ახალი ამბები

15 წლის მოსწავლეთა 13% თავისი ცხოვრებით უკმაყოფილოა — PISA კვლევა

5 დეკემბერი, 2023 • 1168
15 წლის მოსწავლეთა 13% თავისი ცხოვრებით უკმაყოფილოა — PISA კვლევა

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022-ს შედეგების მიხედვით, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და ფსიქომეტრიის ჯგუფმა მოამზადა, საქართველოში 15 წლის მოსწავლეთა 13%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით.

დოკუმენტის მიხედვით, მათ, ვინც საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა, თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილება 10- ბალიან სკალაზე 0-დან 4-მდე ქულით შეაფასეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, რომ PISA-ს კვლევით, საქართველოს მოსწავლეების სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდა გაუმჯობესდა. კერძოდ, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს 15 წლის მოსწავლეების 79%-მა განაცხადა, რომ ისინი ადვილად იძენდნენ მეგობრებს სკოლაში და 51%-ში აღინიშნა სკოლისადმი მიკუთვნებულობის მაღალი განცდა.

ამავდროულად, კვლევის ავტორების თქმით, 14%-მა განაცხადა, რომ სკოლაში თავს მარტოსულად, ხოლო 13% თავს უცხოდ ან გარიყულად გრძნობდა.

PISA [მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა] ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ 15 წლის მოსწავლეები და ტესტს აბარებენ სამ კატეგორიაში –წაკითხულის გააზრება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. PISA-ს 2023 წლის კვლევაში 81-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

ამ თემაზე წაიკითხეთ: ქართველი მოსწავლეების შედეგები მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში გაუარესდა – PISA

მასალების გადაბეჭდვის წესი