ახალი ამბები

პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

3 დეკემბერი, 2023 •
პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორი, რომელსაც ხელს ამ დროისთვის 14 000-ზე მეტი ადამიანი აწერს, ორგანიზაცია Animal Project-ია.

პეტიციის ავტორები მიმართავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს და პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვენ.

პეტიციის ავტორები აღნიშნავენ, რომ პიროტექნიკის გამოყენება სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რასაც მათი თქმით, ადასტურებს გასული წლების სტატისტიკა.

კერძოდ, მათ განცხადებით, 2023 წელს მხოლოდ იანვრის თვეში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 87 პირი დაშავდა, მათ შორის 19 არასრულწლოვანი, აგრეთვე დაფიქსირდა კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებიც:

„გარდა აღნიშნულისა, პიროტექნიკის და ერთჯერადი ასაფეთქებლების გამოყენება ზიანს აყენებს და ხშირად სიკვდილამდეც კი მიჰყავს ცხოველები და ფრინველები. საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ზიანდებიან მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც თავშესაფრის გარეშე არიან ღია ცის ქვეშ. ამ დროს, იმატებს შინაური ცხოველების დაკარგვის ფაქტებიც.

საქართველოში პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და მოხმარება ფაქტობრივად არ კონტროლდება. საგანგაშოა, რომ ქვეყანაში არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე. უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების დროს მოქალაქეების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები“ — აცხადებენ პეტიციის ავტორები.

პეტიციის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ახლოვდება ახალი წლის დღესასწაული და ტრადიციულად გამოჩნდა დახლებზე არაერთი პიროტექნიკული მოწყობილობა. მიუხედავად დაპირებისა, ხელისუფლებას კვლავ არ განუხორციელებია ქმედითი ნაბიჯი პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ავტორები აღნიშნავენ, რომ 2023 წლის 28 მარტს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ იქნა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და გამოყენება მკაცრი რეგულაციების ქვეშ ექცეოდა. თუმცა, მათი თქმით, პროექტი ჯერაც არ არის განხილული პარლამენტის მიერ:

„ვინაიდან, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება პიროტექნიკის მოხმარება და იმატებს შესაძლო ნეგატიური შედეგის რისკები, საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს პარლამენტისგან მოვითხოვთ:

ვთხოვთ და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ის უდიდესი ზიანი, რომელსაც ადამიანებს, ცხოველებსა და გარემოს აყენებს პიროტექნიკის უკონტროლო გამოყენება და უმოკლეს ვადებში დაიწყოს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/305/10) კანონპროექტების განხილვა, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც გარდაუვალია საახალწლო პერიოდში“ — აცხადებენ პეტიციის ავტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი