თბილისის ზოოპარკის განცხადებით, სოფელ იფნარის ტყეში ხეზე მიბმული დათვი, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, თბილისის ზოოპარკში, ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ზოოპარკის განცხადებით, დათვი საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება:
„ღამით გორის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და დათვის გადმოყვანასთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვეს. ჩვენი ვეტექიმი მათთან ერთად გაემგზავრა გორის რაიონის სოფელ იფნარის მიმდებარე ტყეში, დათვი დააძინა და ამჟამად ცხოველი უკვე ჩვენთანაა, ახალი ზოოპარკის საკარანტინო სივრცეში.
ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება, ამასთან ერთად, ძალიან დასტრესილი და შეშინებულია. ვეტექიმებმა ჭრილობა დაუმუშავეს და შესაბამისი პრეპარატებიც მისცეს. ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშაა და სამომავლო მკურნალობის კურსიც განსაზღვრული აქვს.
იმ საკითხს, თუ როგორ, საიდან და რა ვითარებაში მოხვდა ცხოველი იქ, სადაც ჩვენმა ვეტექიმმა პირველად ნახა და დააძინა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. დათვის მკურნალობას ზოოპარკში გავაგრძელებთ მის სრულ გამოჯანმრთელებამდე და რეაბილიტაციის შემდეგ ვიმოქმედებთ ცხოველის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, — ვკითხულობთ ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტყეში ჯაჭვით დაბმული დათვის ფოტო თავდაპირველად თამუნა გოგალაძემ გაავრცელა. როგორც Qartli.ge წერს, გოგალაძე ამბობდა, რომ დათვი, სავარაუდოდ, ბელობის ასაკში დააბეს, გაიზარდა და მარყუჟი ისე უჭერდა, კისრის არეში ჭრილობები აქვს.
გამოცემის ცნობით, გოგალაძემ გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ცხოველთა დამცველის ცნობით, გარემოს დამცველებმა დათვს მიაგნეს, თუმცა ვერ ეკარებოდნენ.
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს.