ახალი ამბები

ზურაბ გურიელიძე ზოოპარკის მეზობლებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ პიროტექნიკა

21 დეკემბერი, 2023 • 3070
ზურაბ გურიელიძე ზოოპარკის მეზობლებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ პიროტექნიკა

თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და ზოოპარკის მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს მოუწოდა, არ გამოიყენონ პიროტექნიკა.

მისი თქმით, ახალი წლის დღეებამდე განსაკუთრებით ემზადებიან და ცხოველებს ანტისტრესულ მედიკამენტებს აძლევენ. თუმცა გურიელიძე განმარტავს, რომ ეს მხოლოდ მცირედით უმსუბუქებს ცხოველებს იმ სტრესს, რაც პიროტექნიკის ხმაურისა და განათებების შედეგად ადგებათ.

“ჩვენ ვთხოვთ ძირითადად ჩვენს მეზობლებს, რომ არ გამოიყენონ პიროტექნიკური საშუალებები. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ზოოპარკია. თუ დაშორებულია და ახლოს არ იქნება, ეს გაცილებით უფრო ნაკლები პრობლემაა ზოოპარკისთვის, თუმცა პრობლემა რჩება იმ ცხოველებისთვის, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ, მათ შორის, მიუსაფარი თუ გარეული ცხოველები”, – ამბობს გურიელიძე.

გურიელიძე განმარტავს, რომ პიროტექნიკა ცხოველებში სროლის ასოციაციას იწვევს, რისიც მათ განსაკუთრებით ეშინიათ. მისი თქმით, ცხოველებს შიშზე სხვადასხვანაირი რეაქცია აქვთ – ზოგი სტრესისგან ირინდება და იმალება, ზოგი კი უკონტროლო სირბილს იწყებს ვოლიერებში.

“ასეთი მოულოდნელი უცაბედი ხმაური, რომელსაც განათება სდევს თან, ცხოველებისთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი და, შესაბამისად, დიდი საფრთხის შემცველი. რაც შეეხება ქცევის შეცვლას, სხვადასხვანაირია, ცხოველზე არის დამოკიდებული. ზოგ შემთხვევაში ისინი განაბულები არიან ხოლმე, დამალულები, ზოგი ცხოველი იწყებს სირბილს ვოლიერში გარკვეული მიმართულების გარეშე. რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით სახიფათო ჩლიქოსნები – დიდი ზომის ცხოველები არიან, წონა საკმაოდ დიდი აქვთ და ამიტომ მათ თუ მიმართეს ასეთ აქტივობას, შეიძლება ყველაფერი გადაჯეგონ. ძალიან ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე ზიანდება ხოლმე ცხოველი, შეიძლება დაიღუპოს კიდეც”, – ამბობს გურიელიძე.

მისი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისის ზოოპარკში ორი ცხოველი დაიღუპა ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენების გამო – ერთს შიშისგან გული გაუსკდა, მეორე კი სხვა შეშინებული ცხოველების უკონტროლო სირბილისას გადაიჯეგა.

გურიელიძის თქმით, ის ცხოველები, რომლებიც შიშის დროს ჩუმდებიან და იმალებიან, ძალიან დიდ სტრესს განიცდიან, რომლის შედეგები შესაძლოა არა მყისიერად, არამედ რამდენიმე დღის შემდეგ გამოვლინდეს.

რაც შეეხება პიროტექნიკის აკრძალვას, გურიელიძე ფიქრობს, რომ გარკვეული რეგულაციები საჭიროა, თუმცა ამაზე შესაბამისის სფეროს პროფესიონალებმა უნდა იზრუნონ.

“მე ამ დარგის სპეციალისტ არ გახლავართ, მე ვიცი, რა გავლენას ახდენს ცხოველებზე, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან. თუმცა პრობლემა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მარტო ამით არ შემოიფარგლება. ალბათ, გარკვეული რეგულირება საჭიროა. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი ადგილებიდან, როგორიც არის, მაგალითად, ზოოპარკი, რაღაცა რადიუსით უნდა აიკრძალოს [პიროტექნიკის] გამოყენება”, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი