ახალი ამბები

2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება – ბითაძე

5 მარტი, 2024 • 1250
2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება – ბითაძე

4 მარტს პარლამენტში „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დაიწყო.

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანონპროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ წარადგინა.

როგორც ბითაძემ განაცხადა, კანონპროექტის ირგვლივ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა.

მისი თქმით, 2 წელიწადში სავალდებულო იქნება, რომ ადამიანმა ცხოველის ყიდვის შემთხვევაში შესაბამის სწავლება გაიაროს.

„დღეს ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო კარგი კინოლოგია… მე არ მაქვს პრეტენზია, რომ კინოლოგი ვარ. მე ვარ ერთი ადამიანი, რომლის ძაღლიც თავის დროზე არასწორად გაწვრთნეს და დღეს მე პრობლემები მაქვს ძალიან დიდი.

შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა. ვფიქრობთ, რომ კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს, რომელიც მისცემს ჩვენს კეთილსინდისიერ კინოლოგებსა და ფერინოლოგებს იმის საშუალებას, რომ ის ტრენინგ-კურსები, რომლებსაც ახლაც ახორციელებენ, მოაქციონ სერტიფიცირების ერთიან სისტემაში, აიმაღლონ თავიანთი სტატუსი.

ჩვენთვის, ყველასთვის, 2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს და როგორ ვეცადოთ, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული. იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია შპიციც კი აგრესიული გავხადოთ, თუ არასათანადოდ გავზრდით. ეს შესაძლებელია მივამგვანოთ ადამიანს, რომელიც ისეთი იზრდება, რა პირობებშიც გაზრდიან“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ამასთან, მაია ბითაძის თქმით, კანონპროექტით დაზუსტდება, სად არ არის ღია სივრცეში მიუსაფარი ცხოველის მიკედლება შესაძლებელი.

„მიკედლების აკრძალვა დავტოვეთ მხოლოდ სკოლების, დაწესებულებების შიდა ტერიტორიებზე. თუმცა ამ მუხლთან დაკავშირებით სივრცე გვაქვს, მეორე მოსმენამდე ვიმსჯელოთ. ასევე, ეს საკითხი ებმოდა თბილისურ ეზოში მიკედლების აკრძალვას, ამასთან დაკავშირებითაც, სამართლებრივად, კომიტეტებთან ერთად ვიმსჯელებთ, რომ არ არის აუცილებელი ამის დაკონკრეტება ერთი მარტივი მიზეზის გამო – სადარბაზოები და თბილისური ეზოები არის თანასაკუთრება. ვისაც სურს და არ სურს ძაღლის მიკედლება, თუ ერთობლივი თანხმობა არ იქნება, ეს საკითხები მოქმედი კანონმდებლობითაც რეგულირდება ჩვეულებრივად, სამოქალაქო კოდექსით. ასე რომ, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია თბილისური ეზოს საკითხიც დარეგულირდეს“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, ევთანაზია, რომელიც ცოფთან არის დაკავშირებული, პრაქტიკაში როგორც ხდებოდა, ისე გაგრძელდება. მისივე თქმით, ევთანაზიის საფუძველი შეიძლება ასევე იყოს კინოლოგისა და ვეტერინარის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ ძაღლი არც დამამშვიდებლისა და არც ქცევის კორექციის შედეგად არ ექვემდებარება დამშვიდებას.

„ევთანაზიის მუხლი ეყრდნობა მთლიანად მთავრობის დადგენილებას. მინდა ხაზგასმით ვთქვა, საეჭვო შემთხვევა არ არის ის, რომ მაია ბითაძეს მოეჩვენება, რომ ძაღლი ცოფიანია, საეჭვო შემთხვევა კანონმდებლობით დასტურდება. ვეტერინარები დაადასტურებენ, რომ ცოფი არის საშიში დაავადება, რომელიც 100-დან 100%-ით სიკვდილიანობით სრულდება. იმ შემთხვევაში, თუ მიმკედლებელი ან მეპატრონე არ განახორციელებს საკუთარ ძაღლზე მეთვალყურეობას, ვიცით, რომ კარანტინის ვადა 1 წელია, ამ შემთხვევაში ძაღლი დაექვემდებარება ევთანაზიას. მოქმედი კანონმდებლობა ევთანაზიასთან მიმართებით ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ეს არის ევროკავშირის სახელმწიფოებში“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

გარდა ამისა, მაია ბითაძემ დაასახელა ის პირობებიც, რა შემთხვევაშიც ადამიანს მომეტებული საფრთხის შემცველი ძაღლის ყოლა არ შეეძლება.

„ვის არ შეიძლება ჰყავდეს ძაღლი, რომელიც პოტენციურად მომეტებული საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს – ვფიქრობთ, ეს უფლება შეიძლება შეეზღუდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალადობრივი დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი და ნასამართლობა არ აქვთ გაქარწყლებული და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები, რაც ფურცლით დასტურდება”. – განაცხადა მაია ბითაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი