ახალი ამბები

15 წლის გოგონების 13% და ბიჭების 15% თვეში რამდენჯერმე გამხდარა ბულინგის მსხვერპლი — PISA

5 დეკემბერი, 2023 • 1329
15 წლის გოგონების 13%  და ბიჭების 15% თვეში რამდენჯერმე გამხდარა ბულინგის მსხვერპლი — PISA

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022-ს შედეგების მიხედვით, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და ფსიქომეტრიის ჯგუფმა მოამზადა, საქართველოში 2018 წელთან შედარებით 2022 წელს შემცირდა ბულინგის სხვადასხვა ფორმებით გამოხატულება.

კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 15 წლის გოგონების 13%-მა და ბიჭების 15%-მა განაცხადა, რომ თვეში რამდენჯერმე მაინც გამხდარა ბულინგის მსხვერპლი.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით, 2000 წლიდან ტარდება. PISA ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამდივნოს, საერთაშორისო კონტრაქტორების, ექსპერტების, მონაწილე ქვეყნებისა და ეკონომიკების თანამშრომლობის შედეგია.

შეფასება შემუშავებულია ერთობლივად, შეთანხმებულია თითოეულ მონაწილე ქვეყანა/ეკონომიკასთან და ტარდება ეროვნული ცენტრების მიერ. საქართველოში შეფასებას სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. საქართველო PISA-ში 2009 წელს ჩაერთო, მომდევნო შეფასებები ჩატარდა 2015, 2018 და 2022 წლებში.

PISA-ს შეფასების მიზანია დაადგინოს, რამდენად შეიძინეს 15 წლის მოსწავლეებმა ის ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებაში სრულყოფილი მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში.

PISA-ს შეფასება 15 წლის მოსწავლეების მიერ ცოდნის რეპროდუცირების უნართან ერთად ზომავს, რამდენად კარგად შეუძლიათ მოსწავლეებს ნასწავლის ექსტრაპოლაცია და მისი გამოყენება უცნობ გარემოში, როგორც სკოლაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

15 წლის მოსწავლეთა 13% თავისი ცხოვრებით უკმაყოფილოა — PISA კვლევა
ქართველი მოსწავლეების შედეგები მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში გაუარესდა – PISA

მასალების გადაბეჭდვის წესი