ახალი ამბები

პიროტექნიკის შეზღუდვაზე კანონპროექტს დავაინიცირებთ, „ლელოსას“ მხარს არ დავუჭერთ – კობახიძე

12 დეკემბერი, 2023 • 1329
პიროტექნიკის შეზღუდვაზე კანონპროექტს დავაინიცირებთ, „ლელოსას“ მხარს არ დავუჭერთ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენების მკაცრ შეზღუდვას ემხრობა, თუმცა ამ საკითხზე „ლელოს“ კანონპროექტს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, პიროტექნიკის გამოყენების შეზღუდვაზე კანონპროექტს მმართველი პარტია თავად მოამზადებს და შესაძლოა პარლამენტში 2024 წლის თებერვალში შეიტანონ.

„მე ვიზიარებ პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი, მხარს დავუჭერდი ასეთი კანონის მიღებას და კოლეგებთან ერთად განვიხილავთ. „ლელო“ არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მის არც ერთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ. რაც შეეხება თემას, ამაზე მე მაქვს ჩემი პოზიცია, ვიცი, რომ ჩემს თანაგუნდელებსაც აქვთ მსგავსი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელსაც მხარს დავუჭერთ. „ლელოს“ კანონპროექტის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში არ შედის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და ოპოზიციონერი დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე წლის მარტში შეიტანეს. თუმცა 9 თვეა პარლამენტს მისი განხილვა არ დაუწყია.

მასალების გადაბეჭდვის წესი