ახალი ამბები

მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით მე და ჩემს ოჯახს – პეტრე კოლხი

13 თებერვალი, 2024 • 2118
მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით მე და ჩემს ოჯახს – პეტრე კოლხი

დეკანოზ პეტრე კოლხის განცხადებით, მას და მის ოჯახს ერთ-ერთი პარტიის მხარდამჭერები ლიკვიდაციით ემუქრებიან. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

პეტრე კოლხის თქმით, მის მიმართ განწყობები განსაკუთრებით სტალინის გამოსახულებიან მატრონა მოსკოველის ხატზე გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ გამწვავდა. თუმცა სასულიერო პირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისინი, ვინც მას ემუქრებიან, „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები არ არიან. ამასთან, დეკანოზმა არც უარყო და არც დაადასტურა ჟურნალისტის კითხვა, ემუქრებიან თუ არა მას პრორუსული ძალადობრივი ალტ-ინფოს წარმომადგენლები.

„მატრონა მოსკოველის ხატმა გამოავლინა იმ ადამიანების მიმოწერები ერთ-ერთ სასულიერო პირთან, რომლებიც მე მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით, არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს შვილებს და ოჯახს. ეს ადამიანები არიან ერთ-ერთი პარტიის მიმდევრები. არ მინდა დასახელება. ალბათ, ხვდებით“, – განაცხადა პეტრე კოლხმა.

დღეს, 13 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისია დეკანოზ პეტრე კოლხისთვის (კვარაცხელია) მღვდელმსახურების დროებით შეჩერებას ითხოვს. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე.

როგორ პეტრე კოლხი ამბობს, ის ამჟამად ინგლისში იმყოფება. თუმცა, როცა ქვეყანაში დაბრუნდება, მზადაა, რომ სინოდალურ კომისიას შეხვდეს. მისი თქმით, თავადაც აინტერესებს, კონკრეტულად მის რომელ განცხადებაზე აქვთ განსაკუთრებული რეაქცია.

„როდესაც ერთ-ერთ მამაოს მაგალითისთვის ვკითხე, რომელი კონკრეტული განცადების გამო იყო [რეაქცია], თუ არ ვცდები, ერთი იყო შობასთან დაკავშირებით. მე ძალიან ლირიკული გადახვევით განვაცხადე, როგორი უკუღმართები ვართ, რომ 7 იანვარს ვგალობთ 25-სა დეკემბერსა-მეთქი. ეს აბსოლუტურად ლირიკული გადახვევა იყო და ამ განცხადებასთან მიმართებით არ ვყოფილვარ კატეგორიული და პრინციპული, ისე როგორც სხვა განცხადებებთან და მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით. ყოველთვის მაქვს ჩემი პოზიცია და შეიძლება ეს ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ჩვენ განსხვავებული აზრის მოსმენა უნდა შეგვეძლოს.“, – განაცხადა პეტრე კოლხმა.

როგორც პეტრე კოლხი ამბობს, ეკლესიის წიაღში ბევრი უზუსტობა, უსამართლობა და გაურკვევლობა მოხდა, რის გამოც მას გული ძალიან ეტკინა, თუმცა ამ ეტაპზე „იმის მეოთხედსაც არ საუბრობს, რაც უნდა ისაუბროს“.

„ამ ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა, რაზეც მე იქ აუცილებლად ვისაუბრებ. ბევრი უზუსტობა, უსამართლობა და გაურკვევლობა მოხდა ეკლესიის წიაღში, რაზეც მე ძალიან მეტკინა გული. ვიღაცის მიმოწერები და სქრინები გამომიგზავნეს… ვიღაცა ვიღაცას პირობას აძლევდა, რომ ჩემნაირ, ეკლესიისთვის შეუფერებელ სასულიერო პირს განკვეთავდნენ[…]

მე არსად დავიკარგები. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პეტრე დაისჯება და სადღაც ჩრდილში აღმოჩნდება, პირიქით… ალბათ, პეტრეს სათანადოდ არ აფასებენ და არ იცნობენ. გავჩუმდები კი არა, პირიქით, უფრო მეტად ვისაუბრებ იმ ყველაფერზე, რაზეც სწორედ პატრიარქის სიყვარულის და სინოდის წევრების პატივისცემის გამო ჩუმად ვიყავი. მე თუ გადავწყვიტე, რომ ეკლესიიდან წავიდე, არა იმისთვის, რომ ჩუმად ვიყო, არამედ იმისთვის, რომ ვიბრძოლო ბოროტებაზე და უღმერთობაზე გამარჯვებისთვის“, – განაცხადა პეტრე კოლხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი