ახალი ამბები

კერძო სკოლის მოსწავლეები საჯაროზე მაღალ შედეგებს აღწევენ — PISA

5 დეკემბერი, 2023 • 6773
კერძო სკოლის მოსწავლეები საჯაროზე მაღალ შედეგებს აღწევენ — PISA

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022-ს შედეგების მიხედვით, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და ფსიქომეტრიის ჯგუფმა მოამზადა, კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში (კერძო – 445, საჯარო – 384), ასევე კითხვასა (კერძო – 426, საჯარო – 369) და საბუნებისმეტყველო საგნებში (კერძო – 436, საჯარო – 379).

კვლევის შედეგების მიხედვით, სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, მათემატიკის სფეროში მაღალი მოსწრებით გამოირჩეოდნენ თბილისში მცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს (344 ქულა) აქვთ. მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც.

ამასთან, კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში 15 წლის ასაკის ბიჭები და გოგონები საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებენ მათემატიკის დავალებებს (გოგონა – 393 ქულა, ბიჭები – 387 ქულა), მაგრამ კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გოგონების უპირატესობა ბიჭებთან შედარებით 14 ქულაა.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით, 2000 წლიდან ტარდება. PISA ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამდივნოს, საერთაშორისო კონტრაქტორების, ექსპერტების, მონაწილე ქვეყნებისა და ეკონომიკების თანამშრომლობის შედეგია.

შეფასება შემუშავებულია ერთობლივად, შეთანხმებულია თითოეულ მონაწილე ქვეყანა/ეკონომიკასთან და ტარდება ეროვნული ცენტრების მიერ. საქართველოში შეფასებას სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. საქართველო PISA-ში 2009 წელს ჩაერთო, მომდევნო შეფასებები ჩატარდა 2015, 2018 და 2022 წლებში.

PISA-ს შეფასების მიზანია დაადგინოს, რამდენად შეიძინეს 15 წლის მოსწავლეებმა ის ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებაში სრულყოფილი მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში.

PISA-ს შეფასება 15 წლის მოსწავლეების მიერ ცოდნის რეპროდუცირების უნართან ერთად ზომავს, რამდენად კარგად შეუძლიათ მოსწავლეებს ნასწავლის ექსტრაპოლაცია და მისი გამოყენება უცნობ გარემოში, როგორც სკოლაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

15 წლის მოსწავლეთა 13% თავისი ცხოვრებით უკმაყოფილოა — PISA კვლევა
ქართველი მოსწავლეების შედეგები მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში გაუარესდა – PISA
15 წლის გოგონების 13 და ბიჭების 15% თვეში რამდენჯერმე გამხდარა ბულინგის მსხვერპლი — PISA

მასალების გადაბეჭდვის წესი