14 დეკემბერს “სილქნეტმა” განცხადება გაავრცელა, რომ პირველად საქართველოში კომპანია იწყებს 5G ტექნოლოგიის მიწოდებას. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ცნობილია, რომ 5G ტექნოლოგიის დანერგვისთვის გამოცხადებულ სალიცენზიო აუცქიონში კომპანიას მონაწილეობა არ მიუღია.
“14 დეკემბრიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში – თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე, აბონენტები მეხუთე თაობის ინტერნეტ სერვისს მიიღებენ. მომხმარებლებისთვის 5G მიწოდება ის გარდამტეხი ნაბიჯია, რომელიც მოამზადებს ნიადაგს მომავალი თაობის ტექნოლოგიური რეალობისთვის”, – ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.
კომპანიამ გაავრცელა გენერალური დირექტორის, დავით მამულაიშვილის ნათქვამიც იმის შესახებ, რომ “სილქნეტი” პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც აბონენტებს უკვე აწვდის 5G ინტერნეტს.
“დღეს მისი განვითარებისთვის ვდებთ ინვესტიციას და რესურსს, რომ სწორად და თანმიმდევრულად დაინერგოს მეხუთე თაობის სტანდარტი”, – განაცხადა “სილქნეტის” გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა, კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად.
კომუნიკაციების კომისიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ, არკვევენ და, შესაბამისად, მოგვიანებით გაავრცელებენ განცხადებას.
5G ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ ამავე თვეში, რამდენიმე დღის წინ, გააკეთა განცხადება კომპანია Cellfie-მ (ყოფილი “ბილაინი”) და დეკემბრის თვეში დააანონსა 5G ქსელის დანერგვა საქართველოში. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა BMG-ის ეთერით განაცხადა, რომ ფინურ კომპანია “ნოკიასთან” პარტნიორობით გეგმავს ქსელის დანერგვას და სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით, საწყის ეტაპზე მოიცავს საკურორტო ზონებსა და მსხვილ ქალაქებს.
ზაფხულში კომუნიკაციების კომისიის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ მეხუთე თაობის ინტერნეტის დანერგვაში მონაწილეობას მხოლოდ კომპანია Cellfie მიიღებდა.
მაშინ „კომკომმა“ განაცხადა, რომ „მაგთიკომსა“ და „სილქნეტზე“ ბაზრის 70% მოდის, თუმცა მათ უარი განაცხადეს აუქციონში მონაწილეობაზე.
ნეტგაზეთს დღეს კომპანია “სილქნეტში” უთხრეს, რომ 5G ტექნოლოგიას ნერგავენ იმ არსებულ სიხშირულ რესურსზე, რაზეც სილქნეტს უკვე გააჩნია ლიცენზია.
“2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით. მარეგულირებელმა განახორციელა მობილური სიხშირული ლიცენზიების მოდიფიცირება, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პირობით, ანუ ლიბერალიზაცია, რომლის ფარგლებშიც უფლება გვაქვს დავნერგოთ ნებისმიერი ის ტექნოლოგია, რომელიც არის სტანდარტიზებული და ჰარმონიზებული ევროკავშირის ფარგლებში”, – გვითხრეს “სილქნეტში”.
ამონარიდი კომუნიკაციების კომისიიდან, რაც “სილქნეტის” ამ განცხადების საფუძველია:
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად მართვისა და გამოყენების მიზნით, კომისია უზრუნველყოფს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციას „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანისა და ამავე რადიოსიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების გზით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, 472 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში ევროკომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად დანაწილებული გეგმის თანახმად გაცემული ლიცენზია ექვემდებარება მოდიფიცირებას შემდეგი პირობებით: ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის დანიშნულება მოდიფიცირებული უნდა იქნეს ისე, რომ ლიცენზიის მფლობელმა შეძლოს ამოწურვადი რესურსის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, ევროკომისიის გადაწყვეტილებებით ან/და დირექტივებით განსაზღვრული ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პირობების დაცვით ელექტრონული საკომუნიკაციო ავტორიზებული საქმიანობისათვის ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად გამოყენება”.
ამავე თემაზე:
5G-ის მხოლოდ „სელფი“ დანერგავს, რატომ თქვეს უარი „მაგთიმ“ და „სილქნეტმა“