აბასთუმნის ობსერვატორიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების ოჯახების წევრებმა, რომელთაც იქვე მდებარე საცხოვრებელ ბინებში შესვლას უზღუდავენ, თბილისში აქცია გამართეს. ისინი განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, ვინაიდან ობსერვატორია სწორედ ამ უწყებას ექვემდებარება.
აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან მიიტანეს პლაკატები, წარწერებით “ადამიანის ღირსება და უფლებები უზენაესია!”, “ობსერვატორია უკეთეს დირექტორის იმსახურებს!”‘ და “ვითხოვთ შეხვედრას მინისტრთან!”
საუბარია საცხოვრებელ კორპუსებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში დაარსებული ობსერვატორიის ტერიტორიაზე დგას. დაწესებულების თანამშრომელთა პირველმა თაობებმა ცხოვრების ათწლეულები ამ ბინებში გაატარეს და იქვე გაიზარდნენ მათი შვილებიც.
ძველი თანამშრომლებიდან ზოგიერთი ახლაც ამ ბინებში ცხოვრობს, მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრები კი გასულ წლებში ხშირად ჩადიოდნენ იქ და გარკვეული ხნით ჩერდებოდნენ. თუმცა, ახალი დირექტორის, რეზო ჭანიშვილის დანიშვნის შემდეგ, მათი იქ შესვლა მეტად გართულდა. ის ცალსახად ეწინააღმდეგება არათანამშრომელი პირების ცხოვრებას ხსენებულ ბინებში.
“ვთხოვთ ბატონ მინისტრს, რომ შეგხვდეს მოქალაქეთა ჯგუფს (მათ წარმომადგენლებს), რათა განვიხილოთ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან დაკავშირებული პრობლემები”, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მოქალაქეთა ჯგუფმა სამინისტროში 17 ივლისს შეიტანა.
ბინებში შესვლის შეზღუდვები ოჯახებს 2020 წელს, პანდემიის კრიზისისა და თანმდევი რეგულაციების ფონზე დაუწესეს. თუმცა მიმდინარე წლის მაისიდან დირექტორი ჭანიშვილი ხსენებული შეზღუდვების ახალ მიზეზს ასახელებს, კერძოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ერთ-ერთ ტელესკოპზე.
მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების ოჯახების წევრები დირექტორის არგუმენტს არ იზიარებენ, აღნიშნავენ რა, რომ ხსენებული ტელესკოპი კორპუსებიდან მოშორებით მდებარეობს. შესაბამისად, ოჯახების თქმით, სამუშაოები საფრთხეს არ შეუქმნით და არც მათი იქ ყოფნა შეუშლის ხელს რეაბილიტაციის პროცესს.
ამჟამინდელი გეგმით, სამუშაოები წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს. ამის შემდეგ, დირექტორის თქმით, აღდგება რეჟიმი, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, კორონავირუსის დროს მოქმედებდა — ანუ, ადამიანების დაშვება შეზღუდული რაოდენობით. მისი თქმით, ასე იქნება მანამ, სანამ ბინების საკუთრების საკითხი არ გადაწყდება.
ამჟამად აბასთუმნის ობსერვატორია განათლების სამინისტროს ექვემდებარება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს. რაც შეეხება იქვე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, ისინი სახელმწიფოს საკუთრებაშია და ობსერვატორიას უვადო სარგებლობაში აქვს გადაცემული.
გარეკანის ფოტო: ფორმულა ტვ
ვრცლად ამ თემაზე:
“ვითხოვთ, შეგვიშვან ბინებში” — რა ხდება აბასთუმნის ობსერვატორიის დასახლებაში