„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი და ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი პარლამენტში აინიცირებენ კანონპოექტს პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ.
კანონპროექტი ითვალისწინებს პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის გამოყენების აკრძალვას; გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი, ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში, ხოლო სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.
დეპუტატების თქმით, დღეს ადამიანები პიროტექნიკას იყენებენ უკონტროლოდ, გართობის მიზნით, რასაც ხშირად მოსდევს ან მათი გარშემომყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დაზიანება, ან ზიანდება გარემო, მასობრივად იხოცება და სხვაგვარი ზიანი ადგებათ ფრინველებსა და ცხოველებს, ასევე, უმნიშვნელოვანესი პრობლემაა პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ხმაურიც.
კანონპროექტის მიღების შემდეგ პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები შესაბამისად დაჯარიმდებიან – 1000 და 5000 ლარით.
პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციული სახდელდადებული პიროტენიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, ისჯება სისხლის სამართლის წესით.
მედიასთან კანონპროექტის წარდგენისას დეპუტატებმა პიროტექტნიკის გამოყენების შედეგად დაზარალებულთა სტატისტიკაზეც ისაუბრეს, რომელიც მათ მიაწოდა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა. მათი თქმით, მარტო 2023 წლის იანვარში ცენტრს დახმარებისთვის მიმართა პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა მოქალაქემ, აქედან 18 წლამდე ასაკის იყო 19 პირი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 41 შემთხვევაში.
კანონპროექტის ავტორების თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაიწყეს მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე.
მათი თქმით, კანონპროექტის მომზადებამდე ინიციატორებმა შეისწავლეს დღეს არსებული რეგულაციების აღსრულების მდგომარეობა, მათ შორის არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვის აკრძალვის საკითხი. პრაქტიკაზე დაკვირვებამ და ოფიციალური უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოკვლევამ აჩვენა, რომ არსებული რეგულაციები პრაქტიკულად არ სრულდება.
მათივე განცხადებით, ინიციატორებმა ასევე კონსულტაციები გაიარეს გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და შეისწავლეს სხვადასხვა სახელმწიფოს პრაქტიკა პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით.