ახალი ამბები

სამოქალაქო სექტორი მხოლოდ „პლატფორმით“ ვერ შემოიფარგლება, მეტი ჩართულობა უნდა იყოს — ჩხობაძე

29 იანვარი, 2024 • 653
სამოქალაქო სექტორი მხოლოდ „პლატფორმით“ ვერ შემოიფარგლება, მეტი ჩართულობა უნდა იყოს — ჩხობაძე

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა აუცილებელია.

ამის შესახებ მან დღეს, 29 იანვარს, პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც სწორედ ევროკავშირის 9 რეკომენდაციას შეეხებოდა.

შეხვედრას არ ესწრებოდა აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, მათ შორის, საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სხვა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის წევრები მოიწვიეს, რადგან უკვე წელიწად-ნახევარია, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ფორმატი ამ პლატფორმაზე გადის.

თუმცა ნინო ჩხობაძის განცხადებით, სამოქალაქო სექტორი უფრო დიდია და მხოლოდ ეროვნული პლატფორმით ვერ შემოიფარგლება. ამიტომ, მისი თქმით, ამ პროცესში სამოქალაქოს სექტორის უფრო მეტი ჩართულობა უნდა იყოს. თუმცა, როგორც ჩხობაძე აღნიშნავს, ჩართულობა არა მონაწილეობას, არამედ კონკრეტული წინადადებების წარდგენას და მათ მოსმენას ნიშნავს.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს სამუშაო ფორმატი ამას არ ეყოფა. ვთვლით, რომ უნდა იყოს სამუშაო ჯგუფები კომიტეტებთან, საკომიტეტო ღია განხილვები ისედაც ხდება, მაგრამ ეს უნდა იყოს უფრო მეტი ჩართულობით. სამუშაო ჯგუფებში უფრო მუშა წესით იხილება ყველას წინადადება, საკომიტეტო მოსმენებისას ჯერ პარლამენტარებს ეთმობა დრო და შემდეგ ეძლევა მესამე სექტორს შეკითხვის დასმის ან აზრის გამოთქმის საშუალება.

ამიტომ, სამუშაო ჯგუფებში მუშაობა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, სამუშაო ჯგუფების ფორმატები იყოს უფრო გახსნილი, მეტი ჩართულობით და მეტი სწორი გადაწყვეტილებებით, საბოლოო ჯამში“, — განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

პარლამენტში შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამაც, სადაც პარლამენტს მოუწოდებენ, რომ სამუშაო პროცესი წარმართოს ინკლუზიურობის პრინციპის დაცვით და უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი