ახალი ამბები

თანამშრომლები აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე ოჯახის წევრთა შეშვებას ითხოვენ

21 ივნისი, 2023 • 857
თანამშრომლები აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე ოჯახის წევრთა შეშვებას ითხოვენ

აბასთუმნის ობსერვატორიის მოქმედი თანამშრომლები ობსერვატორიის დირექტორ რევაზ ჭანიშვილს განცხადებით მიმართავენ და 10 მაისის ბრძანების დაუყოვნებლივ გაუქმებას სთხოვენ.

აღნიშნული ბრძანებით აბასთუმნის ობსერვატორიის მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების ოჯახების წევრებს იქვე მდებარე საცხოვრებელ ბინებში შესვლის უფლება შეზღუდული აქვთ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოტივით.

„ჩვენ, ობსერვატორიის თანამშრომლებმა, ვინც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს ობსერვატორიაში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს, კარგად ვიცით, რომ მიმდინარეობს მხოლოდ ტელესკოპ AZT-11-ის და მიმდებარე სასადილოს რეაბილიტაცია. შემდგომში კი, თქვენივე ბრძანების მიხედვით, იგეგმება ღობისა და ჭიშკრის მოწყობა. წარმოებული სამუშაოები შორს არის თქვენ მიერ არაერთხელ ნახსენები „მასშტაბური“ სარეაბილიტაციო პროცესისგან.

ამასთან, სარეაბილიტაციო სამუშაოების არეალი საკმაოდ მოშორებულია სავალ გზებსა და საცხოვრებელ სახლებს, ხოლო სარემონტო ნაწილი შემოსაზღვრულია და დაცულია უსაფრთხოების ღობეებითა და გამაფრთხილებელი ნიშნებით. რეაბილიტაციის მიუხედავად, დღეს ობსერვატორიაში მყოფ არცერთ თანამშრომელს არ გვექმნება საფრთხე ობსერვატორიის ტერიტორიაზე ყოველდღიური გადაადგილებისას, ისევე, როგორც ეს არ მოხდებოდა ობსერვატორიის ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა პირის ყოფნის შემთხვევაში“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერები დირექტორს შეახსენებენ, რომ ნებისმიერ ქალაქსა თუ დასახლებაში მრავლად მოიძებნება მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ეს არსად გამხდარა მთლიან დასახლებულ ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვის საფუძველი, მით უმეტეს, არსად მომხდარა ამ მიზეზით ოჯახის წევრების ერთმანეთისგან მოშორება.

„გაუგებარია, რას ემსახურება აკრძალვები და რა მიზანს ისახავს ის. თითოეულ ჩვენგანს — თანამშრომლებს, პენსიაზე გასულ და ყოფილ თანამშრომლებს — უდიდესი შრომა გვაქვს ჩადებული აბასთუმნის ობსერვატორიის შენებასა და დღემდე მის ფუნქციონირებაში. ჩვენ ინტერესებში არ შედის ის უმწვავესი რეზონანსი, რომელიც თქვენ მიერ გამოცემულ ბრძანებას მოჰყვა, ვინაიდან ეს ლახავს ობსერვატორიის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო დაწესებულებების, რეპუტაციას, რომელსაც ერთად ათწლეულებია ვაშენებთ.

უმორჩილესად გთხოვთ, დაუყოვნებლივ გააუქმოთ თქვენი #01-01/04 ბრძანება და დართოთ ნება ობსერვატორიაში, ყანობილის მთაზე, მცხოვრები თანამშრომლების ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, ასევე ობსერვატორიის თბილისის ოფისში მომუშავე თანამშრომლებს, ვინც მართლზომიერად ფლობენ ბინებს ობსერვატორიაში, ასევე მათი ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, შეზღუდვის გარეშე შევიდნენ ყანობილის მთის ტერიტორიაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლებმა ზემოაღნიშული განცხადება დღეს, 21 ივნისს, ობსერვატორიის თბილისის ოფისში შეიტანეს. შენობასთან შეკრებილები იყვნენ როგორც მოქმედი, ისე ყოფილი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები. განცხადების შეტანის შემდეგ დირექტორი ადგილზე მისულ ჟურნალისტებს შეხვდა, მოგვიანებით კი თანხმობა განაცხადა, ოფისთან შეკრებილთაგან 2 ადამიანს და მათ იურისტს შეხვედროდა.


აბასთუმნის ობსერვატორიის მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების ოჯახების წევრებს იქვე მდებარე საცხოვრებელ ბინებში შესვლის უფლება შეუზღუდეს. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მოტივით, თუმცა მანამდე, პანდემიის მიზეზით.

საუბარია საცხოვრებელ კორპუსებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში დაარსებული ობსერვატორიის ტერიტორიაზე დგას. დაწესებულების თანამშრომელთა პირველმა თაობებმა ცხოვრების ათწლეულები ამ ბინებში გაატარეს და იქვე გაიზარდნენ მათი შვილებიც.

ძველი თანამშრომლებიდან ზოგიერთი ახლაც ამ ბინებში ცხოვრობს. პირველი თაობების წარმომადგენელთა შვილები და შვილიშვილები დასახლებაში ხშირად ჩადიან და ახალ წელს თუ საზაფხულო არდადეგებსაც იქ ატარებენ.

თუმცა ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ ტერიტორიაზე შესვლა მეტად გართულდა. არათანამშრომელთა მიმართ მისი ხისტი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ოჯახებმა არ იციან, ოდესმე კვლავ შეძლებენ თუ არა, დაუბრკოლებლად შევიდნენ ბინებში, რომლებთანაც მრავალი წელი და მოგონება აკავშირებთ.

“ვითხოვთ, შეგვიშვან ბინებში” — რა ხდება აბასთუმნის ობსერვატორიის დასახლებაში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი