ირმა ინაშვილი საპატრიარქოს მოწოდებას ეთანხმება, სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, სადაც სტალინიც არის გამოსახული, ცვლილებები შეიტანონ
“სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!” – წერს პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.
საპატრიარქოს მოთხოვნამდე ინაშვილი ამბობდა, რომ სტალინის შეცვლა ხატზე შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ მორწმუნეთა მოთხოვნით.
“თუ ჩვენ, მორწმუნე საზოგადოებას, ხატზე სტალინის ფიგურა არ მოგვწონს, ვუთხრათ ეს მშვიდად ერთმანეთს, მივმართოთ ხატმწერს და სტალინის ფიგურას იმ ავადმყოფის ფიგურით ჩაანაცვლებს, რომელიც წმინდა მატრონამ კიბოსგან განკურნა, მაგრამ ეს ჩვენი კეთილი აზრით და სურვილით უნდა გავაკეთოთ”, – წერდა ინაშვილი ცოტა ხნით ადრე.
მატრონა მოსკოველის ხატზე ინფორმაცია, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული 7 იანვარს გავრცელდა. სასულიერო პირების განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ხატი სამების ტაძარშია. მოგვიანებით, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ტაძარს ხატი მან შესწირა. იგივე განმარტება განმარტება გაავრცელა საპატრიარქომაც. როგორც საპატრიარქო, ისე პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიიჩნევენ, რომ ის დისკუსია, რაც საზოგადოებაში ხატზე სტალინის გამოსახვას მოჰყვა, მიზანმიმართული აქტია, რომ “შობის სიხარული წაართვან ხალხს”. მათი შეფასებით, სტალინის ხატზე გამოსახვა არც დანაშაულია და არც ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელი.