ახალი ამბები

ხელვაჩაურში დირექტორმა მოსწავლე გოგოებს შარვლით სიარული აუკრძალა – ომბუდსმენი

5 მარტი, 2024 • 1389
ხელვაჩაურში დირექტორმა მოსწავლე გოგოებს შარვლით სიარული აუკრძალა – ომბუდსმენი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე მოსწავლე გოგონებს თეთრი ბლუზითა და შავი ქვედაბოლოთი სიარულს ავალდებულებდა, ხოლო შარვლით სიარული მხოლოდ ზამთრის პერიოდში იყო დაშვებული.

ამ საკითხზე ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მათ მიმართა ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმომადგენელმა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით ადმინისტრაციას არანაირი დირექტივა არ გაუცია და შეზღუდვა ზეპირსიტყვიერად დირექტორმა გაახმოვანა.

სახალხო დამცველის შეფასებაში წერია, რომ სკოლამ ვერ წარადგინა აკრძალვის გამამართლებელი არგუმენტი.

“საქმეში წარმოდგენილი მასალა მიუთითებს, რომ სკოლის მიერ მოწოდებული პოზიციები არის ურთიერთსაწინააღმდეგო – ერთი მხრივ, სკოლა აცხადებს, რომ მოსწავლეებისთვის მკაცრი მითითება არ ჰქონიათ ქვედაბოლოსა და თეთრი ზედატანის ტარების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, ადასტურებს, რომ სკოლის დირექტორის მითითებით, მოსწავლეებს მხოლოდ ზამთრის პერიოდში მიეცათ შარვლის ტარების უფლება.

მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რამდენადაც სკოლის დირექტორი თავად ადასტურებს, რომ გოგოებს შარვლის ტარების უფლება მხოლოდ ზამთარში აქვთ, სახალხო დამცველი დადგენილად მიიჩნევს, რომ გოგოებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს არაერთხელ ჰქონდათ დირექციასთან მოლაპარაკების მცდელობა, თუმცა, უშედეგოდ.

სახალხო დამცველი განცხადებაში განმარტავს, რომ მოსწავლეებს აქვთ უფლება ატარონ კაბა ან შარვალი და ეს გადაწყვეტილება მხოლოდ სკოლის თვითნებურ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა შეზღუდვის ამ ფორმით გენდერული სტერეოტიპების გაღვივების რისკზე, განსაკუთრებით, გოგონებსა და ქალებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველმა სკოლის დირექტორს მიმართა და მიუთითა,  არ დაუშვას არცერთი ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა სასკოლო უნიფორმასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს მოსწავლეების არჩევანის თავისუფლება და გაატაროს თანასწორობის პოლიტიკა სასწავლო სივრცეში.

იმის გასარკვევად, აპირებს თუ არა აღნიშნული განცხადების საფუძველზე ცვლილებების განხორციელებას, ნეტგაზეთი ახალსოფლის სკოლის დირექტორს დაუკავშირდა.

ტარიელ მიქელაძემ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი