ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი
სომხეთი და აზერბაიჯანი აგრძელებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. შეთანხმების ტექსტი, რომელიც მეექვსედ დარედაქტირდა, ამჟამად ბაქოშია. მისი შესწავლის შემდეგ აზერბაიჯანი უკან დაუბრუნებს დოკუმენტს მისთვის მისაღები პირობების გათვალისწინებით. ეს პროცესი კი იქამდე გაგრძელდება, სანამ მხარეები საბოლოოდ არ შეთნხმდებიან.
რაზე ვერ თანხმდებიან სომხეთი და აზერბაიჯანი, ვინ უშლის ხელს და ვინ ეხმარება პროცესს, ამის შესახებ ნეტგაზეთთან პოლიტოლოგი რობერტ ღევონდიანი საუბრობს.
ერევანი და ბაქო უმაღლეს დონეზე აცხადებენ, რომ მზად არიან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად. წელი იწურება და ამ დრომდე მშვიდობა ვერ დამყარდა. რა უშლის ხელს?
სამშვიდობო შეთანხმება ჯერ არ არის შეჯერებული. არსებობს პუნქტები, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ, და ამის შესახებ განცხადებებიც გაკეთდა, თუმცა დარჩენილია სადავო საკითხებიც. ამის მიუხედავად, უკვე შეთანხმებული პუნქტებიც არაფერს ნიშნავს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისი დარღვევა.
შეთანხმების შესაბამისად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ნიკოლ ფაშინიანმა 86,6 ათასი კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარა, მასში შედის მთიანი ყარაბაღიც. ამავე დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი საჯაროდ არ აცხადებს, რომ სომხეთის 29 840 კვ. კილომეტრის ტერიტორიას აღიარებს. ეს, რასაკვირველია, მოლაპარაკებათა პროცესში პრობლემებს ქმნის.
ეს არ არის შემთხვევითი. ამ ეტაპზე მშვიდობის დამყარება არ არის აზერბაიჯანის ინტერესებში. მიზეზი არის მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობა, როდესაც ბრძოლის ველი ხდება გადამწყვეტ მოედნად და ძლიერი მეტს იღებს, მოლაპარაკებები კი მეორე პლანზე გადადის. ასევე, ბაქოც მიიჩნევს, რომ მეტის მიღება შეუძლია და სამშვიდობო შეთანხმება მის ამბიციებს შეზღუდავს.
პროცესის შესაჩერებლად ისინი მუდმივად ახალ მიზეზებს ასახელებენ და მომავალშიც ასე იქნება. ზანგეზურის დერეფნის იდეა რამდენიმე თვის წინ იყო ჩაშვებული. როდესაც ნახეს, რომ საერთაშორისო საზოგადოება დადებითად არ არის განწყობილი იდეისადმი, უარი თქვეს ამაზე და ანკლავებზე დაიწყეს საუბარი. შემდეგ იმაზე, თუ სად და ვის მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი ეს დოკუმენტი.
სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამშვიდობო შეთანხმება არ შედგეს.
შუამავლების ხედვა რამდენად ემთხვევა ამ მოსაზრებას?
ისინი ამჩნევენ, რომ სწორედ ამიტომაა აზერბაიჯანი მოლაპარაკებათა რუსული პლატფორმის მხარდამჭერი. აზერბაიჯანისა დ რუსეთის ინტერესი ამ საკითხში თანახვედრაშია, არცერთ სურს საკითხის სწრაფი გადაჭრა და საბოლოო შეთანხმების მიღწევა. რუსეთს მშვენივრად ესმის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შემდეგ, ორივე გამოვა მისი კონტროლიდან. პუტინს არ უნდა გავლენის დაკარგვა, პირიქით – სურს, ეს გავლენა კიდევ უფრო გაზარდოს. აზერბაიჯანს ასევე სურს იმაზე მეტის მიღება, რაც დღეს აქვს. ამის გაკეთება კი რუსეთის შუამავლობითაა შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ, ალიევი რეგულარულად იწვევს სომხეთს რუსულ პლატფორმაზე რუსეთის შუამავლობით მოლაპარაკებებისთვის. სომხეთი უარს ამბობს ამ ფორმატზე, მეტიც, ОДКБ-სთან [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია] ურთიერთობაზეც უარს ამბობს. ამავე დროს, აზერბაიჯანი არ მონაწილეობს დასავლეთის მიერ ორგანიზებულ დიალოგში. ამ ეტაპზე სომხეთისა და დასავლეთის ინტერესები მშვიდობის დამყარების საკითხში ერთმანეთს ემთხვევა.
თუ მხარეები მომავალშიც უარს იტყვიან მათთვის არამოსაწონ პლატფორმებში მონაწილეობაზე, უკვე მიღწეულ შეთანხმებებს ემუქრება თუ არა საფრთხე?
სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სანამ დოკუმენტი ხელმოუწერელია, პროცესი მყიფეა და ნებისმიერი არასწორი ნაბიჯის შედეგად შეიძლება ჩავარდეს. მდგომარეობა რთულია. თუ აზერბაიჯანი არ დათანხმდება დასავლეთის შუამავლობას და სომხეთი აირჩევს რუსულ მოედანს, ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს მის დემოკრატიას, სუვერენიტეტესა და სახელმწიფოებრიობას.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ეუთოში გამოსვლისას ამბობდა, რომ ბაქო ყარაბაღით არ კმაყოფილდება და ახლა სომხეთის მთელ ტერიტორიას უმიზნებს. ასევე, რამდენიმე დღიწ წინ საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვით, პარიზი სომხეთს “ბასტიონის” ტიპის 24 ჯავშანტექნიკას გადასცემს. ამასთან, აღინიშნა, რომ არ უნდა განმეორდეს უკრაინის შემთხვევაში დაშვებული შეცდომა და საჭიროა, ოპერატიული რეაგირება სომხეთის ხელისუფლების მოთხოვნაზე შეიარაღებასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის შემდეგ აზერბაიჯანი სამხედრო ძალას კვლავ გამოიყენებს?
ჰიბრიდული ომი არ შეწყვეტილა, ისევ გრძელდება და მის შესაჩერებლად რეგიონული სამხედრო ბალანსის აღდგენაა საჭირო, რომლიც 2020 წლის 44- დღიანი ომის შემდეგ სომხეთის სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის გამო დაირღვა, რომელმაც არ მიაწოდა სამხედრო ტექნიკა სომხეთს. დასავლეთს კარგად ესმის ეს და ცდილობს ამ ბალანსის აღდგენას. საფრანგეთის სენატი ასევე სთავაზობს, რომ სომხეთს თავდასხმის შეიარაღება გადაეცეს, რაც, რასაკვირველია, აზერბაიჯანისთვის შემაკავებელი ფაქტორი გახდება.
შუამავლების პოზიციები დღეს უფრო ღიად არის გამოხატული, ვიდრე ოდესმე. რუსეთი აზერბაიჯანს უჭერს მხარს, საფრანგეთი ევროკავშირის სახელით – სომხეთს. შესაძლებელია, ორივე მხარემ უარი თქვას შუამავლებზე და დამოუკიდებლად, ორმხრივი მოლაპარაკებები წარმართოს?
არ არსებობს ნდობა, მხარეები ვერ ენდობიან ერთმანეთს ორმხრივ მოლაპარაკებებსა და შეთანხმებებში. შუამავლების გარეშე შეუძლებელი იქნება იმის გაგება, რეალურად რაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება. სომხეთი ერთს იტყვის, აზერბაიჯანი – მეორეს. შუამავლების გარეშე გაუგებარი იქნება, ვინ ტყუის. მხოლოდ მათ შეუძლიათ თქმა, რაზე იყო საუბარი, რას მიაღწიეს, რა სრულდება და რას არ ასრულებენ მხარეები.
სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარანტიების არსებობა, რადგან ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება. 2020 წლის 9 ნოემბერს, 44- დღიანი ომის შემდეგ, რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ამასთან, რუსეთის ფედერაციამ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, შეინარჩუნოს ლაჩინის დერეფანი ღიად. თუმცა აზერბაიჯანმა 9 თვით დახურა ის და ადამიანები ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩდნენ. ამიტომაც, სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი შუამავლების არსებობა, რომლებიც აღებულ ვალდებულებებს შეასრულებენ.
სხვათა შორის, საქართველოს უმაღლესი პირებისგანაც ისმის განცხადებები, რომ მზად არიან შუამავლის როლი მოირგონ. ოფიციალური თბილისი უარს ამბობს 3+3 ფორმატზე, ამის ნაცვლად საკუთარ მედიაციას სთავაზობს მხარეებს. პერსპექტიულად მიგაჩნიათ ეს წინადადება?
რუსეთისა და დასავლეთის ძალის ცენტრებს შორის ისეთი დაპირისპირება გაჩნდა, ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ეგვიპტე, ირანი სთავაზობს მხარეებს შუამავლობას. საქართველოს მხრიდან ეს გონიერი და დასაფასებელი ნაბიჯია, მეზობლებს დაეხმარონ. თუმცა თბილისს არ აქვს ისეთი გადამწყვეტი ხმა მოლაპარაკებების წარმართვისას. საქართველო, სამწუხაროდ, ვერ გახდება გარანტორი, მას არ აქვს არც სტატუსი და არც გავლენები მხარეებზე, აიძულოს შეასრულონ ვალდებულებები.
რუსეთმაც კი ვერ შეძლო შეეკავებინა აზერბაიჯანი და ლაჩინის დერეფანი არ ჩაეკეტა. არ სურდა, თუ ვერ შეძლო, ეს სხვა საკითხია, თუმცა რუსეთმა, როგორც გარანტმა, მარცხი განიცადა. მაქსიმუმ, რისი გაკეთებაც შეუძლია თბილისს ამ შემთხვევაში, ჩაკეტოს საზღვრები, რაც დარტყმას საქართველოს უფრო მიაყენებს, ვიდრე თავად აზერბაიჯანს.
ყველაზე დიდი გავლენის რესურსები აშშ-სა და ევროკავშირს აქვს.
და დასავლეთი იყენებს ამ ინსტრუმენტებს? ესეც არ ჩანს ცხადად.
სომხეთს მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა აქვს, აშშ და ევროკავშირი აზერბაიჯანთან დაგეგმილ ღონისძიებებს აუქმებენ.
სამხედრო დახმარება – ეს საფრანგეთის ცალკეული გადაწყვეტილებაა თუ შეიძლება ეს ევროკავშირზეც გავრცელდეს?
ევროკავშირის გარეშე, საფრანგეთი, როგორც ცალკეული ქვეყანა, ასეთ ნაბიჯს ვერ გადადგამდა. გარდა ამისა, არსებობს ცალკე ინტერესი შვედეთისა და ნიდერლანდების მხრიდან. სულ ახლახან დიდ ბრიტანეთთან ხელი მოეწერა უსაფრთხოების სფეროში დოკუმენტებს. მიმდინარეობს შეიარაღების შესყიდვის პროცესი ინდოეთთანაც, რომელიც ევროკავშირის პარტნიორია. სამხედრო შეიარაღების გარდა, ხორციელდება ბევრი პროგრამა და ასევე ზოგიერთი პროგრამა, რომელიც უკვე დამტკიცებულია ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის, უქმდება.
დასავლეთი ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებს. თუ აზერბაიჯანი გააგრძელებს საკუთარ დესტრუქციულ ქცევას, არაა გამორიცხული, რომ დასავლეთის რეაქცია უფრო ხისტი იქნება, მაგალითად, სომხეთისთვის მხოლოდ თავდაცვითი ტექნიკის მიწოდებით არ შემოიფარგლონ, რაზეც საუბარი იყო საფრანგეთის სენატის განცხადებაში. არაა გამორიცხული, მხოლოდ პროგრამების გაუქმებით არ შემოიფარგლონ და დააწესონ სანქციებიც ცალკეული აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების წინაააღმდეგ.
მიმდინარე მოლაპარაკებათა პირობებში საკმარისია სომხეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები?
ვფიქრობ, არსებობს საკითხები, სადაც სომხეთის დიპლომატია სწორ გზას ადგას, მაგალითად, უსაფრთხოების სექტორის დივერსიფიკაცია და დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება. ამასთან, არსებობს საკითხები, სადაც შიში დომინირებს – მაგალითად, ОДКБ-დან გამოსვლა, ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ენერგეტიკა. რუსეთი უკვე უქმნის სომხეთს პრობლემებს. ლარსი რეგულარულად იკეტება და ტვირთი საზღვარზე ყოვნდება. ბიზნესი იძულებული გახდება თებერვლიდან ტვირთის შეტანაზე სერტიფიკატები წარადგინოს, რისთვისაც სომხეთის ბაზარი მზად არაა. ჩვენ უკვე ვაწყდებით ამ შედეგებსა და გამოწვევებს, თუმცა სომხეთი ჯერ არც კი გასულა ОДКБ-დან.