედ ამ კარგმა გამოცდილებამ გააჩინა მოსაზრება, რომ ეს ურთიერთობა მოქცეულიყო გარკვეულ სისტემაში.

„ჩვენი ამოცანები და მიზნები, რომელსაც ვათანხმებთ ამ მემორანდუმით, არის ის, რომ გავაგრძელოთ ასეთი სახის კონფერენციების ჩატარება. მემორანდუმით გათვალისწინებულია, რომ პლატფორმა დაასახელებს საპარლამენტო მდივანს, რომელსაც ექნება განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა პარლამენტთან. პარლამენტი ეროვნულ პლატფორმას პროაქტიულად გაუზიარებს ყველა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დაინიცირდება პარლამენტში, და ასევე, გვექნება ყველა ამ ფორმატში განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა“, — აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კიდევ უფრო მეტად იქნებიან ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი