ახალი ამბები

აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მცხოვრებებმა აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან გამართეს

29 თებერვალი, 2024 • 1357
აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მცხოვრებებმა აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან გამართეს

აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა დღეს, 29 თებერვალს, მორიგი აქცია გამართეს. ამჯერად ისინი  ეკონომიკის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებლებში ცხოვრებასთან დაკავშირებით.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე თეონა ტოროშელიძე ამბობს, რომ 16 თებერვალს მათ შეიტანეს წერილი პრემიერ- მინისტრის სახელზე, ხოლო რამდენიმე დღეში გადაიგზავნა სხვადასხვა უწყებებში.

“ამ უწყებებიდან ერთ-ერთი სწორედ ეკონომიკის სამინისტროა. ვითხოვთ შეხვედრას ეკონომიკის მინისტრთან ობსერვატორიის ტერიტორიაზე ჩვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით. მათ შორის, წერილი გაიგზავნა ადიგენის რაიონის საკრებულოში, რომელსაც ეკუთვნის ტერიტორია. 

ამ ეტაპზე ვაპროტესტებთ ობსერვატორიის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას, სადაც არის ჩვენი საცხოვრებელი ბინები, რომლებიც დაკეტილია ამ ეტაპზე, იქ არის ჩვენი პირადი ნივთებიც” ,- ამბობს თეონა ტოროშელიძე. 

მისი თქმით, ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი მუდმივი საცხოვრებელია, აბრალებენ, თითქოს იქაურობას აგარაკებად იყენებენ.

“უმრავლესობა იქ დაბადებულები და გაზრდილები ვართ. ჯერჯერობით მთავრობა არაფერს გვეუბნება ტერიტორიისა და საცხოვრებლების დაცლაზე, ეს არის ობსერვატორიის ადმინისტრაციის ახირება. ამის გარკვევას ვცდილობთ და იმედია, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება”, – აღნიშნავს თეონა ტოროშელიძე. 

ნეტგაზეთი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა პასუხის მიღებას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურისგან, თუმცა, უშედეგოდ. პასუხის მიღების შემთხვევაში ნიუსი აქვე განახლდება.


აბასთუმნის ობსერვატორიის  თანამშრომლებმა და მათი ოჯახის წევრებმა აქცია 15 თებერვალსაც გამართეს. ისინი პროტესტის მთავარ მიზეზად ასახელებდნენ იმ ფაქტს, რომ თავად და თავიანთი ოჯახის წევრებს აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე, საკუთარ საცხოვრებლებში არ უშვებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ოჯახის უახლოეს წევრებს სახლში შესვლა არ შეუძლიათ და დაყოფილი არიან კატეგორიებად, იქ შესაღწევად კი უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა.

როგორც ისინი ამბობდნენ, შეზღუდვის თავდაპირველი საბაბი „მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები“ იყო, რომელიც 2023 წლის მაისში დაიწყო და მხოლოდ და მხოლოდ სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ბინებში შესვლა თავდაპირველად პანდემიის, შემდგომ კი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საფუძვლით შეუზღუდეს.

საუბარია საცხოვრებელ კორპუსებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში დაარსებული ობსერვატორიის ტერიტორიაზე დგას. დაწესებულების თანამშრომელთა პირველმა თაობებმა ცხოვრების ათწლეულები ამ ბინებში გაატარეს და იქვე გაიზარდნენ მათი შვილებიც.

ძველი თანამშრომლებიდან ზოგიერთი ახლაც ამ ბინებში ცხოვრობს. პირველი თაობის წარმომადგენელთა შვილები და შვილიშვილები დასახლებაში ხშირად ჩადიან და ახალ წელს თუ საზაფხულო არდადეგებსაც იქ ატარებენ.

თუმცა ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ ტერიტორიაზე შესვლა მეტად გართულდა. იქ მცხოვრები თანამშრომლების ოჯახის წევრებმა კი არ იციან, ოდესმე კვლავ შეძლებენ თუ არა, დაუბრკოლებლად შევიდნენ ბინებში, რომლებთანაც მრავალი წელი და მოგონება აკავშირებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ობსერვატორიის მოქმედი მენეჯმენტი უარყოფს ობსერვატორიის ბინებში მცხოვრებთა ოჯახებისთვის შეზღუდვების დაწესებას, ფაქტია — მათთვის იქ შესვლა 2020 წლიდან გართულდა, პრობლემა კი საბოლოოდ გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის.

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი