ახალი ამბები

აბასთუმნის ობსერვატორიის საცხოვრებელში შეშვების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

15 თებერვალი, 2024 • 917
აბასთუმნის ობსერვატორიის საცხოვრებელში შეშვების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა დღეს, 15 თებერვალს, თბილისში აქცია გამართეს. ისინი პროტესტის მთავარ მიზეზად ასახელებენ იმ ფაქტს, რომ თავად და თავიანთი ოჯახის წევრებს აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე, საკუთარ საცხოვრებლებში არ უშვებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ოჯახის უახლოეს წევრებს სახლში შესვლა არ შეუძლიათ და დაყოფილი არიან კატეგორიებად, იქ შესაღწევად კი უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა.

როგორც ისინი ამბობენ, შეზღუდვის თავდაპირველი საბაბი „მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები“ იყო, რომელიც 2023 წლის მაისში დაიწყო და მხოლოდ და მხოლოდ სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„მე მაქვს შესვლის უფლება, ეს უფლება ასევე აქვთ ჩემს შვილებს. ფორმა უნდა შეავსო, სადაც არ შედის სიძე, რძალი, ანუ ბავშვის მამა და დედა ვერ შევლენ. რაღაც სისულელეებს იგონებენ, იმიზეზებენ რეაბილიტაციას, რომელიც რეალურად არ მიმდინარეობს, ყოველ შემთხვევაში, მასშტაბური. რეაბილიტაცია დაგეგმილია, მაგრამ არ არის იმ მასშტაბის, რომ ასეთი ჩაკეტვები იყოს საჭირო. ეს არის მოგონილი მიზეზები და ეს არის ჩვენი პროტესტის მიზეზი“, — უთხრა ნეტგაზეთს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლის შვილმა თამთა ჭანტურიამ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე თამარ შველიძე ამბობს, რომ ობსერვატორიის დაკეტვის ოფიციალური მიზეზი არ შეესაბამება სიმართლეს:

„ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ვიდეომასალა, რომლის მიხედვითაც ძალიან კარგად ჩანს, რომ არ მიმდინარეობს არავითარი სარეაბილიტაციო სამუშაოები, ყოველ შემთხვევაში, მასშტაბური. მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობდა მხოლოდ მაისში, რაც სამი დღის განმავლობაში დასრულდა. ამ ეტაპზე იქ არაფერი ხდება. თუმცა ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრებს, როგორებიც არიან რძალი, სიძე, სრულწლოვანი შვილიშვილი, ტერიტორიაზე სრულად ეკრძალებათ შესვლა. რაც შეეხება დანარჩენებს, მათ აქვთ შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ საშვით“.

თამარ შველიძის თქმით, ამ ეტაპზე არ შეუძლია საკუთარ ბინაში შესვლა, რომელიც მამამისის საკუთრებაშია. ის ამას მიიჩნევს „დისკრიმინაციულ“ და „არასწორ“ მოპყრობად:

„აქ საკითხი არის ის, რომ სახელმწიფოსთან ერთად უნდა მოხდეს ობსერვატორიაში არსებული ბინების საკითხის გადაწყვეტა. სახელმწიფო ამ საკითხში ჩამოყალიბებული არ არის. სანამ სახელმწიფოს არ აქვს გაცემული პირდაპირი დირექტივა, რომ ასე უნდა გადაწყდეს ამ ბინების საკითხი, მანამდე ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ობსერვატორიის დირექტორი რევაზ ჭანიშვილი თვითნებურად ნუ წყვეტს, ვის დაუშვებს ტერიტორიაზე და ვის — არა“.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, თამარ შველიძემ გვითხრა, რომ ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებლებში შესვლაზე შეზღუდვა ლეგიტიმური არ არის.

„აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე ბიძინა ჩარგეიშვილმა ცოტა ხნის წინ გვითხრა, რომ ვიტყუებით და საინტერესოა, რა უნდა დაგვიპირისპიროს მან ჩვენს მიერ გადაღებულ ვიდოებზე, სადაც ჩანს, რომ რეაბილიტაცია არ მიმდინარეობს. შეზღუდვის საფუძველი ლეგიტიმური არ არის. ის, რომ შენ უთხრა 80 წლის თანამშრომელს, შენი შვილი სრულწლოვანია და შენთან ვერ მოვა, ვერ გნახავს, სცდება როგორც სამართლებრივ, ასევე მორალურ და ადამიანურ ჩარჩოებს“, — მიიჩნევს თამარ შველიძე.

აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ბინებში შესვლა თავდაპირველად პანდემიის, შემდგომ კი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საფუძვლით შეუზღუდეს.

საუბარია საცხოვრებელ კორპუსებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში დაარსებული ობსერვატორიის ტერიტორიაზე დგას. დაწესებულების თანამშრომელთა პირველმა თაობებმა ცხოვრების ათწლეულები ამ ბინებში გაატარეს და იქვე გაიზარდნენ მათი შვილებიც.

ძველი თანამშრომლებიდან ზოგიერთი ახლაც ამ ბინებში ცხოვრობს. პირველი თაობის წარმომადგენელთა შვილები და შვილიშვილები დასახლებაში ხშირად ჩადიან და ახალ წელს თუ საზაფხულო არდადეგებსაც იქ ატარებენ.

თუმცა ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ ტერიტორიაზე შესვლა მეტად გართულდა. იქ მცხოვრები თანამშრომლების ოჯახის წევრებმა კი არ იციან, ოდესმე კვლავ შეძლებენ თუ არა, დაუბრკოლებლად შევიდნენ ბინებში, რომლებთანაც მრავალი წელი და მოგონება აკავშირებთ.

აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე ბიძინა ჩარგეიშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს აქციის მონაწილეთა პრეტენზიებს.

„ეს მათი საკუთარი სახლები არ არის, ეს არის სახელმწიფო საკუთრება — ობსერვატორიის დროებითი საცხოვრებლები, სადაც უნდა ცხოვრობდნენ მეცნიერები. შესვლა რომ არ შეუძლიათ, ეს ტყუილია. ბრძანება გამოვიდა, წლის ბოლომდე ეძლეოდათ საშვები, თუ განცხადებას დაწერდნენ, ოღონდ არ წერენ ამ განცხადებას. რატომღაც, ახალ-ახალ მიზეზებს იგონებენ. ძირითადად ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ უნდათ, გახდნენ ამ სახელმწიფო ქონების მესაკუთრეები“,  — უთხრა ჩარგეიშვილმა ნეტგაზეთს.

მისივე თქმით, ობსერვატორიის ტერიტორიაზე შესვლას არც თანამშრომელთა ოჯახის წევრებს უშლიან.

“ საშვებს ვიძლევით ყოფილი თანამშრომლის შვილებზეც, შემდეგ მათ შეუძლიათ მათ ოჯახზეც დაწერონ განცხადება და მათაც, რა თქმა უნდა, ვაძლევთ საშუალებას, რომ შეიყვანონ ისინი. მაგრამ არ წერენ განცხადებას. მათ აქვთ მიზნად, რომ მეტი ხმაური გამოიწვიონ და ამით თითქოს აჩვენონ ის, რომ პრობლემაა და ეს სახელმწიფო ქონება გადავიდეს მათ საკუთრებაში. ამით უნდათ, რომ დაისაკუთრონ ობსერვატორიის ქონება, რაც გამოიწვევს ობსერვატორიის სამეცნიერო მიმართულების დასრულებას”, – ბიძინა ჩარგეიშვილი. 

მიუხედავად იმისა, რომ ობსერვატორიის მოქმედი მენეჯმენტი უარყოფს ობსერვატორიის ბინებში მცხოვრებთა ოჯახებისთვის შეზღუდვების დაწესებას, ფაქტია — მათთვის იქ შესვლა 2020 წლიდან გართულდა, პრობლემა კი საბოლოოდ გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი