საზოგადოება

ევრორეკომენდაციებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე NGO-ების ნაწილი არ მიიწვიეს

29 იანვარი, 2024 • 804
ევრორეკომენდაციებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე NGO-ების ნაწილი არ მიიწვიეს

საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არ მიიწვეს.

ღონისძიებას აღნიშნული მიზეზით არ ესწრებიან ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“,  „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და სხვა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას პარლამენტი NGO-ების კოალიციის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის“ გავლით განიხილავს, და „ცალ-ცალკე ენჯეოებს ვერ გამოეკიდებიან“:

“ეს პლატფორმა ერთადერთი გაერთიანებაა, რომელიც ინსტიტუციურადაა დაკავშირებული ევროკავშირთან. როგორც იცით, ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ქართული სექტორი და არის ევროკავშირის ქოლგის ქვეშ.

ეს არის ყველაზე დიდი გაერთიანება არასამთავრობო ორგანიზაციების. დაახლოებით 200 ორგანიზაცია არის და ყველა ორგანიზაცია არის ამ პლატფორმის წევრი. წელიწად-ნახევარია სწორედ ამ კუთხით არის თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ ცოტა ხნის წინ მემორანდუმსაც მოვაწერეთ ხელი, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის ჩვენს ვალდებულებას ჩავრთოთ პლატფორმა ამ საქმიანობაში. შესაბამისად, პლატფორმა არის მოწვეული და შიგნით უკვე თავად ყალიბდებიან, ვინ არის წარმომადგენელი. რაც შეეხება თქვენ მიერ დასახელებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც წერილით მომმართეს, ამ წერილით გავიგე, რომ პლატფორმა დაუტოვებიათ. მათი არჩევანია ეს, უნდათ თუ არა იყვნენ ჩართული ამ მხრივ პარლამენტის საქმიანობაში. პლატფორმის ფარგლებში არის თანამშრომლობა. ასე ცალკე ჩვენ ენჯეოებს ვერ გამოვეკიდებით, ვინ ჩავრთოთ და ვინ არა“, — აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულ საკითხზე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს, ნინო დოლიძეს დაუკავშირდა, როგორც დოლიძე აცხადებს, ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რათა პროცესი იყოს ინკლუზიური, რასაც საქართველოსგან მისი დასავლელი პარტნიორები ელოდებიან:

„ცნობილია, რომ ახლა ევროკავშირის მიერ დასახული 9 ნაბიჯი გვაქვს შესასრულებელი და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. ამაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის შემდგომი სვლა და პროგრესი ევროინტეგრაციის მიმართულებით. ცხადია, ევროკავშირი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ელოდებიან, რომ ამ ნაბიჯების გადადგმის დროს პროცესი იქნება ინკლუზიური, სადაც ყველა მხარე თანაბრად ჩაერთვება და მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი ორგანიზაცია მუდმივად მზად არის ჩაერთოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში… იმ კომპონენტებში, სადაც ჩვენი კომპეტენციაა. თუმცაამ შემთხვევაში ჩვენ არ მიგვიწვიეს და, შესაბამისად ,ვერ წავედით და არ წავედით“, — აღნიშნავს დოლიძე.

მისი თქმით, პაპუაშვილის განცხადება, რომელიც გამორიცხავს ხელისუფლების თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორთან პლატფორმის მიღმა, მიუღებელია, რადგანაც ბევრი თემატური ორგანიზაცია, რომელიც წლებია ამა თუ იმ მიმართულებით სიღრმისეულად მუშაობს, პალტფორმის წევრი არაა:

„ნამდვილად სამწუხაროა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრი იყოს ჩართული თემატურად ასეთ სამუშაო ჯგუფებსა თუ შეხვედრებში. ქვეყანაში ბევრი ორგანიზაციაა და ცხადია, ყველა არ არის პლატფორმის წევრი.  მხოლოდ პლატფორმით არ უნდა ხდებოდეს შერჩევა. არ შეიძლება ასე დავიწროება. ვიქნებით თუ არა პლატფორმის წევრები, ეს ჩვენი შიდა საკითხია. ბევრი სხვადასხვა ჯგუფის წევრი ვართ თუ არ ვართ, ეს ორგანიზაციის სტრატეგიიდან გამომდინარე წყდება ხოლმე და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირის რეკომენდაციებთან და არც უნდა იყოს განხილვის საგანი“, — აცხადებს ნინო დოლიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი